"საქართველოში მეჩეთის, ან სხვა რომელიმე ტიპის სალოცავის მშენებლობაზე ხმაური არასოდეს ყოფილა და ეს ხელოვნურად იყო გამოწვეული ხელისუფლებისაგან, რათა ეჩვენებინა, რომ ქართველი ხალხი ველურები ვართ და ტოლერანტობა გვაკლია", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა შაბათს "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა. ამის შემდეგ დაიწყო განხილვებიც - ნიშნავს თუ არ ეს იმას, რომ ბათუში აზიზიეს მეჩეთი აშენდება. თუმცა, კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერი და მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ "ივანიშვილის განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავს, რაც ითქვა და ამის მეტს არაფერს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საიდან გაჩნდა ივანიშვილის თურქული ინტერვიუს ქართულ თარგმანში სიტყვა "აზიზიე" / "აზიზიეს სახელობის მეჩეთი თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად საქართველოში არ აშენდება - ეს არის ივანიშვილის მტკიცე პოზიცია".
"ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა აჟიოტაჟი იმაზე, აშენებულიყო თუ არა მეჩეთი. ამის მეტს არაფერს არ ნიშნავდა, არც ერთი სიტყვით მეტს და არც ერთი სიტყვით ნაკლებს. თურქული გამოცემის სტატია არ მინახავს და არ ვიცი რა ეწერა, მაგრამ როგორც ვიცი, კონკრეტულ შეკითხვაზე არ არის ეს პასუხი. "კოალიციაში" ამჯერად კონსულტაციები მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის არის მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება და ეს არის ჩვენი ყოველდღიური მუშაობის თემები. დღეს კოალიციაში მხოლოდ ეს თემები განიხილება", - ამბობს ფანჯიკიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ ივანიშვილის მიერ "ქორთიარდ მარიოტში" გაკეთებულ განცხადებამდე გავრცელდა კოალიციის ლიდერის ინტერვიუ თურქულ ინტერნეტგამოცემა "შაბაჰთან" და "ტელეიმედის" ინფორმაციით, ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ "საქართველოში არასდროს ყოფილა პრობლემა მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით და აზიზიეს მეჩეთი ბათუმში დაგეგმილ ადგილას აშენდება...", - აღნიშნავს გამოცემა
"მართალია, "იმედის" მიერ გაცხადებული ციტატა, რომ "მეჩეთი აშენდება" ინტერვიუში არ წერია და თან, რატომ ითარგმნა არასწორად სტატია, ამაზე პასუხი არ არის, მაგრამ ამ ფრაზამ და შემდგომ ივანიშვილის განმარტებამაც გარკვეული კითხვის ნიშნები და კამათი თემის ირგვლივ მაინც გამოიწვია. ბათუმში გამარჯვებული "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით "მისი პოზიცია ურყევია და ასევე ურყევია ივანიშვილის პოზიციაც". თურქული სტატიის არასწორ თარგმანზე ამახვილებს ყურადღებას ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთიც". მისი ცნობით, თურქული გამოცემა "შაბაჰის" სტატია სრულად მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ თარგმნა და იქ "იმედის" მიერ ნათქვამი ფრაზა არ იძებნება",, - დასძენს გამოცემა.
"არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს საქართველოში თურქეთისა და თურქი ბიზნესმენების მიმართ არსებობს არასასურველი დამოკიდებულება, ასევე დანგრეული აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ საზოგადოებას აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს. საქართველოში მეჩეთების მშენებლობა არასოდეს ყოფილა პრობლემა და არც ახლა შეეშლება ხელი ადრე დაწყებული პროექტის განხორციელებას. ქართველები ოდითგანვე პატივს ვცემთ სხვა სარწმუნოებებს. ეს იყო სპეციალურად შექმნილი თემა და უფრო ცარიელი კარების მტვრევას ჰგავდა, რასაც მოჰყვა არასწორი ანალიზი. მე თურქეთის ელჩთან აღნიშნული საკითხზე შეხვედრა მოვითხოვე, თუმცა ეს შეხვედრა ჯერ არ შემდგარა. ხსენებული საკითხის ირგვლივ თუ არსებობს რაიმე სახის არასწორი შეხედულებები, ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების დანაშაულია", - აღნიშნავს თურქულ გამოცემა "შაბაჰთან" საუბარში ივანიშვილი და დასძენს, რომ არის "ეს უსაფუძვლო, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი გამოასწოროს", - წერს სტატიის ავტორი
"პირადად მე ივანიშვილთან იმიტომ დავდექი, რა პოზიციაც ჰქონდა განსაკუთრებით მეჩეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკური საკითხი. ივანიშვილი ამბობს იგივეს, რასაც კოალიციის თითქმის ყველა წევრი. მეჩეთების წინააღმდეგი მე არ ვარ. მეჩეთების მშენებლობაში პირადად მაქვს წვლილი შეტანილი - მაგალითად, ბათუმში ცნობილი ჯამის მეჩეთის მშენებლობაში საკუთარი ფინანსებით და ორგანიზაციული ძალით. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ სახელმწიფოთა შეთანხმების საგანი გახდეს მეჩეთების მშენებლობა. ჩვენ ("ემსახურე საქართველო") ვამბობთ, რომ საკულტო ნაგებობის აშენება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს. აზიზიეს სახელობის მეჩეთი თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად საქართველოში არ აშენდება - ეს არის ივანიშვილის მტკიცე პოზიცია. ჩემი, პერსონალური პოზიცია თუ გაინტერესებთ, ჩემი პოზიცია იყო და რჩება, რაც ადრე იყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე და პარლამენტის მომავალი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
"თანაც, ივანიშვილს ინტერვიუში აზიზიე ნახსენები არ აქვს. ეს არის აბსოლუტურად ინტერპრეტირებული ინფორმაცია და მინდა ზუსტად გაავრცელოთ ის, რასაც ვამბობ. თითქოს ივანიშვილი ამბობს, რომ მეჩეთი იმ ადგილას აშენდება, სადაც განზრახულია - ივანიშვილმა საიდან იცის, რომელ ადგილას იყო განზრახული, როცა ასეთი განზრახულობათა ოქმი დედამიწის ზურგზე არ არსებობს?! ეს არის ჟურნალისტის ინტერპრეტაცია. რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე აჟიოტაჟი ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად იყო შექმნილი - ეს დასტურდება უამრავი იმ განცხადებით, რომელსაც ხელისუფლება აკეთებდა ამ წლების განმავლობაში. ვადასტურებ იმას, რომ 2005 წლიდან ეს თემა აგორდა, მაგრამ გააქტიურდა სწორედ 2010 წლიდან, რადგან არჩევნები ახლოვდებოდა. ამ მიჯნაზე ამ თემის წამოწევაც ხელოვნური მგონია", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"რაც ყველაზე მთავარია, ივანიშვილმა უარყო, რომ მსგავსი რამ თქვა. მე ვიცი მისი პოზიცია აზიზიეს სახელობის მეჩეთთან დაკავშირებით და ის აბსოლუტურ სინქრონშია იმ პოზიციასთან, რასაც ჩვენ საჯაროდ ვავითარებთ. ივანიშვილი გუშინ დილით ვნახე, უახლოეს დღეებშიც ვნახავ, მაგრამ არ არის საჭირო. ივანიშვილი ის კაცი არ არის, რომელიც წამდაუწუმ იცვლიდეს პოზიციებს. ეს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის საკითხია და თუ ის სხვა პოზიციაზე იქნებოდა, ჩვენ ამ კოალიციის წევრები არ გავხდებოდით. ზოგადად მეჩეთი არ გვიშლის ხელს, ხელს გვიშლის პოლიტიკური ხელშეკრულება. ხელმომწერი მხარეები - თურქეთისა და საქართველოს მთავრობები გვიშლის ხელს... "რესპუბლიკელების" პოზიცია უფრო იყო დიპლომატიური და მოზომილი, მე კი ვიყავი კატეგორიული და გაცილებით მომთხოვნი. ამიტომ გამოჩნდა რომ მე ვიყავი წინააღმდეგი და "რესპუბლიკელები" - არა. როცა "რესპუბლიკელებმა" შეისწავლეს ეს საკითხი, როცა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას გადახედეს, პოზიცია შეიცვალეს და მათი პოზიცია ჩვენსას ემთხვევა. ისინიც კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ამ საქმეებში. ეს საქმე სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, ამას მრევლი გადაწყვეტს. მრევლი თურქეთში და მრევლი საქართველოში", - დასძენს მურმან დუმბაძე.