არც ერთი ახალი პარკინგი - რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები?

არც ერთი ახალი პარკინგი - რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები?

დედაქალაქში საპარკინგე ადგილების მოწყობით არავინ ინტერესდება. მერია ცდილობს ინვესტორები დააინტერესოს, მაგრამ ისინი ძალიან პასიურობენ.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი, რომლის მშენებლობაც კომპანია „იქს 2“-ს 2019 წლის აპრილში უნდა დაეწყო, აღარ განხორციელდება. მიზეზი გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ჩადებულ ინვესტიციას 18 წელი ვერ ამოიღებს. მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა ჯამში 11 მილიონ ლარს შეადგენდა. პარკინგი მინიმუმ 180 ავტომობილს იტევდა. საინვესტიციო თანხა სრულად პროექტის განმახორციელებელ კომპანიას „იქს 2“-ს ეკუთვნოდა და მასში მერია არ მონაწილეობდა.

მერიამ ბიზნესმენს ტერიტორია 27-წლიანი მართვაში გადასცა. მიწისქვეშა პარკინგი ფილარმონიის გვერდით, ამჟამად არსებულ მიწისზედა პარკინგზე უნდა მოწყობილიყო.

კომპანია „იქს 2“-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორი ვალერიან კირკიტაძე აცხადებს, რომ აღნიშული შედეგები კომპანიამ თბილისის მერიას წარუდგინა და პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.

„მოთხოვნისა და ფასების გათვალისწინებით, აღნიშნული ობიექტი მომგებიანი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენი და თბილისის მერიის გათვლები არ დაემთხვა ერთმანეთს“, - აღნიშნა კირკიტაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარკინგის მოწყობა ვერ ხერხდება. უფრო ადრე თბილისის მერიამ ინტერსის გამოხატვა ოთხ ლოკაციაზე 2018 წლის 25 აპრილს გამოაცხადა. ინტერესის გამოხატვის ვადა 22 ივნისს ისე ამოიწურა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის დამფუძნებელი, გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ თბილისში, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა შეუძლებელია, რადგან ამ კუთხით არ არსებობს ერთიანი ხედვა თუ პოლიტიკა.

„ფილარმონია ისეთი ადგილია, თუ იქ ინვესტორს დაინტერესება არ აქვს, რასაკვირველია ყურადღებას არ გამოიჩენს. ქუჩაზე თუ არ იქნება შეზღუდვა ან გადასახადი, რატომ ჩავა იქ მძღოლი გაუგებარია. სხვანიარად, არსად ამოქმედებულა და შემქნილა ალტერნატიული საპარკინგე სივრცეები და არ მესმის, ჩევნთან როგორ ან რატომ შეიძლება იმუშაოს“, - განაცხადა კვაშილავამ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები ადასტურებენ, რომ მერის დაპირების მიუხედავად, დედაქალაქში პრობლემა არ მოგვარებულა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის აზრით, სანამ დედაქალაქის მერია სერიოზული პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს საკითხები, რომლის მოგვარებაც თბილისის მერიას ახლა შეუძლია.

„პარკირების მოგვარებას შეეცდებიან გადასახადის გაძვირების გზით. ასეთი მეთოდებისთვის მიუმართავთ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს განვითარებული. მე თუ ვიცი, რომ 2 საათი გაჩერება შეიძლება 10 ლარი დამიჯდეს, ამ შემთხვევაში ვამჯობინებ, რომ ავტობუსით ან მეტროთი წავიდე. დედაქალაქის პრობლემებს რომ გავყვეთ, საცობი იქნება ეს, პარკირება, თუ ნებისმიერი სხვა, ისევ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მივდივართ.

გარდა ამისა, ახლავე შეიძლება 20-25 პროცენტი პარკირების დაკარგული ადგილის დაბრუნება მძღოლებისთვის. ამ ადგილების დაბრუნებას ინვესტიცია არ სჭირდება, სჭირდება სწორი მენეჯმენტი და ამ დარღვევებზე რეაგირება. დღეს დედაქალაქში პარკირების ადგილები მითვისებულია. უამრავ ადგილზე ასფალტი არის დაზიანებული და ჩაბეტონებულია რკინის მილები, თვითნებურად ვიღაცეების მიერ გაბმულია ჯაჭვები, ეს შეიძლება იყოს კომერციული ობიექტის მეპატრონე ან იქ მცხოვრები. ქალაქი დამახინჯებულია პარკირების თვითნებური რკინის კონსტრუქციების განთავსებით.

მითვისებულია ასევე ავტოსადგომის მორიგეების („სტაიანშიკი“) მიერ, პირდაპირ ღობავენ ტერიტორიებს და მანქანას ვერ გააჩერებ, თუ თანხა არ გადაუხადე. პარკირების ადგილზე დგას მიტოვებული ავტომანქანებიც, ავტომობილის გაქირავების ბიზნესიც. ის კი არა პარკირების ადგილებზე ნაგვის ბუნკერებიც დგას“, - განუცხდა „კომერსანტს“ მესხიშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ვითარების სწრაფად გამოსწორება ყოვლად წარმოუდგენელია.