ჭიათურაში დაძაბულობა პიკზეა, მმართველი პარტია გაფიცულების მხარეს დადგა

ჭიათურაში დაძაბულობა პიკზეა, მმართველი პარტია გაფიცულების მხარეს დადგა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ამასობაში ამ ქალაქში არჩევნები მოახლოვდა და ხელისუფლებაც სწრაფ რეაგირებაზე გადავიდა. რეგიონში მივლენილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ცალსახად გაფიცულთა მხარე დაიჭირეს.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობას შორის შეთანხმება ვერ შედგა. გაფიცული მაღაროელების თქმით, ადმინისტრაცია ამ ეტაპზე არც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

„დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება“, - განაცხადა აქციის მონაწილე არჩილ ჭუმბურიძემ.

სამთო მომპოვებელ ქალაქში მდგომარეობა იმდენად დაძაბულია, რომ მათთან ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ჩავიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს. მმართველი პარტიის ლიდერებმა დაუფარავად აღნიშნეს, რომ პროტესტი სამართლიანია და მაღაროელები ღირსეულ სამუშაო პირობებს იმსახურებენ. ამიტომაც საჭიროა დროული რეაგირება.

„მინდა გამოსვლა დავიწყო მაღაროელების მიმართ სოლიდარობით. ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენ ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა სჭირდება დროული რეაგირება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და პირობები გაუმჯობესდეს“, - განუცხადა ღარიბაშვილმა გაფიცულებს.

მან ასევე კომპანიას მიმართა და მოითხოვა, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან თავის დროზე მაღაროელებისა და დასაქმებულების ოჯახის წევრების წინაშე აიღო.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ჰქონდათ კომუნიკაცია „ჯორჯიან მანგანეზთან“ გაფიცული თანამშრომლების პრობლემების მოგვარებაზე. პარალელურად კომპანიას გარკვეული თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც აქვს და ამ საკითხებზე ის ინფორმაციას პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მიაწვდის.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ყველა ის პირობა, რომელიც მუშებს აქვთ დაყენებული, კომპანია მზადაა განიხილოს მათთან ერთად და შემდეგ მოხდეს დაკმაყოფილება. იმავდროულად, კომპანიას აქვს თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რადგან გარკვეული დახმარება სჭირდება სხვადასხვა საკითხზე და მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მივაწვდი, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩაერთოს საკითხში“, - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში 15-16 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც უკანონო გაფიცვას და მონაწილე პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა და დაიწყონ შემათანხმებელი პროცედურები.

როგორც „ბიემს“ კომპანიაში განუცხადეს, ამ დრომდე შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ არ მიუღია წერილობითი შეტყობინება, რომლითაც დავის წარმოშობის საფუძვლები და მოთხოვნები განისაზღვრება.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ორი დღეა მოუწოდებს დავის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ, მათი მხრიდან ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიმდინარე პროცესებს არაფერი საერთო შრომით მოთხოვნებთან არ აქვს. კომპანია კიდევ ერთხელ განუმარტავს თანამშრომლებს, რომ დავის გადაწყვეტის რეალური საშუალებაა შემათანხმებელი პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყება, რაც გულისხმობს მხარეთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიაციის ინიცირებას. ჩვენ სრულად ვაღიარებთ მოლაპარაკებების ორივე ფორმატს და მზადყოფნას გამოვხატავთ მასში მონაწილეობაზე, მით უფრო, რომ კომპანიას უახლოეს წარსულში გაგვაჩნია ამ ფორმატში თანამშრომლებთან წარმატებით გადაწყვეტილი დავის გამოცდილება.

თუ აქციაში მონაწილე პირები უარს განაცხადებენ შეთავაზებულ ფორმატში მოლაპარაკებების დაწყებაზე, არსებული ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესებს არაფერი საერთო გაჟღერებულ მოთხოვნებთან არ აქვს, ჩაითვლება დადასტურებულად და კომპანია დაიწყებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ და პრობლემის გადაწყვეტის გზა ჯერჯერობით არ ჩანს.

სოციალისტი სამართლიანი ვერაფერი ვერ იქნება იმიტომ,რომ განა მარტო საქართველოს, მსოფლიოს სატანა დაჰპატრონებია!
4 წლის უკან
tngh პატივცემულებო!!! ცოტა ნაკლები კრედიტები და სესხები აიღეთ "მაშინების" საყიდლად და ნაკლებს იშიმშილებთ...
4 წლის უკან