ლარის მუდმივმა რყევამ პარლამეტარებიც აღაშფოთა და ისინი მთავრობას და ეროვნულ ბანკს პასუხს სთხოვენ. გამოსავლის ძიებაში არიან სპეციალისტებიც. ამასობაში კი გამოსავლი არ ჩანს, ქართული ლარი ისე ირყევა, რომ დასტაბილურობის ნიშანწყალი არ ეტყობა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ასახელებს.
„არჩევნებზე ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, პირველი იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პროდუქტს, რაც არჩევნებს სჭირდება, ეს იქნება ქაღალდი თუ ა.შ. თანხა სჭირდება. ამაზე დაიხარჯა დიდი რაოდენობით ლარი, დიდი მოცულობის მასა კი იწვევს გაუფასურებას.
გარდა ამისა, იცით, რომ არჩევნები ძირითადად რეგიონებში ჩატარდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხალხი ამოდიოდა საკუთარი ნაკვეთებიდან. იქ ახლა ვიღაცას წამალი აქვს საყიდელი და იმისთვის 150 და 200 ლარი მისცეს და ეს საკმაოდ სერიოზული ფულია იმ პირობებში“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
კიდევ უფრო მწვავეა ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის პოზიცია. მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურა აღარ არის და ამას ყველა ხვდება.
„საბანკო რეგულაციები ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებელი არ იყოს, თუმცა საბანკო რეგულაციები მაღალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია, ხოლო მაღალი ეკონომიკური ზრდის არქონა ლარის მდგომარეობას განსაზღვრავს. ახლა ისეთი მდგომარებაშია ჩვენი ვალუტა როგორ ტალღაზე მიგდებული ნაფოტი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ვითარების დრამატულობას ჯერ ვერ აღიქვამს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. მისი აზრით, თურქული ლირის გაუფასურება ეროვნული ვალუტის რყევასთან კავშირშია, თუმცა არსებობს სხვა სახის ფაქტორები, რომელიც შესაძლოა განხილვადი არ გახდეს.
„დღევანდელი მოცემულობით, მე აქ საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ. იმიტომ არა, რომ 10 პუნქტი უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ, რომ ის მძლავრი ტენდენცია, რომელმაც შესაძლებელია, ჩვენ გარკვეულ მოცემულობებზე მიგვანიშნოს, ახლა არ ხდება, ამიტომ ოპტიმიზმის საფუძველი რეალურად არსებობს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. აქ არის ეროვნული ბანკი და რეზერვები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩარევა მოხდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ლარის კურსის რყევების ზუსტი გაანალიზება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს შეუძლია გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყველა სახის საჭირო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, საქართველო მცირე ზომის ბაზარია და შესაძლოა, ერთმა ტრანზაქციამაც კი შეცვალოს კურსი.
„ჩვენი ქვეყნის ბაზარი იმდენად პატარაა, მით უმეტეს სავალუტო ბაზარი, რომ ერთმა ტრანზაქციამაც კი შეიძლება შეცვალოს კურსი და ამან პანიკური მდგომარეობა გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ლარის კურსის რყევის სწორი ანალიზი გავაკეთოთ, ძალიან ბევრი მონაცემი გვჭირდება, ეს კი მხოლოდ ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს აქვს. ლარის კურსის ცვლილებაში შეიძლება ასევე წვლილი ჰქონდეს სებ-ის შესყიდვებს, ყოველ შემთხვევაში, ამის გაანალიზებისთვის ყველა სახის ინფორმაცია გვჭირდება.
აქედან გამომდინარე, ყველა განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით არის გარკვეულწილად მარჩიელობა, თუ ეს მონაცემები არ გაანალიზდა ზუსტ მიზეზებს ვერ დავასახელებთ. რაც შეეხება გამოსავალს, აუცილებლად გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია, ახალი ეკონომიკის მინისტრიც ამას ამბობს, რომ საჭიროა პრივატიზების კუთხით გააქტიურება“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას მიქაუტაძემ.
აკადემიკოსი ლადო პაპავა კი ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ურჩევს. სებ-ის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ფრიადოსანი მოსწავლის როლი არ უნდა შეასრულოს და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე უარი უნდა თქვას.
„ყველა ქვეყანა თავის გზას ეძებს. იმისთვის, რომ საქართველომ თავის თავი იპოვოს, აუცილებელია შემოქმედებითი დისკუსიის უნარი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იქ არიან ბიუროკრატები, რომლებსაც არ აინტერესებთ ცვლილებების შეტანა, მათ კარიერული ზრდა აინტერესებთ. ამიტომ აუცილებელია ჩვენმა მხარემ დააყენოს ეს საკითხი კვლევის დონეზე, შეისწვალოს და აჩვენოს. ჩვენ რომ ფონდთან ურთიერთობა გავირთულოთ, ეს არ იქნება კარგი, რასაკვირევლია, ეს არ უნდა მოხდეს, ამიტომ შემოქმედებითი ურთიერთობაა საჭირო. ხუთიანის მიღება არაა გამოსავალი, თუ საგანი ბოლოდე ნასწავლი არ გაქვს“, - აღნიშნა პაპავამ.