„სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა და უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ - ნელა“

„სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა და უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ - ნელა“

საქართველოში სპეციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის კრიტინ ლაგარდი ჩამოვიდა. რას მოიტანს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტი, რომლის გარეშე ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯის გადადგმა უჭირს?

კრისტინ ლაგარდის ძირითადი გზავნილები ასეთია: ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, ინვესტორებისთვის აუცილებელია სასამართლოს ნდობის გაზრდა, სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა და უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ნელა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორებს, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის კრისტინ ლაგარდმა სასამართლო სისტემაც ახსენა. ჟურნალისტის კითხვას - დღევანდელი სასამართლო სისტემა არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი ინვესტორებისთვის, ლაგარდმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ინვესტორებს სურთ პრონოზირებადი გარემო, მათ არ უყვართ სიურპრიზები, როდესაც ინვესტიციებს ახორციელებენ. მათ შორის არც საგადასახადო, არც საკანონმდებლო და არც სასამართლო სისტემებში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ნებისმიერ ქვეყენაში - საქართველო იქნება, თუ ნებისმიერი სხვა - საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადი იყოს და ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში.

მეორე ასპექტი - ესაა ნდობა. ნდობა კი, ყველა უწყების მიმართ შედარებით დაბალია მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში“, - განაცხადა ლაგარდმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა უნდა იყოს უფრო მაღალი. 4.6%-ია წელს პროგნოზირებული და 5%-ია მომავალ წელს, მაგრამ ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო შთამბეჭდავი იყოს.

ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა გარე შოკის მიმართ სუსტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაჭრობის და ფინანსური რყევების ფონზე ზეწოლა აშკარაა. ამიტომ სსფ მზადყოფნას გამოთქვამს ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითარებაში წვლილის შეტანისათვის, თუმცა ფონდის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ფონდი, ეს არ არის ყულაბა.

სსფ-ს ვიზიტზე და წვლილზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. მისი აზრით, იმ წარმატებასა და ტრანსფორმაციაში, რომელსაც ქვეყანა განიცდის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამსახურება არის მაღალი.

სსფ-ს ხელმძღვანელის ვიზიტს აფასებენ ეკონომისტებიც. აფბა-ს პრეზიდენტ შოთა გულბანს მიაჩნია, რომ ლაგარდის საქართველოში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს.

„ეს არის უმაღლესი დონის და მნიშვნელობის ვიზიტი. მისი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ერთი მხრივ სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სესხების შემოსავლებთან მიმართებით კოეფიციენტების დაწესებას. ეს რეფორმები საფინანსო სექტორში მომწიფებული სისტემური რისკების მნიშნელოვანი პრევენციაა და სავალუტო ფონდი ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს“, - აღნიშან ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ეკონომისტ ვაჟა ბერიძის შეფასებით კი საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები, საინვესტიციო გარემოსთან მიმართებაში ხელისუფლების ქმედებები მკაფიო უნდა იყოს, ხოლო ქართული ეკონომიკა ბევრად უფრო მდგრადი გარე ფაქტორებისა და შოკების მიმართ.

„ბიზნესსა და ინვესტიციებს აბრკოლებთ ნებისმიერი არაპროგნოზირებადი გარემო. მიუხედავად წინსვლებისა, ბუნებრივია, მაინც ფერხდება ინვესტიციები საქართველოში და კიდევ უფრო მკაფიო და მყარი უნდა იყოს თამაშის წესები, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში აწესებს. ლაგარდის მოწოდება არის მისაღები, უნდა გავუწიოთ ანგარიში და ხელისუფლებას უფრო მეტად მართებს, რომ ზედმიწევნით გაითვალისწინინოს მისი რჩევები.

ჩვენი ეკონომიკის ხასიათიდან გამომდინარე გვაქვს საკმაოდ არასახარბიელო ექსპორტ-იმპორტის სალდო. თურქეთში მიმდინარე პროცესები და ლირას დევალვაცია ქართული ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, იგივე პროცესები მიდის რუსეთში და არცთუ მდგრადია სომხეთის ვითარებაც. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ექსპორტის გაზრდაზე, წარმოების განვითარებაზე, ეკონომიკის მოდელის შეცვლაზე და როგორც ლაგარდი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობაზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მე ვფიქრობ, რომ ემთხვევა მისი რჩევები მთავრობის ეკონომიკურ კურსს და არსებითად ახალი ქალბატონ ლაგარდს არ უთქვამს“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ვაჟა ბერიძემ.

ანალიტიკოსი, რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკას ტემპი ნამდვილად აკლია და სწორედ ამაზე ისაუბრა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმაც. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ველით მის რეკომენდაციებს და არ ვიჩენთ ინიციატივას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო მიმართულებით გატარებული ცვლილებები და მეტი აქტივობის აუცილებლობა. შეხვედრისას სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან ყველაზე მეტად ეს გზავნილი დომინირებდა. ის განცხადება, რომ სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა, მიანიშნებს ერთ რამეზე - მათ მიერ გაწეული დახმარება, როგორც მინიმუმ, ბოლომდე სათანადოდ არ არის შედეგიანი“, - აღნიშნა გერლიანმა.

სოციალისტი იცით ვინმემ კონკრეტულად რისთვის, რა გზავნილით ჩამოვიდა ეს სიმპათიური ქალბატონი საქართველოში?! ხაჭაპურის ინდექსის გასაზომად რომ არ ჩამოვიდოდა ამაში ხომ ყველა ხართ დარწმუნებული?!
4 წლის უკან