ამბობენ, ისტორია მეორდებაო. შესაძლოა, ამ სენტენციის ბევრს არ სჯერა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ “წარსულში დავბრუნდეთ” და “ნაციონალთა” წინააღმდეგ ნიუნბერგის პროცესის მსგავსი სასამართლო გაიმართოს. ყოველ შემთხვევაში, “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკა მჟავანაძე, რომელიც თავის დროზე პროკურატურის სისტემაში მუშაობდა, ახალ ხელისუფლებას მიმართავს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, გამოძიება დაიწყოს. ამასთან, მჟავანაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი, რომელიც ქუთაისის პარლამენტის შენობაში უნდა ჩატარდეს, პირდაპირი ეთერით უნდა გადაიცეს. მთავარი მოსამართლე კი, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი უნდა იყოს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამდე ევროსასამართლოს იურისტად მუშაობდა.
_ ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ რევანში გამორიცხულია. ნიკა, შენ კი, აცხადებ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ნიუნბერგის პროცესის მსგავსი სასამართლო უნდა მოეწყოს. მართალია, “ნაციონალებზე” ათას რამეს ამბობენ, მაგრამ “ახალი ნიუნბერგისთვის”, ალბათ, ისეთი მტკიცებულებებია საჭიროა, რომელთაც, როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა. გაქვს ასეთი მტკიცებულებები?
_ საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე საკადრისად არავინ დასჯილა, ანუ ვინც დასასჯელი იყო, მისთვის ხელი არ უხლიათ. “უფლებადამცველთა გაერთიანება” რევანშისა და უდანაშაულო ადამიანების დასჯის წინააღმდეგია. ყველა ფაქტის სამართლებრივი აწონ-დაწონა უნდა მოხდეს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვის მაგალითი იყოს. ის, რაც “ნაციონალებმა” ჩაიდინეს, ოცდაჩვიდმეტ წელს ქართველი ხალხის წინააღმდეგ კომუნისტებსაც კი არ გაუკეთებიათ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სხვათა შორის, ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი საბაბი მღვდლის გაუპატიურება გახდა. მართალია, “ქართულ ოცნებას” მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ციხეში წამების კადრები რომ არ გავრცელებულიყო, არავინ იცის, დღეს ხელისუფლებაში ვინ იქნებოდა...
გია ბარამიძესა და ვანო მერაბიშვილს აღიარებითი ჩვენებები პირდაპირ ეთერში აქვთ მიცემული. მეტიც, სააკაშვილმაც ღია ეთერში თქვა, ბრძანება გავეცი, რომ აფრასიძეები ვერტმფრენებიდან დაეხოცათო. გარდა ამისა, სხვა უამრავი ფაქტი არსებობს, მაგალითად, ციხის ბუნტის საქმე, როცა რამდენიმე პატიმარი მოკლეს. ცხადია, ბრალს ვერავის დავდებ, მაგრამ არსებობს სამართლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს და მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის სასამართლო პროცესი ქუთაისის პარლამენტის შენობაში გაიმართოს. ეს უდიდესი მოვლენა იქნება, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს და თუკი ისინი უდანაშაულონი არიან, შეუძლიათ, დაამტკიცონ!
_ ნიკა, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტია. შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაჭერის სანქცია ვინ უნდა გასცეს?
_ ჯერ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს...
_ დღევანდელი მონაცემებით, “ოცნებას” ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ განახორციელებს. ამ ფონზე, თუკი დადგინდა, რომ ვთქვათ, ციხის წამების შესახებ სააკაშვილმა ადრევე იცოდა და, მეტიც, ყველაფერი მისი მითითებით ხდებოდა, არსებობს თუ არა სამართლებრივი მექანიზმი, რომ ახალმა ძალოვანმა მინისტრებმა სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, დაჭერის სანქცია გასცენ?
_ არა... ისე, ამერიკას სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, შეიძლება, არ აწყობს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ წლებია, ამ ადამიანს “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა და “მისაბაძ მაგალითად” მიიჩნევდა. სხვათა შორის, არც მუბარაქის გასამართლება უნდოდათ, მაგრამ ხალხი გამოვიდა და ეგვიპტის ახალი მთავრობა იძულებული გახდა, სასამართლო პროცესი დაეწყო.
_ ნიკა, შენი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე დაუყოვნებლივ ვის წინააღმდეგ უნდა აღძრას?
