საკრედიტო ორგანიზციებს მომხმარებლის შევიწროებას და დაშინებას აუკრძალავენ

საკრედიტო ორგანიზციებს მომხმარებლის შევიწროებას და დაშინებას აუკრძალავენ

საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის - კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის“ პროექტშია აღნიშნული. ამ მხრივ საქართველოში სრული განუკითხაობაა და წლების განმავლობაში მსესხებლები არანორმალური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ახალი კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის - კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა.

დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის - კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

როგორც ეთიკის კოდექსში აღნიშნულია, ფინანსურ ორგანიზაციას მომხმარებლების ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აეკრძალება. გარდა ამისა, სებ-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებელს მხოლოდ მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე დაუკავშირდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ პირთან დაკავშირება დღის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში უნდა მოხდეს.

საყურადღებოა, რომ დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნების შესრულება კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისთვის სავალდებულო იქნება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.

„კრედიტ ინფო საქართველოს“ ბაზაში მსესხებელზე ნეგატიური ჩანაწერი მართალია, მხოლოდ 5 წლის განმავლობაში რჩება, თუმცა სტატუსი „იყო ნეგატიური“ საფინანსო ინსტიტუტების შიდა ბაზაში მუდმივადაა.

საფინანსო ორგანიზაციები კი სესხის გაცემისას გარდა „კრედიტ ინფო საქართველოს“ ბაზისა, შიდა ბაზით ხელმძღვანელობენ და სესხის გაცემის გადაწყვეტილებას მხოლოდ პირის საკრედიტო ისტორიის გაანალიზების შემდეგ იღებენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ყველა მსესხებელმა საფინანსო ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, რათა მომავალში მას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

რატომ იზრდება პრობლემური სესხების რაოდენობა? ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის, ყველაზე მთავარი ეკონომიკური მდგომარებაა. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების ქცევა, როდესაც ისინი სესხს არასწორი მიზნით იღებენ, მაგალითად, აზარტული თამაშებისთვის.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი აცხადებს, პრობლემის შეფასების ასპექტში, ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მოგვარების ორი გზა არსებობს.

„ორივე მიმართულებას გრძლევადიანი გადაწყვეტა აქვს: პირველი ესაა განათლების ამაღლება, უპირველეს ყოვლისა ფინანსურ ნაწილში, ხოლო მეორე - ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას და მომხმარებლის კრედიტგადამხდელუნარიანობის ამაღლებას“, - აცხადებს მიხეილ ნონიკაშვილი.

რამდენადაც აქამდე ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი, ამიტომ ჯერჯერობით საქმეში ეროვნული ბანკი ერთვება და სპეციალური კოდექსიტ აპირებს ველური ბაზრის თამაშის წესების შეცვლას.