რა მოხდა თაკო ჩარკვიანსა და მარინა ბერიძეს შორის კულტურის სამინისტროში?

რა მოხდა თაკო ჩარკვიანსა და მარინა ბერიძეს შორის კულტურის სამინისტროში?

გასულ კვირას კულტურის მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშარია ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გასაცნობად უნდა შეხვედროდა.

გურამ ოდიშარიას ხელოვნებათმცოდნე თაკო ჩარკვიანიც ახლდა. თუმცა შეხვედრა ჩაიშალა.

"შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს საქმიანობის, უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტების გაცნობა, რომელიც არაკონსტრუქციულობის გამო ჩაიშალა. თუ გაქვთ სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ჯანსაღ გარემოში წარიმართოს საქმის გადაბარების პროცესი, გთხოვთ, სამუშაო ჯგუფი დააკომპლექტოთ მეტად კომპეტენტური, კორექტული და პროფესიონალი პირებით",- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, შეხვედრა თავიდანვე განწირული იყო არაკონსტრუქციული საუბრისთვის.

- რეალურად რა მოხდა შეხვედრის დაწყებამდე?
- გურამ ოდიშარიასთან ერთად მივედით სამუშაო ჯგუფის წევრები. გვაინტერესებდა სტრუქტურული საკითხები, ასევე, თუ რა პროექტები განხორციელდა, რა უნდა განხორიცელებულიყო და რა პროექტები უნდა განხორციელდეს. არსებობს თუ არა რაიმე პრობლემები ამ პროექტებთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც ვხვდები, წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია და შეხვედრა ამიტომაც არ შედგა.

- კონკრეტულად რა მოხდა იმ დღეს სამინისტროში?
- ჩვენ იქ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა ჯგუფი დაგვხვდა. სხვებთან ერთად იყვნენ მაკო ჭოღოშვილი, მარინა ბერიძე და დავით ცხადაძე. ჩვენ იქ გასაცნობად და ერთმანეთის წარსადგენად მივედით, სტრუქტურაში უნდა ჩაგვეხედა გურამ ოდიშარიას თხოვნით. ჩემს უკან მდგარი შემოქმედთა არმიის გამოც მივედი. მე თუ იქ მივალ, უნდა მივეხმარო კიდეც ამ 8 წლის განმავლობაში "ჩარეცხილებს". მარინა ბერიძესთან და დავით ცხადაძესთან ერთად პროექტების გასაკეთებლად არ მივსულვარ.

- როგორ განვითარდა მოვლენები შეხვედრის დროს?
- დავით ცხადაძემ საუბარი დაიწყო ბაგრატის ტაძრის წარმატებულად განხორციელებულ პროექტზე. მინდა გითხრა, თუ რატომ არის ტაძარში ლიფტი ჩრდილო ნაწილში და არა წინა ფასადზეო.
- მე ვუთხარი, ბაგრატის ტაძრისა და ლიფტის ადგილმდებარეობის გასაცნობად არ მოვსულვარ-თქო. მითხრა: ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემააო. მე უნდა გითხრათ, რატომ არის ლიფტი ჩრდილო ნაწილში და არა წინა ფასადზეო. მე ვუპასუხე, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს საუბარი არაპროფესიონალურ საუბარამდე მიგვიყვანს-თქო. ამაზე ცხადაძემ თქვა, რომ მე მივაყენე შეურაცხყოფა, ჩვენ აქ არაფერი გვესაქმებაო. მარინა ბერიძე წამოხტა პირველი. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება. რატომ წამოხტნენ მარინა ბერიძე და მაკო ჭოღოშვილი, არ ვიცი, რადგან ჩემსა და ცხადაძეს შორის იყო რიგითი, ხელოვნებათმცოდნეებს შორის პოლემიკა. ბაგრატის ტაძრი განზრახ შემოგდებული თემა იყო.