_ ახალაიების. სხვათა შორის, მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ “ნაციონალებმა” ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს, საქართველოდან 200 ადამიანი გაგვაყვანინეო, მაგრამ ამაზე ივანიშვილი არ დასთანხმდა.
_ ეს ულტიმატუმი კონკრეტულად ვინ წამოაყენა?
_ როგორც კულუარებში ამბობენ, გიგა ბოკერიამ... ისე, არ გამოვრიცხავ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ახალაიების მძევალია. ზოგს ჰგონია, რომ “ნაციონალები” კუდს მოიქნევენ, მაგრამ რა კუდის მოქნევა, რისი ოპოზიცია. “ნაციონალები” ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ.
სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ რამდენიმე ბანკის გაქურდვა და მაღაზიის გაძარცვა საბოტაჟის მცდელობა იყო.
_ და ეს საბოტაჟის მცდელობა რას ემსახურებოდა?
_ უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, ბიძინა ივანიშვილი რომ გინდოდათ, ხედავთ, რა ხდებაო, მაგრამ რეალურად, ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლებაა. ახალაიები, გიგა ბოკერია, ბაქრაძე და სხვები რეალობას ვერ ეგუებიან და ჰგონიათ, რომ “ოცნება” ჩაფლავდება, მაგრამ არ მგონია, “ოცნება” ჩაფლავდეს. სხვათა შორის, მე თუ მკითხავთ, პირველი დასაჭერი დავით კეზერაშვილია და დაიჭერენ კიდეც. მაქვს კონკრეტული ფაქტი: არჩევნების წინ, ფოთში, ერთ-ერთ ბიზნესმენს 800 ათასის საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საერთოდ, არჩევნების წინ უამრავი “საპროცესო” გაფორმდა _ უნდოდათ, საარჩევნო დანახარჯები ბიზნესმენებისგან ამოეღოთ, მაგრამ ბიზნესმენები “ნაციონალებს” საფლავში არ ჩაჰყვებიან!
მოკლედ, მართალია, ამერიკას ძალიან უნდა, რომ სააკაშვილი არ გასამართლდეს, მაგრამ ის გამოძიებას ვერ დაუძვრება!..
2003-დან 2008 წლამდე პროკურატურის სისტემაში ვმუშაობდი. ზეწოლა იყო, რომ ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს უკანონო გადაწყვეტილებები მიეღოთ. ამიტომ, განცხადება დავწერე და წამოვედი. იმხანად გენპროკურორი ადეიშვილი იყო, მოადგილე კი, _ ლაცაბიძე, რომელიც მერე კონტროლის პალატაში გადავიდა... პროკურატურასა და სხვა სამსახურებიდან ასაკიანი ადამიანები იმიტომ გაუშვეს და მათ ადგილას ახალგაზრდები მიიღეს, რომ შეკითხვა _ “რატომ” _ არავის დაესვა... პროკურატურის სისტემაში სოციალისტური შეჯიბრებები იყო გაჩაღებული და რაიონის პროკურორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანდა ბიუჯეტში.
პროკურატურაში გატარებული წლების გამო, სინდისის ქენჯნას არ განვიცდი, რადგან ერთი უკანონო გადაწყვეტილებაც არ მიმიღია. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ოჯახზე უშიშროებისგან გარკვეული ზეწოლა იყო, მაგრამ ამის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია, არადა, დაჭერასაც ყოველ დღე ველოდი.
_ რატომ?
_ მართალია, ვიცოდი, რომ სააკაშვილის პროკურატურა სააკაშვილს არ დაიჭერდა, მაგრამ პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი, რომელმაც პრეზიდენტის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევიტანე. საერთოდ, სააკაშვილის შემდეგ, ყველაზე დიდი დამნაშავე ზურაბ ადეიშვილია. საქართველოს, რეალურად, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი მართავდნენ. ყველა დანარჩენი კი, შემსრულებელი იყო. ახალაიებიც კაციჭამიებად სააკაშვილმა “ჩამოაყალიბა”.
_ ნიკა, შენი აზრით, ზუგდიდში როლანდ ახალაიას გამაჟორიტარება სააკაშვილისა და, საერთოდ, “ნაცმოძრაობისთვის” ასეთი მნიშვნელოვანი რატომაა?
