2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7% შეადგინა. ინფლაციის უახლესი მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, რითაც დადასტურდა, რომ წელს ფასები ნავარაუდევზე უფრო მეტედ გაიზრდება და ამას უკვე ვეღარც ოფიციალური სტატისტიკა და ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მალავს.
რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივზე უფრო მაღლა შენარჩუნდება. მისი პროგნოზი სწრაფადვე დადასტურდა სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ძალიან ცუდ ტენდენციას უსვამს ხაზს.
2019 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ითაა განსაზღვრული. ამ დროს პირველ 5 თვეში ინფლაცია 4,7%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა.
განსაკუთრებით გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო კი ლამის ყოველ კვარტალში ახალ რეკორდს ამყარებს. ამჯერად ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. კონკრეტულად თამბაქოს ნაწარმზე ფასი მომატებულია 44.6 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში კი დაფიქსირდა ფასების 3.2-პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ჯანმრთელობის დაცვის სეგმენტში ფასი მომატებულია 3.0 პროცენტით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
გარდა ამისა, საოცრად გაიზარდა საწვავის ფასი. შეიძლება ითქვას, ამჟამად საქართველოში ბენზინი და დიზელი სარეკორდო ფასად იყიდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავზე ყველაზე მაღალი ფასი სწორედ ახლაა.
„ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი „რეგულარის“ ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს. გილოცავთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას“, - წერს ბაირახტარი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა მოძებნოს. ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, სებ-ს მონეტარული პოლიტიკის გადახედვა და მისი გამკაცრება მოუწეს, რაც ეკონომიკას შეანელებს.
„ინფლაციის გამომწვევი მიზეზი დიდი ალბათობით უკავშირდება ლარის გაუფასურებას, რაც დამაფიქრებელია და შესაბამისად,სავარაუდოა, რომ ეროვნულ ბანკს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გადახედვა და უახლოეს მომავალში მისი გამკაცრება.
რეფინანსირების სესხების განაკვეთი უნდა გაზარდოს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ეკონომიკის შენელებას და ადამიანებისთვის სესხების გაძვირებას, მით უმეტეს მათთვის, ვისაც კრედიტები ლარში აქვს აღებული. ფასები მოიმატებს მყისიერად და შემდეგ გაჩერდება, დაელოდება მოვლენების შემდგომ პერიოდის განვითარებას“, - აცხადებს ცომაია.