- მიიჩნევთ, რომ ეს პროვოკაცია თქვენს წინააღმდეგ განზრახ განხორციელდა?
- ეს თაკო ჩარკვიანის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკიაცია კი არა, ეს არის ცვლილებების წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი იქ მისვლით ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება.

- თქვენ ისიც თქვით, რომ ვერ აიტანთ მარინა ბერიძის ისეთ ტონს, როგორითაც "ჯეოსტარის" მონაწილეებს ესაუბრებოდა.
- მე ეს კულტურის სამინისტროში არ მითქვამს, თუმცა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მართლაც განვაცხადე, რომ მე ვერ ავიტან მისგან ისეთ საუბარს, როგორც ის ექცეოდა "ჯეოსტარის" ბავშვებს. "მე-9 არხმა" კი თამარ ამაშუკელის კომენტარი გაუშვა, ეს ქალბატონი საერთოდ არ ყოფილა ამ შეხვედრაზე.

"ამბები.გე" კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარინა ბერიძესაც დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით კომენატრი სთხოვა.

- ისეთი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, მე ჩემი თეორია მაქვს - არასდროს არსად გაბრაზებული არ უნდა მიხვიდე. ალბათ, ამიტომ მოხდა ყველაფერი ცუდი, ბევრი გაბრაზებული ადამიანი რომ აღმოჩნდა ჩვენ ქვეყანაში. თუ ეს გაბრაზება არ მოვიცილეთ და თუ არ მოვიცილეთ ფრაზა - "ჩვენ ჩარეცხილები ვიყავით და ახლა მოვედით რომ თქვენ ჩაგრეცხოთ" - ამას ბოლო არ ექნება. ჩვენ არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოდით დავილაპარაკოთ, გინდაც მომავალი პროექტები დავსახოთ ერთად. გინდაც წინა, რაც გაგვიკეთებია, ვიმსჯელოთ რა იყო ცუდი და რა არა. კარგად შეისწავლე, მერე გამლანძღე და დამკითხე.

- თაკო ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ ვერ შეეგუება თქვენს ტონს.
- ნიჭი ისეთი რამეა.... ზოგისთვის ერთია ნიჭიერი, ზოგისთვის - მეორე. რომელიმე სპექტაკლსა და კონცერტზე გინახიათ ყველას მოსწონებოდეს მსახიობი, მომღერალი, სპექტაკლი ან კონცერტი? ერთი ნახევარი იფურთხება, მეორე ნახევარი კი აღფრთოვანებულია ნანახით. თუ ვინმე იტყვის, რომ მე ვინმეს არასამართლიანად დავაბრალე, რომ ის უნიჭოა, ტყუილი იქნება. ყველა დედას თავისი შვილი უნიჭიერესი ჰგონია.

ნუ სპეკულირებენ მაია ჯაბუათი, ნატო მეტონიძით, ლიზა ბაგრატიონით და ნუკრი კაპანაძით. ვერავინ მაჯობებს მათ სიყვარულში. შეგიძლიათ მათგან აიღოთ ინტერვიუები და ყველაფერს იტყვიან. მაგრამ ეკა კვალიაშვილთან რომ ჩაწეროთ ინტერვიუ, ის ნამდვილად გამლანძღავს. რა სიკეთის გაკეთებაც შემეძლო, ჩემი წილი სიკეთე ყველას გავუკეთე. ღირსების ორდენები არ მიმიღია და არც მომითხოვია. მე ჩემს საქმეს ყოველთვის გულით ვაკეთებდი და ვაკეთებ. იყო დრო, მომღერლები ფონოგრამებზე ყბის დაღებასაც ვერ ახერხებდნენ. მე კი ცოცხლად მომღერალი თაობა გამოვაჩინე და აღვზარდე. მე ვერავინ შემაშინებს. კერძო გაკვეთილებიც მეყოფა, სხვა საქმეც რომ არ მქონდეს.