მთავრობა უმუშევრობას „ამცირებს“, ხალხი კი მუდმივად სამუშაოს ძიებაშია

მთავრობა უმუშევრობას „ამცირებს“, ხალხი კი მუდმივად სამუშაოს ძიებაშია

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყველა უმუშევრობაზე და სიღარიბეზე წუწუნებს, ოფიციალური სტატისტიკა ციფრების ენით მუდმივ გაუმჯობესებაზე საუბრობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. შარშან აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

„აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წელს ქალებში აქტიურობის დონე 55.6 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.6 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა გულბან დასაქმებისა და უმუშევრობის უახლეს მაჩვენებლებს აფასებს და ამბობს, რომ ერთი მხრივ მისასალმებელია უმუშევრობის დონე შემცირება, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არ არის საკმარისი, რადგან დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში.

„მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია შეუქცევადია. 2012-18 წლებში უმუშევრობის დონე ყოველ წელს ეტაპობრივად მცირდება და ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა 2018 წლის უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია“, - განაცხადა გულბანმა.

აფბას თავმჯდომარის განცხადებით, საგულისხმოა, რომ 2018 წლის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას და დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა. 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას. დასაქმება იზრდება ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში და ფიქსირდება თვითდასაქმებულთა გადასვლა დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის შემცირების წინსვლა შეინიშნება, ზედმეტი ილუზია არც მთავრობის წევრებს არ აქვსთ. მაგალითად, თვალსაზრისით ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა, ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი გასტანს, რადგან ეს არ არის მარტივად დასაძლევი პრობლემა.

„საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პრობლემები ყოველთვის იყო მწვავე და ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება მსგავსი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე. მე, როდესაც ვამბობ, რომ ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ და ვამბობ, რომ სიღარიბეა 30%-დან 21%-მდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა დავიწყოთ და კმაყოფილი ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ, რამდენიმე წელი მინიმუმ ამას დასჭირდება“, - აცხადებს მაჭავარიანი.