ჰიბრიდული თესლით ადგილობრივ მეურნეობას ანადგურებენ

ჰიბრიდული თესლით ადგილობრივ მეურნეობას ანადგურებენ

მარცვლეული კულტურის ქართული ჯიშები გადაშენების პირასაა. მთავრობას საქართველოში მარცვლეულის ჰიბრიდული ჯიშები შემოაქვს და გლეხებში მის პროპაგანდას იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ ჯიშების შემოტანით საქართველოში მოსავლიანობის გაზრდას იმედოვნებს. ექსპერტების განცხადებით, კი დაბალი მოსავალი მიზეზი ქართული ჯიშები არაა, არამედ ის რომ მიწის ნაკვეთების მხოლოდ მესამედია დამუშავებული. კერძოდ, თუ 90-იან წლებში საქართველოში 800 ჰექტარი მიწი მუშავდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 250 ჰექტარამდეა დაყვანილი.

 

ექსპერტების განცხადებით, ქართულ ბაზარზე 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წილი, დაახლოებით, 10-15%-ია.  იმპორტირებული პროდუქტები თითქმის მთლიანად გენმოდიფიცირებულია - სოიო, ბრინჯი, პომიდორი, ლობიო, იმპორტირებული ხილი, ასევე ხორცპროდუქტები. სპეციალისტების შიშობენ, რომ გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტის მოცულობა მალე 100% გახდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებსი სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტები ცოცხალი უჯრედების თანდათანობით კვდომას იწვევს.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლობირებით ქვეყანაში ჰიბრიდული სიმინდისა და ხორბლის სათესლე მასალის შემოტანა და გავრცელება ხორციელდება. „მწვანეთა“ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით გაიარა თუ არა აღნიშნულმა თესლებმა გამოცდა, რამდენად ეფექტური და მისაღებია ისინი ჩვენი რეგიონისთვის.

 

„ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული თესლების გავრცელება ხდება დაუშვებელი მეთოდებით. კერძოდ, მოსახლეობას (განსაკუთრებით საჯარო სამსახურში მყოფ პირებს) აიძულებენ შეიძინონ გარკვეული რაოდენობის სათესლე მასალა და დათესონ იგი საკუთარ მეურნეობებში. ჰიბრიდული ჯიშების ფართოდ გავრცელება დაუშვებელია როგორც ეკონომიკური, ისე სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ჯიშები დაპირებულ „უხვ“ მოსავალს მხოლოდ პირველ წელს იძლევა (ისიც თუ უხვად გავაჯერებთ სათესლე მასალის მომწოდებელი კომპანიის მიერ წარმოებული შხამ-ქიმიკატებით).

 

მომდევნო წელს კი მისგან მიღებული მარცვალი სათესლე მასალად არ გამოდგება, ვინაიდან არ აქვს აღმოცენების უნარი. ამდენად, გლეხი იძულებულია ყოველ წელს შეიძინოს სათესლე მასალა ჰიბრიდული თესლის მწარმოებელი კომპანიიდან, რაც არც ისე იაფია“, - აცხადებენ მწვანეები.

 

ისინი მიიჩნევენ, რომ ჰიბრიდული სათესლე მასალის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში ქართველი გლეხები და ფერმერები დაკარგავენ მომავალი წლისთვის სათესლე მასალის შენახვის შესაძლებლობას და მთლიანად დამოკიდებულნი აღმოჩნდებიან სათესლე მასალის იმპორტიორ კომპანიებზე.

 

„დაიკარგება უნიკალური ქართული ჯიშები, რომლებიც უკეთ არის შეგუებული ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებები არაერთ ქვეყანაში განხორციელდა, რაც კვალიფიცირდა როგორც ეკონომიკური დივერსია“, - აცხადებენ მოძრაობაში.

 

ექსპერტის პაატა კოხუაშვილის განცხადებით, საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, დაახლოებით, 10-15%, ისიც მხოლოდ საქართველოში წარმოებული. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უკვე ფუფუნებაა, საქართველოს კი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს იმის რესურსი, რომ იმ რაოდენობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს, რომ ადგილობრივი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს და სოფლის მეურნეობის პროდუქტი ექსპორტზეც გაიტანოს.

 

„საქართველოში გენმოდიფიცირებული იმპორტირებული პროდუქტი შემოდის. საერთოდ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომაც არის, რომ ადგილობრივი მაღალი ხარისხის პროდუქტი იმპორტირებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან არაკონკურენტულ მდგომარეობაშია“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით აქტიური მოქმედება უნდა დაიწყოს, კერძოდ მთასა და მთის წინეთში სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმპორტირებულ პროდუქტზეა დამოკიდებული, აქ სურსათზე ფასების განუწყვეტლივ ზრდის ყველაზე მაღალი საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთან მხოლოდ გენმოდიფიცირებული იმპორტირებული პროდუქტი გამოდის, რომელიც ძირითადად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.

 

ამიტომ მთავრობამ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელი უნდა მოკიდოს. საქართველოსნაირი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანის მოსახლეობა გენმოდიფიცირებული საკვებით არ უნდა იკვებებოდეს“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

 

მისი თქმით, მოსავლიანობის გაზრდის მიზნით საქართველოში შემოვიდა გენური ინჟინერიით გამოყვანილი თესლი - კარტოფილი, მარწყვი, კომბოსტო, ხორბალი. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამ იდეის განხორციელებას ხელი არ უნდა შეუწყოს, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ ქვეყანა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, რომელზედაც განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.