„სადამდე უნდა ვიძახოთ, რომ გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა - არ არის ეს ასე “

„სადამდე უნდა ვიძახოთ, რომ გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა - არ არის ეს ასე “

უმუშევრობის არაადეკვატურმა მაჩვენებელმა არათუ საზოგადოება, არამედ ხელისუფლებაში მყოფი თანამდებობის პირებიც კი შეაწუხა. სხვებთან ერთად ახლა უკვე ისინიც ითხოვენ რეალური მდგომარეობა აისახოს ქვეყანაში და ეკონომიკური პოლიტიკაც ამის მიხედვით დაიგეგმოს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, უმუშვრობის დათვლის არსებული მეთოდოლოგიით თავს ვიტყუებთ. ეკონომიკური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში სწორი ნაბიჯებით ვერ ვითარდება.

„პირდაპირ ვამბობ, თავს ვიტყუებთ, იმიტომ, რომ როდესაც ამას საფუძველი ჩაეყარა, მე მაშინ სახელმწიფო მოხელე ვიყავი. წინა ხელისუფლების დროს მოხდა. მაშინ ამას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. ქვეყნის მონაცველობას განვითარებული ქვეყნების რიგში და კიდევ მთელი რიგი სიკეთეები მოყვება ხოლმე. ეს ახლა სხვა თემაა. მთელი უბედურება აქ ის არის, რომ როდესაც არასწორი სურათი გაქვს, არასწორად იგეგმები.

მე ვხედავ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ვერ დგამს სწორ ნაბიჯებს, სწორედ ამის გამო. 12% და 13%-იან უმუშევრობაში შეიძლება სულ სხვანაირად მოგვარდეს საქმე. ოპოზიცია ამბობს, რომ დავწიოთ გადასახადები, რადგან ყველაფერს ეშველება, მართლაც, რომ დავწიოთ გადასახადები და 12%-მდე ჩამოვიყვანოთ, თუ უმუშევრობა 40%-მდეა, მაშინ ეს ამას არ უშველის. აქ სახელმწიფოს სულ სხვა ჩარევებია საჭირო“, - განცხადა კაკულიამ.

„საქსტატის“ ცნობით, რომ 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12,7 პროცენტი შეადგინა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ დაქირავებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს გადააჭარბა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.

რომან კაკულია ამბობს, რომ თვითდასაქმებულთა კრიტერიუმი, რომლითაც „საქსტატი“ ხელმძღვანელობს, ვითარებას სხვაგვარად წარმოაჩენს და აბნევს საზოგადოებას.

„ჩვენ ძალიან გვაბნევს თვითდასაქმებულების კრიტერიუმი. არ შეიძლება იყოს დაფარული სეგმენტები. ეს შემდეგში სწორად დაგეგმვის საშაულებას აღარ გაძლევს და რაც უფრო მალე მივალთ ჩვენ ამ სიმართლესთან, მით უფრო მალე იქნება სწორი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს არის თემა, რომელსაც ზუსტად ესადაგება - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ილუზიაში ყოფნა, რომ ჩვენ გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა! არ არის ეს ასე“, - განაცხადა გადაცემა „360 გრადუსში“ რომან კაკულიამ.

იმაზე, რასაც სახელმწიფო მოხელეები ახლა ამბობენ, დიდი ხანია საუბრობენ სპეციალისტები. სტატისტიკოს გივი მომცელიძის შეფასებით, რეალურად ქვეყანაში ძალიან მაღალი უმუშევრობაა და ცდომილება მეთოდოლოგიურ ხარვეზს უკავშირდება.

„კონსერვატიულად თუ გადმოვიტანთ მეთოდოლოგიას, ალბათ, ზუსტად ასახავს ვითარებას, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. აშკარაა, რომ სერიოზული ხარვეზია და ცდომილებაც ციფრებში ამ ფაქტორით არის გამოწვეული. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, მათ შორის ისეთი, რომელსაც წელიწადში 2-3-ჯერ შეიძლება რამე აქტივობა განეხოციელებინა თავის საკარმიდამო ნაკვეთში - დაებარა, მოეთოხნა და ა.შ. თვითდასაქმებულად ითვლება, რაც წარმოუდგენელია. ეს კატეგორია უნდა გამოირიცხოს. მეტიც, დარწმუნებით შემიძლია ვივარაუდო, რომ 40%-მდეც შეიძლება გვქონდეს უმუშევრობა, თუკი თვითდასაქმებულთა კატეგორიაში ადამიანებს განხორციელებული სამუშაოების მიხედვით სწორად განვსაზღვრავთ“, - აღნიშნა მომცელიძემ.

Serapina ბმული
4 წლის უკან
tngh პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ამ ღატაკ ქვეყანაში სრული მოსახლეობის თითქმის 48%-ს ავტომობილი ჰყავს და საშუალოდ დღეში 25 ლარის საწვავს მოიხმარს. შესაბამისად, სამწუხაროდ ავტოავარიებიც და მსხვერპლიც ევროპაში ყველაზე მაღალია
4 წლის უკან