ზონალური პარკირების ადგილას მანქანის 1 საათით გაჩერება 1-დან 3 ლარამდე ეღირება

ზონალური პარკირების ადგილას მანქანის 1 საათით გაჩერება 1-დან 3 ლარამდე ეღირება

დედაქალაქში ზონალური პარკირების ამოქმედება გადავადდა. ეს ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაადასტურა. მიზეზი ისაა, რომ რეფორმის განხორციელება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად უნდა მოხდეს.

რამდენადაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იგი ახლა შევა ძალაში, თუ 2 თვის შემდეგ. მთავარი აქ პარკირების საათობრივი გადასახადია, რომელიც საკმაოდ ძვირია. მერიის ინფორმაციით, აბანოთუბანსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე 1 საათით მანქანის გაჩერებისთვის მფლობელმა 1-დან 3 ლარამდე უნდა გადაიხადოს.

„სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზონალური პარკირების სისტემის შემოღებაც. როგორც ცნობილია, მისი ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა, მაგრამ გვინდა რომ ყველა ახალი ავტობუსი, რომელსაც ვყიდულობთ, ადგილზე იყოს და შემდეგ მოხდეს პარკირების ახალი სისტემის ამოქმედება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობილია, რომ ჯერჯერობით ეს არის საპილოტე პროექტი და კონკრეტული ქუჩებია გამოყოფილი, სადაც პირველ ეტაპზე რეფორმა განხორციელდება. ზონალური პარკირებისთვის სულ 2 ადგილი შეირჩა: კოტე აფხაზის ქუჩა (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანი.

„პირველ ეტაპზე ეს რეფორმა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე განხორციელდება. მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს გადასახადი არ შეეხებათ, ასევე ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის პარკირება ქალაქში და ამ კონკრეტულ ტერიტორიაზეც იქნება უფასო“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გადასახადს, ის საკმაოდ მაღალი იქნება. კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იმერყევებს. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იმასაც ამბობს, რომ ამ არეალში ახალი ავტობუსები იმოძრავებს.

„ახალი ტრანსპორტის შემოყვანა ცოტა დაგვიანდა და ამიტომ თარიღმა გადაიწია 1-ელ აგვისტომდე. ზონალური პარკირების საპილოტე არეალში - კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში - ახალი ავტობუსები უნდა მოემსახუროს ჩვენ მოქალაქეებს. ყოველთვის ვამბობდით, რომ პარკირების ახალ სისტემასთან ერთად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება იმ არეალებში. შესაბამისად, ვინაიდან 1-ლი ივლისის მდგომარეობით ვერ მოესწრო ავტობუსების შემოსვლა სრული ოდენობით, თარიღმაც გადაიწია აგვისტომდე. ამ დროისთვის ჩვენ უკვე სრულად მზად ვიქნებით.

პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ყველასთვის ცნობილია და კიდევ იქნება დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორი სისტემა იმუშავებს 2 თვის შემდეგ. ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა, ეს უკვე დატესტილია. სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი იმუშავებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც აქამდე არ მოძრაობდა. გაბარიტები გაზომილია და ავტობუსები შესულია. ფასებს რაც შეეხება, საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი - ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი“, -განაცხადა ხმალაძემ.