საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებულ მსხვილ საწარმოებში გაფიცვა დაიწყო. მუშები ხელფასების მატებასთამ ერთად პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. რუსთავის მეტალურგიულისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ერთდროულად გაიფიცნენ.
„რუსთავის ფოლადის“ წვრილსორტული საამქროს გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის დირექციას ხელფასების გაზრდის და სამუშაოს პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმართეს. ისინი ხელფასების 1000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. „რუსთავის ფოლადის“ ქარხნის დირექციამ გადაწყვიტა, რომ წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდეს, სადაც ორ მხარეს შორის ხელფასის გადახედვას განიხილავენ.
„აქციების მოწყობა და გაგრძელება მათი უფლებაა, თავად გადაწყვიტონ. ჩვენ გაფიცულების მოთხოვნები, მათ შორის ხელფასის გაზრდაზე მოვისმინეთ. ახლა ამ მოთხოვნებს შევისწავლით და კონკრეტულად რის დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვუპასუხებთ. ჩვენ მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს“ - განაცხადა „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქიძემ.
მისი მტკიცებით, „რუსთავის ფოლადის“ ქარხნის 1 500-მდე თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მათ ანაზღაურების სხვა პაკეტიც აქვთ: სამედიცინო დაზღვევა, უფასო კვება და სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
პარალელურად ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. აქ საქმის კურსშია პროფკავშირები, რომლებიც გაფიცულებთან მჭიდრო კავშირში არიან.
„ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა, ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან ბატონ აკაკი გურჯიძესთან, მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. სავარაუდოდ, აქცია გადაინაცვლებს ტრესტის წინ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობამ გაფიცულ თანამშრომლებს სწრაფად უპასუხა, სადაც გაფიცულები მართულ პროცესებში დაადანაშაულა.
„15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება იმავე საღამოსვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.
აქედან გამომდინარე, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, მაღაროელების მოთხოვნა ჯერ, საკვების ხარისხის გაუმჯობესება იყო, ახლა კი ხელფასების პოლიტიკის გადახედვაა.