დეპოლიტიზება, სამართლიანობა, ღირსება „სამი T“-ს პრინციპის ნაცვლად

დეპოლიტიზება, სამართლიანობა, ღირსება „სამი T“-ს პრინციპის ნაცვლად

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, „ქართული ოცნება“, მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ საარჩევნო პროგრამის განხორციელებას სამხედრო უწყებაშიც გეგმავს. უკვე ცნობილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რაზეც მომავალი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დასახელებული ირაკლი სესიაშვილი იმუშავებენ. საბრძოლო მზადყოფნის განვითარება, ჯარის დეპოლიტიზება, სამხედრო მოსამსახურეთა შორის სამართლიანობისა და ღირსების აღდგენა - ასეთია ახალი პოლიტიკური გუნდის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, „სამი T”-ს პრინციპი უნდა ჩაანაცვლოს.


„საკადრო წმენდაში“ მოყოლილ პროფესიონალებს შანსი მიეცემათ

ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რაც „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლების შემდეგ ხვდება საქართველოს მომავალ თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს, ეს არის საკადრო პოლიტიკა - უფრო ზუსტად, პოლიტიკური ნიშნით არმიიდან დათხოვნილი დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრების მოძიება და მათი სამხედრო სამსახურში დაბრუნება. პროცესი არ იქნება იოლი, ამბობს საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, უფლებადამცველი ირაკლი სესიაშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის სამხედრო სამსახურიდან ბოლო წლებში დათხოვნილი ოფიცრების საქმეებს და იზრუნებს მათ სამართლიან რეაბილიტაციაზე:

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, პროფესიონალებით დაკომპლექტდეს როგორც თავდაცვის სამინისტრო, ისე სხვა ძალოვანი უწყებები. ჩვენ ამ საკითხზე უკვე გვქონდა საუბარი ბატონ ირაკლი ალასანიასთან და უკვე ვცდილობთ იმ მექანიზმის შემუშავებას, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარი მეგობრული თუ სხვა ნიშნით სამსახურში პროფესიული კადრების დაბრუნებას. პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა მიზეზების გამო ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილმა პირებმა უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს და უკვე დამოუკიდებელი კომისიის ფარგლებში მოხდება მათთვის შესაბამისი ადგილის გამოძებნა.“

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ ბრძოლას გამოუცხადებს არმიაში გამეფებულ კორუფციას. ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს კორუფციის არსებობას როგორც არმიაში, ისე, საერთოდ, სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას, რომელიც პოსტზე დამტკიცების შემდეგ სამხედრო უწყებაში საკუთარი გუნდით მისვლას გეგმავს, ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს:

„კორუფციისგან გათავისუფლდება თავდაცვის სამინისტრო, იქნება გამჭვირვალე; ჩვენი სამხედრო კადრები, რომლებიც დაითხოვეს სხვადასხვა არასწორი მიზეზით თავდაცვის უწყებიდან, დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს. ერთი კაცი, ერთი პროფესიონალიც კი არ ჰყავს საქართველოს დასაკარგი და დამერწმუნეთ, რომ ძალიან მალე ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იქნება ისე ამაღლებული, რომ ჩვენ ყველა ამოცანის გადაწყვეტას შევძლებთ.“


დეპოლიტიზება და ღირსების აღდგენა

დათხოვნილი ოფიცრების გარდა, გავრცელებული აზრით, კომფორტულ მდგომარეობაში არც ის ოფიცრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც თანამდებობის სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მმართველი პოლიტიკური რეჟიმისადმი უსიტყვო მორჩილებას და ოქტომბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებდა. როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ახალი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა სამხედრო მოსამსახურეები ღირსებით ემსახურონ ქვეყანას, იყვნენ სათანადოდ უზრუნველყოფილნი და მხოლოდ სინდისის კარნახით გააკეთონ არჩევანი:

„ცხადია, მთავარი მიზანია გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და უზრუნველვყოთ უსაფრთხო ცხოვრება. ამისათვის საჭიროა როგორც სისტემური რეფორმის განხორციელება, ასევე იმ პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დაუშვებელია უსაფრთხოების საკითხების რაიმე სახით შეხება პოლიტიკასთან. ანუ უნდა მოხდეს სრული დეპოლიტიზაცია და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა ღირსეული პროფესიონალი სამხედრო ოფიცერი თუ პოლიციელი დაუბრუნდეს სამსახურს და ემსახუროს ქვეყანას.“


არმიაში სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი დაინერგება

არმიის დეპოლიტიზების პარალელურად, ახალი ხელისუფლება აპირებს იზრუნოს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე. გარდამავალი ქვეყნების არმიებში მიიჩნევა, რომ ჯარისკაცის უფლებების ყველაზე კარგი დამცველი მისი მეთაურია. ამ მოსაზრებაში არის სიმართლე, თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგჯერ მეთაურებს, ზემდგომი ხელმძღვანელობისგან საყვედურის თავიდან არიდების მიზნით, სჩვევიათ მიჩქმალონ მათ სამხედრო ნაწილში მომხდარი არასაწესდებო შემთხვევები, განსაკუთრებით, ე.წ. „ბულინგი“, ანუ უფროსი ასაკის ჯარისკაცის მიერ ახალბედა წვევამდელის დამცირება. ასეთი ფაქტები ხდება დასავლეთის განვითარებული ქვეყნების არმიებში და რა გასაკვირია ხდებოდეს საქართველოს სამხედრო უწყებაში, რომელიც, არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვით, ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა. მომავალი პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება აპირებს, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის უფლებების დაცვის მიზნით, დააარსოს სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში - შვედეთსა და გერმანიაში - მოქმედებს:

 „ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი და ხელს უწყობს მედიატორობას სამხედრო უწყებასა და ხელისუფლებას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სისტემის დანერგვით ჩვენ აქამდე არსებულ ძალიან ბევრ სერიოზულ ხარვეზს აღმოვფხვრით და ჩვენს ჯარისკაცებს მივცემთ საშუალებას, ღირსეულად იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში.“ 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელობა გეგმავს რადიკალურად შეცვალოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, უარი თქვას ჟურნალისტების შერჩევის პრინციპზე და აღადგინოს რეგულარული პრესკონფერენციების მივიწყებული ტრადიცია. უფრო მაღალ სფეროებს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ასევე გადაიხედება სარეზერვო მომზადების პროგრამები, შემცირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადგენილი ვადა და გაწვევის გეგმა, პროფესიული ელემენტების შემდგომი ზრდის კვალობაზე. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ გადაიხედება, ესაა ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის საკითხი. ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა საქართველოს მომავალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც პარასკევს სამძიმარი გამოუცხადა საბრძოლო მისიის შესრულებისას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მინდია აბაშიძის ოჯახს.