როლანდი და ნორლანდი

როლანდი და ნორლანდი

ამასაც მოვესწარით... შეერთებული შტატების ელჩი ზუგდიდში «ქართული ოცნების» მიტინგს შეუერთდა და ამომრჩეველთა ხმების სამართლიანი დათვლა მოითხოვა. კიდევ კარგი, რომ როლში არ შეიჭრა და იქვე უვადო შიმშილობა არ გამოაცხადა, თუმცა მსგავსი სულისშემძვრელი ექსცესების გარეშეც ნათლად გამოჩნდა, რა პოზიცია დაიკავა ვაშინგტონმა ქართული არჩევნების შემდეგ. თუ დიპლომატიურ ეტიკეტს გვერდზე გადავდებთ და ამ პოზიციის არსს ერთ წინადადებაში მოვაქცევთ, ის დაახლოებით ასე გაიჟღერებს: «ძია სემმა სააკაშვილის რეჟიმი ჩარეცხა» (ბოდიში «ნაციონალების» ჟარგონის გამოყენებისთვის, თუმცა ზმნა, რომელიც შექმნილ სიტუაციას უკეთ მიესადაგება, ამქვეყნად, უბრალოდ, არ არსებობს).

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

ვინაიდან იმ კოშმარული მეთოდების ჩამონათვალი, რომელიც ზუგდიდში «ნაცმოძრაობის» კანდიდატმა როლანდ ახალაიამ გამოიყენა, რათა ირაკლი ალასანია დაემარცხებინა, თავისი მოცულობით მაჰაბრჰარატას აღემატება, მასზე არ შევჩერდებით; წერტილს ამ საქმეში, სავარაუდოდ, სასამართლო დასვამს. გაცილებით საინტერესოა იმ ნაბიჯებზე დაკვირვება, რომლებმაც აშშ-ის ელჩი ნორლანდი ზუგდიდის მიტინგზე მიიყვანა. ფსიქოლოგიური ეფექტი მისი გამოჩენიდან ისეთი მასშტაბური იყო, თითქოს ახალაიებსა და «ნაცმოძრაობას» მთლიანობაში თორმეტივე ამერიკულმა ავიამზიდმა შეუტია. ანტიამერიკულად განწყობილი მოქალაქეებისთვის ეს განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, თუმცა პროამერიკელებისთვის ეს იყო ცუნამი და ტორნადო ერთ ფლაკონში. 

ალბათ, მიზანშეწონილია, რიჩარდ ნორლანდის მარშრუტის დადგენა ოდნავ შორიდან დავიწყოთ. 2008-ში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გამოაქვეყნა წიგნი «მეორე შანსი: სამი პრეზიდენტი და ამერიკული ზესახელმწიფოს კრიზისი», რომელშიც კრიტიკულად გააანალიზა კლინტონისა და ორივე ბუშის ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკა, ხოლო ბოლო თავში მოკლედ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა თუ რა უნდა გააკეთოს ვაშინგტონმა, რათა ჩიხიდან გამოვიდეს. «არაბული გაზაფხულის» დაწყების შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ობამას ადმინისტრაცია მისი იდეების გავლენის ქვეშ იმყოფება.

ბჟეზინსკის რეკომენდაციების მოკლე შინაარსი შეიძლება კარგად ნაცნობი ფრაზის მეშვეობით გადმოიცეს: «თუ შეუძლებელია რევოლუციას წინ აღუდგე, მას სათავეში უნდა ჩაუდგე». ამ წიგნში ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გადაქცევას ბრიტანული იმპერიის გლობალურ ანალოგად, საითკენაც მას უმცროსი ბუშის ადმინისტრაცია მიაქანებდა, და ძველ, იმპერიული ტიპის კონტროლს უცხო ქვეყნებზე სასტიკად გმობს: «არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე პოსტიმპერიულ ეპოქაში ამერიკული პოლიტიკის აღქმა, როგორც თავდაჯერებულად იმპერიულის და კოლონიურ წარსულში ჩარჩენილის». მისი აზრით (მოკლედ და სქემატურად თუ გადმოვცემთ), შტატები თავისუფლების ჩირაღდნით ხელში «გლობალური პოლიტიკური გაღვიძების» ავანგარდში უნდა მოექცნენ, რაც მესამე სამყაროში ისეთივე სიმპათიას მოუტანს, როგორც ბრძოლა ევროპული კოლონიური იმპერიებისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ XIX-XX საუკუნეებში. ცხადია, პირველი, პრაქტიკული ხასიათის რეცეპტი, რომელიც ამ იდეებიდან გამომდინარეობს, ისაა, რომ ვაშინგტონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭიროს მხარი არაპოპულარულ რეჟიმებს, რომელთაც მოსახლეობის უმრავლესობა უპირისპირდება, რათა ადგილობრივების თვალში მჩაგვრელების მოკავშირედ არ წარმოჩინდეს, მიუხედავად იმისა, რა ლოზუნგებს იყენებს ორივე მხარე. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ ქვაკუთხედად, ფუნდამენტურ პრინციპად, რომელზეც, თითოეული ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ობამას ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას აფუძნებს. 

ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ამ პრინციპს უნივერსალური ხასიათი აქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არაბულ ქვეყნებსა და საქართველოში ვაშინგტონმა ის გაითვალისწინა; მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელები ხალხის წინააღმდეგ არ წავიდნენ. ამასთანავე, სააკაშვილის რეჟიმი, მთელი თავისი არსით, რუსულ-ამერიკული «გადატვირთვის» ლოგიკაში არ ჯდებოდა და, პარადოქსულად, ჩვენს დროში «ცივი ომის» გადმონაშთს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დასრულებიდან ათიოდე წელიწადში ჩამოყალიბდა. ამ ორმა ფაქტორმა ერთად მისი ბედი გადაწყვიტა და არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, თუ რამდენჯერ დაიფიცებდა სააკაშვილი ამერიკის სიყვარულს. მართალია, ამერიკელები ბოლო მომენტამდე აწარმოებდნენ ორ დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსს და, ამასთანავე, მანევრის თავისუფლებას ინარჩუნებდნენ, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, გააკეთეს ის, რაც ოპოზიციურ საზოგადოებას სურდა: გაყალბების არანაირი «გაპრავება» და არც სააკაშვილის მხარდაჭერა ნებისმიერ ფასად, რაზეც მთელი ამ წლის განმავლობაში რეჟიმის ოპონენტები ნერვიულობდნენ, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

შემოდგომის ჩვიდმეტი გაელვება

იმისათვის, რომ უკეთ აღვიქვათ ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლებში ვაშინგტონში მოხდა, შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ბუშის ადმინისტრაციის ცინიკური პოზიცია საქართველოში 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ და აშშ-ის ხელისუფლების დღევანდელი მიდგომა, რომელიც არ აპირებს სააკაშვილს თუნდაც ერთი გადაწერილი ოქმი შეარჩინოს. რიჩარდ ნორლანდის გამოჩენა «ქართული ოცნების» აქციაზე ზუგდიდში ამის მშვენიერ ილუსტრაციას წარმოადგენს, თუმცა ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია.

წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ძნელად მოსაძებნი იყო უფრო არაპოპულარული ფიგურა, ვიდრე «ენდიაის» თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო თავისი იდიოტური რეიტინგებით, რომელიც საზოგადოების აღშფოთებისა და დაცინვის ობიექტი გახდა. თუმცა, მოდით, სიტუაციას სხვა რაკურსით შევხედოთ: ნავაროს რეიტინგები, რომლებშიც «ნაციონალური მოძრაობა» უპირობოდ ლიდერობდა, გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ სააკაშვილის ჯგუფი წავიდა არჩევნებზე და არა რომელიმე ხისტ ძალისმიერ სცენარზე, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან განიხილავდა. ნავაროს რეიტინგებმა მას იმედი ჩაუსახა, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას არჩევნებით შეძლებს და ვაშინგტონმა შეიძლება გაყალბება და ათასი უმსგავსობა «გაუპრავოს». ახლა წარმოვიდგინოთ ლუის ნავარო, როგორც მზვერავი მოწინააღმდეგის ზურგში, ერთგვარი შტანდარტენფიურერი შტირლიცი ცნობილი ფილმიდან, რომელიც «ესესის» ფორმასაც ატარებდა და «ზიგ ჰაილსაც» ყვიროდა, მაგრამ სინამდვილეში რაიხს ძირს უთხრიდა. სააკაშვილის ჯგუფის არჩევნებამდე მიყვანის საქმეში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; თუ კონსპიროლოგიური ვერსია მისი საიდუმლო მისიის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, ერთი-ორი მედალი ნამდვილად უნდა ჩამოკიდონ.

