ბერძნული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი, „ოლიმპიაკოსი" დააქვეითეს. ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი გახდა პირეოსის კლუბის პოზიცია, რომელმაც „პანათინაიკოსთან" პლეი-ოფში თამაშზე უარი თქვა.
„ოლიმპიაკოსის" ხელმძღვანელები თვლიან, რომ არბიტრები მათი თამაშის დროს არაობიექტურად მსაჯობენ და ამაში მთავარ დამნაშავედ საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას მიიჩნევენ.
ამ გუნდის ხელმძღვანელებმა მსგავსი დემარში ჯერ კიდევ თებერვალში მოაწყვეს, როდესაც იმავე „პანათინაიკოსთან" თამაში ჩაშალეს და განაცხადეს, რომ არც ქვეყნის ჩემპიონატში და არც თასზე არ ითამაშებდნენ იქამდე, ვიდრე მატჩებს ბერძენი მსაჯები მოემსახურებოდნენ.
გარდა ქვედა ლიგაში დაქვეითებისა, საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციამ "ოლიმპიაკოსის" წელს დაგროვილი ყველა ქულა ანულირებულად გამოაცხადა და კლუბს ფინანსური ჯარიმაც დააკისრა.