_ იმიტომ, რომ ახალაიები “ნაციონალური” უკანონობების სიმბოლოები არიან, თან ირაკლი ალასანია ის ლიდერია, რომელზეც ამერიკა აქცენტს აკეთებს. სხვათა შორის, 2009 წელს, როცა თბილისში ოპოზიციის გამოსვლები იყო, კახა ლომაიასგან გამოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ირაკლი ალასანია იქნება. ამერიკის ისტორიაში, ალბათ, არასოდეს ყოფილა, რომ ამერიკის ელჩი მიტინგზე მისულიყო, მაგრამ უპრეცედენტო რამ მოხდა _ ნორლანდი რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში, ალასანიას მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. ცხადია, ელჩს ეს ნაბიჯი თავისი ნებით არ გადაუდგამს, მას დავალება ჰქონდა... ამიტომ, “ნაციონალები” ცდილობენ, ალასანიას გზები გადაუჭრან და მერე, თქვან, რა პრეზიდენტობაზეა ლაპარაკი, როცა ზუგდიდში ვერ გაიმარჯვაო. გამორიცხული არაა, რომ ალასანიას წინააღმდეგ შავი პიარი იმ ადამიანებმაც ააგორონ, რომლებიც დღეს მის გევრდით დგანან.
_ ვის გულისხმობ?
_ ფრჩხილების გახსნა არ მინდა... სხვათა შორის, ზუგდიდში ხალხი იმ დონეზე ჰყავდათ დაშინებული, რომ სახლებში მოსასმენი აპარატურები ჰქონდათ დამონტაჟებული და იმასაც კი იგებდნენ, მაგალითად, ვინ უყურებდა “მაესტროს” და ვინ _ არა.
_ ნიკა, მოდი, ისევ ქართულ “ნიუნბერგს” დავუბრუნდეთ. ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი, რასაც გააკეთებს, სასამართლოს პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება იქნება, თუმცა საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ათი წლითაა არჩეული და კოტე კუბლაშვილს, რომელიც “ნაციონალთა” ავანგარდშია, ვადა 2015 წელს ეწურება. შესაბამისად, შენი აზრით, ყოფილი მმართველი გუნდი ვინ უნდა გაასამართლოს?
_ ვფიქრობ, თეა წულუკიანმა, მით უმეტეს, რომ მას სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება სასამართლოს, მართალია, უსამართლო გადაწყვეტილებას ბევრი მოსამართლე იღებდა, მაგრამ მოსამართლეები როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ?
სხვათა შორის, თუკი ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიმართ ძალადობა იქნება, ან საქმე შეითითხნება, მას პირველი მე დავიცავ.
_ ვთქვათ, ახალაიები და სხვებიც დაიჭირეს. როგორ ფიქრობ, ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ?
_ რა თქმა უნდა. ნიუნბერგის პროცესზეც ასე მოხდა და ერთმანეთი “ჩაუშვეს”. ერთადერთი, ვინც, ასე ვთქვათ, სახე შეინარჩუნა, ჰიმლერი იყო.
_ ვინ აღმოჩნდება “ნაციონალთა” ჰიმლერი?
_ ამის თქმა ძნელია, რადგან ესენი მხდალი ადამიანები არიან, ერთმანეთს თხასავით გაჰყიდიან და უამრავ ფაქტს თვითონვე დადებენ. ჩვენ საქმე რიგით კრიმინალურ კი არა, ქვეყნის წინაშე ჩადენილ სახელმწიფო დანაშაულებებთან გვაქვს, ანუ მათ სამშობლო გაყიდეს და მომავლის პერსპექტივა დაგვიკარგეს!
_ ნიკა, რა ამის პასუხია და, სატელეფონო მოსმენებს ბოლო მოეღება?
_ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ უკანონო მოსმენები დაიწყოს, თუმცა ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლებაა და “მოსმენები” ისევ გრძელდება!
_ მოარული ინფორმაციით, არსებობს ფარული ჩანაწერი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ფარდას ახდის. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ ქმნიდნენ “ნაციონალები” ერთმანეთზე კომპრომატებს?
_ სიამოვნებას ანიჭებდათ, თან ერთმანეთს არ ენდობოდნენ... ვანო, გახსოვს, თავის დროზე სააკაშვილმა დიმიტრი ქიტოშვილი, თავისი მეგობარი რომ გაწირა?.. სააკაშვილს ახალაიების მოცილება და შეიძლება, დაჭერაც უნდა, მაგრამ დღეს ახალაიას სააკაშვილზე იარაღი აქვს მიბჯენილი... არჩევნების წინ ახალაიები რომ დაეჭირა, არჩევნებზე სულ სხვა სურათს მივიღებდით, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა...