იაფი ყაზახური ხორბალი საქართველოში ბრუნდება - რა შეიცვლება ბაზარზე?

იაფი ყაზახური ხორბალი საქართველოში ბრუნდება - რა შეიცვლება ბაზარზე?

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ბაზარზე ყაზახური ხორბალი ბრუნდება. საქართველოს მთავრობის ვიზიტმა შუა აზიურ ქვეყანაში დადებითი შედეგი გამოიღო. შედარებით იაფი ყაზახური პროდუქტის შემოსვლის შემდეგ, საქართველოში პურის გაძვირების საკითხი მოისხნება და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მეწარმეებმა ფასის შემცირებაზეც იფიქრონ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა. საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების დონეზე საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი.

„დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვას თავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას“, -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა საქართველოში დაბრუნებისთანავე გეგმავს შეხვედრების დაწყებას მეხორბლეებთან და ასოციაციებთან, რათა იმპორტიორებმა ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობით.

საქართველოს ბოლო სამი წელია ხორბლის 90% რუსეთიდან შემოაქვს. ერთი ტონა მარცვლეული დაახლოებით 244 აშშ დოლარი ღირს. ეს საქართველოსთვის ამჟამად ყველაზე მისაღები ფასია. შუა აზიური ხორბალი 260 დოლარი ჯდება, თუმცა რადგან ყაზახურმა მხარემ ტარნსპორტირების სუდსიდირება თავის თავზე აიღო, პროდუქტის თვითღირებულებაც შემცირდება.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა დადებითად აფასებს ყაზახური ხორბლის ბაზარზე დაბრუნებას. მის აზრით, პურპროდუქტების მწარმოებლებს მეტი შესაძლოებლობა გაუჩნდებათ.

„ეს დადებითი მოვლენაა, რადგან 4-5 წლის წინ ყაზახური ხორბალი ქართულ ბაზარზე საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი. მას ბაზრის 30-40% ეკავა. თუ ეს მექანიზმი ისევ ამუშავდება, ყაზახური ხორბალი რუსულ ხორბალთან ერთად გაიყიდება, რაც ბაზრის დივერსიფიცირებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. ჯერ ტარიფებზე მსჯელობა ნაადრევია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ტარიფი, რომლითაც ყაზახური ხორბალი რუსულ ხორბალს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. გასათვლისწინებელია ის, რომ გადაზიდვის კომპონენტში რკინიგზა ერთვება.

სულაც არ ვფიქრობ, რომ ყაზახური ხორბალი რუსულ ხორბალს მთლიანად ჩაანაცვლებს. თავისუფლად შეიძლება ჩვენს ბაზარზე ორივე ქვეყნის მარცვლეული იყოს წარმოდგენილი. ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის, თუნდაც იმიტომ, რომ წისქვილკომბინატებს შეუძლიათ ე.წ. კუპაჟი გააკეთონ: რუსული ხორბალი ყაზახურს შეურიონ და საკმაოდ კარგი ხორბალი მიიღონ, რომლითაც მაღალი ხარისხის ფქვილს გამოუშვებენ“, - აცხადებს სილაგავა.

სოციალისტი ამერიკული და კანადური ხორბალი სადაა????
4 წლის უკან
სოციალისტი გეკითხებით, რატომ აღარ ყიდულობთ ამერიკულ ხორბალს, რაშია საქმე?! უფრო კარგად არის გაწმენდილი მინარევებისაგან, კალიბრებულია (ყველა მარცვალი თანაბარი ზომისაა) , ყველა პარამეტრით ჯობს რუსულ და ყაზახურ ხორბალსაც (ყაზახური პროტეინის შმცველობით რუსულს გვარიანად აღემატება).
4 წლის უკან