შეთქმულების თეორიები იქით იყოს, საინტერესო ფაქტები ისედაც საკმარისზე მეტია. ამა წლის 22 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ სელესტ უოლანდერმა გადაწყვიტა, გორის თავდაცვის აკადემიის მსმენელებთან ესაუბრა დემოკრატიასა და სამხედროების როლზე საზოგადოებაში; მის გამოსვლაში იყო ფრაზა: «სამხედრო უწყება არა მარტო აპოლიტიკური უნდა იყოს, არამედ ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ის აპოლიტიკურია» და მრავალი სხვა მსგავსი სულისკვეთების მონაკვეთი. ქვეტექსტი მარტივად იკითხებოდა: «არმია დიქტატორის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს». საინტერესო იყო არა მხოლოდ ეს გამოსვლა, არამედ მისი «საინფორმაციო კვალი», თუ ჩვენ პარალელებს სხვა ამერიკელი სტუმრების გამოსვლებთან გავავლებთ და ყურადღებით გადავხედავთ იმ პერიოდის პუბლიკაციებს, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ის საელჩომ გააკეთა გაცილებით მეტი იმისთვის, რომ უოლანდერის ტექსტს რაც შეიძლება დიდი აუდიტორია მოეცვა. ამ გამოსვლის შემდეგ სააკაშვილი 25 თებერვალს იმავე გორის აკადემიაში პოლიტიკური გზავნილებით გადატვირთული (თუ გახსოვთ, მაშინ არაერთი კომენტატორი აღნიშნავდა, რომ ამისთვის შეუსაბამო ადგილი შეარჩია) «რეჩი დაარტყა», სადაც ოპოზიციას, მათ შორის, შემდეგი სიტყვებით მიმართა: «თქვენ უბრალოდ ახმოვანებთ იმას, რაც დღისით და ღამით ელანდება პუტინს» ვინ იცის, იქნებ ეს ძნელად შესამჩნევი ნიუანსები წარმოადგენს იმ ფარული ბრძოლის გამოვლინებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იმის გარშემო წარიმართა, შეძლებს თუ არა სააკაშვილი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ოფიცერთა კორპუსისა და ზოგადად არმიის გამოყენებას? ფარდა ამ საიდუმლოს მხოლოდ შორეულ მომავალში ან, რაც უფრო სავარაუდოა, არასოდეს აეხდება.


დღეს სააკაშვილის ადვოკატები (ეს გამოთქმა ჯერჯერობით გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება) ამტკიცებენ, რომ დამარცხების აღიარებით და ძალის არგამოყენებით სააკაშვილმა საოცარი დემოკრატიულობა გამოავლინა. ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ წინასაარჩევნოდ ამ «დემოკრატმა» უამრავი ოპოზიციონერი დააპატიმრა და ზონდერებს აცემინა, სატელიტური თეფშები დააყადაღა, ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებს მრავალმილიონიანი ჯარიმა გამოუწერა და ა. შ. თუმცა, ალბათ, არანაკლებ ლეგიტიმურია ვერსია, რომლის ფარგლებში, სააკაშვილი ძალისმიერ სცენარზე მხოლოდ იმიტომ არ წავიდა, რომ გადამწყვეტ მომენტში შესაბამისი რესურსი, აშშ-ის მხადაჭერა და საკმარისი რაოდენობის ძალოვნები, არ აღმოაჩნდა. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიარაღებული ძალები არავითარ შემთხვევაში არ დაუპირისპირდებოდნენ საზოგადოებას, უპირველესად, საკუთარი შეგნებიდან და არა ამერიკელი პარტნიორების რჩევებიდან გამომდინარე, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ამ მიმართულებით ამერიკელებმაც «დაგვაზღვიეს».


ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების საფარქვეშ რაღაც გაურკვეველი ფორმირებები შეექმნა, რაზეც ირაკლი ალასანიამ ისაუბრა ცნობილ შეხვედრაზე უცხოელ დიპლომატებთან, ხოლო მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მოგვიანებით დამოუკიდებელი მედიის არაერთმა სიუჟეტმა დაადასტურა. ხელი გულზე დავიდოთ და შევეცადოთ, შემდეგ კითხვას ვუპასუხოთ: წავიდოდა თუ არა ამ სკანდალის აგორებაზე ვაშინგტონის «ლიუბიმჩიკი» ალასანია ამერიკელ პარტნიორებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე? იმაში თუ ვართ დარწმუნებული, რომ ინფორმაცია მხოლოდ ადგილობრივი წყაროებიდან მიიღო?


პრეზიდენტ კენედის ქუჩა


შეიძლება ითქვას, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა სააკაშვილის რეჟიმის განიარაღების და თანდათანობითი გათოკვის საიდუმლო ოპერაცია, რომელშიც შეძლებისდაგვარი მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო. თუ მათ შორის ამერიკელებიც იყვნენ, ამისთვის, ალბათ, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი, სავარაუდოდ, არაფერს გააკეთებენ, რომ არა საზოგადოების გამოკვეთილი სურვილი რეჟიმს ბოლო მოუღოს. მათ მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება (არაფერი პირადული, უბრალოდ, ბიზნესი), დასახეს მიზანი და მას მინიმალური დანახარჯებით (აქ უფრო პოლიტიკური და საიმიჯო ასპექტი იგულისხმება, ვიდრე ფინანსური) მიაღწიეს.


ამერიკული გავლენა საქართველოში, ცხადია, შენარჩუნდება, თუმცა ის, სავარაუდოდ, აღარ იქნება ისეთი შესამჩნევი და, ხშირ შემთხვევაში, გამაღიზიანებელი, როგორც მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის მმართველობის წლებში იყო. ამერიკელები, სავარაუდოდ, აღარ ჩაერევიან მიკრომენეჯმენტში, აღარ მოითხოვენ ქართველი პარტნიორებისგან პოსტსაბჭოთა სივრცეში «ფერადი რევოლუციების» ხელშეწყობას (ეს ისედაც წარსულს ჩაბარდა, უბრალოდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის შესახებ, როგორც ჩანს, ვერ შეიტყო) და გაგებით შეხვდებიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას (თუმცა არა ყოვლისმომცველ დაახლოებას); გაქრება ის ისტერიული ნოტა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობას მუდამ თან სდევდა. მარტივად რომ ვთქვათ, სიტუაცია დამშვიდდება, ჩვენც დავისვენებთ და ისინიც. მთავარი ახლა ისაა, იპოვის თუ არა საქართველო საკუთარ თავს «გადატვირთვის» რეალობაში და შეძლებს თუ არა გათავისუფლებას ახალი «ცივი ომის» მსოფლმხედველობისგან, რომელსაც სააკაშვილი ნერგავდა. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, მშვიდად და სერიოზულად დავფიქრდეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ მოვაცილოთ მას ყოველივე ცუდი და მხოლოდ კარგი დავტოვოთ.


და ბოლოს, მცირე, ასე თუ ისე, ლირიული გადახვევა: საკმაოდ დიდი ხანია, ვატარებ იმპროვიზებულ გამოკითხვას თემაზე «რომელი ამერიკელი მოღვაწის სახელს დაარქმევდით ჯორჯ ბუშის ქუჩას?» (საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი სახელწოდება თბილისელების უმრავლესობას უკიდურესად აღიზიანებს). ცხადია, ახალი სახელწოდება შეიძლება ამერიკას საერთოდ არ დაუკავშირდეს, მაგრამ შეკითხვის ასეთი ფორმულირება საკუთარ თავში გარკვეულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ქვეტექსტს (და ტესტს) შეიცავს. დღეისათვის ოთხი ძირითადი ვარიანტი გამოიკვეთა: ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, ფრანკლინ დელანო რუზველტი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ჯერჯერობით კენედი ლიდერობს და საკმაოდ საინტერესოა ფინჯან ლუდზე (ან კათხა ყავაზე) აუჩქარებელი მსჯელობა იმაზე, თუ რა ლოგიკა დგას ამ არჩევანის უკან.