მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, აშკარაა, რომ ამ გუნდს ძალაუფლების დათმობა არ სურს. ექსპერტთა ნაწილი უკვე ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის საფრთხეზე ალაპარაკდა, რის შედეგადაც, შესაძლოა, სახელისუფლებო კრიზისი მივიღოთ, რაც ექვსი თვის თავზე პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზეზად გამოადგება. რამდენად რეალურია პროცესების ამგვარად განვითარების საფრთხე და ამის რა ნიშნები გამოვლინდა უკვე? - ამ საკითხზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:
- არჩევნებიდან პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი თმობენ მინისტრთა კაბინეტს, მაგრამ არ თმობენ აღმასრულებელი ხელისუფლების რეგიონულ ვერტიკალს. მინისტრთა კაბინეტს აკომპლექტებს "ქართული ოცნება", თუმცა, ამასთანავე, გუბერნატორები და გამგებლები რჩებიან სააკაშვილის უშუალო დაქვემდებარებაში. გამოდის, რომ ამა თუ იმ რაიონის გამგებელი იძულებული იქნება, შეასრულოს, ერთი მხრივ, კონკრეტული მინისტრის, მეორე მხრივ კი, "ნაციონალური მოძრაობის" მითითებები, რაც ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი იქნება. შედეგად მივიღებთ უცნაურ სურათს - ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" აღიარებს, რომ ოპოზიციაშია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ძალა გააგრძელებს რეგიონული სტრუქტურების მართვას. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში პრობლემას არ ქმნის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სხვა ძალაა ხელისუფლებაში, საპარლამენტო არჩევნებისას კი - სხვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ აცხადებს, რომ ოპოზიციაშია, რადგან ის რეალურად მონაწილეობს ქვეყნის მართვაში. პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავს, შეუძლებელია, იყოს ოპოზიციაში. ადგილობრივი მმართველობის დაკომპლექტების საოცრად დაჩქარებული პროცესი ბუნებრივად წარმოშობს ორხელისუფლებიანობის პრობლემას, თანაც პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
გარდა ამისა, შეგახსენებთ ქუთაისის საკრებულოში გამართულ ბატალიებს და სასწრაფოდ არჩეულ ქალაქის მერს. აშკარაა. რომ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, თავისუფლად შეეძლო გაეყვანა თავისი კანდიდატურა, რომ დასცლოდა მართვის რეალური ბერკეტების ხელში აღება, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამისთვის დრო არ მისცა. ორხელისუფლებიანობის საფრთხის ერთ-ერთი სიმპტომია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა", დამარცხების მიუხედავად, ერთბაშად არ დაიშალა, როგორც ეს მოხდა 2003 წელს "მოქალაქეთა კავშირის" შემთხვევაში. დღეს, როდესაც არჩევნები ჩავლილია, "ნაციონალური მოძრობა" კი - დამარცხებული, ეს პარტია მაინც ინარჩუნებს მონოლითურობას. უმნიშვნელოვანესია, აგრეთვე, ტელევიზიების კონტროლი, დავით კეზერაშვილის ხელით ტელეკომპანიებში "რუსთავი 2"-სა და "მზეში" შევიდა უცხოური კაპიტალი და მასთან სამართლის ფარგლებში დაპირისპირებაც კი საკმაოდ ძნელი იქნება. რაც შეეხება "იმედს", განცხადება, რომ ეს ტელევიზია წყვეტს გასართობ გადაცემებს და იწყებს საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ტელევიზიების უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. კიდევ ერთი საკითხია დასავლური მედია, სადაც ბოლო ხანს, ნაციონალების ლობისტებმა შექმნეს იმგვარი ამინდი, რომ დღეს დასავლური მედია დიდწილად მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის დემოკრატიულობაზე წერს და საკმაოდ კრიტიკულად აფასებს "ქართულ ოცნებას".
- რას იტყვით პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუქვემდებარა "საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო", რომელსაც აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკონტროლებდა, და ასევე "სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო", რომელიც შსს-ს ექვემდებარებოდა.
- ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილსა და მისი გარემოცვის წევრებს კვლავ ექნებათ სახელმწიფო ფინანსებით უსაზღვროდ სარგებლობის უფლება. რაც შეეხება სპეცკავშირებს, ამით სააკაშვილი შეეცდება ჰქონდეს უცხო ყურისგან თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცე და, ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც მან დათმო ძალოვანი სტრუქტურები, ამ სამსახურიდან მის დაქვემდებარებაში რჩება სატელეფონო, და, არა მხოლოდ, მოსმენების უმძლავრესი რესურსი.
- ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კანდიდატურების წარდგენისას ასევე წარადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსთა კანდიდატურები. თუმცა დავით ბაქრაძემ განაცხადა: "მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად გადაეცემა "ქართულ ოცნებას", მაგრამ არსებობს თანამდებობები, რომლებიც არა მთავრობას, არამედ პრეზიდენტს, პარლამენტს და ა.შ ეხება. მათ შორის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი და გენერალური აუდიტორის თანამდებობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ კანონს და ეს თანამდებობის პირები არ იქნებიან იმ ცვლილების ნაწილი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება".
- გააჩნია, კანონი როგორ განსაზღვრავს მათი გამოწვევისა და დანიშვნის წესს, ვფიქრობ, ეს რთული პროცედურა გაჭიანურდება. აქვე ვიტყვი, რომ თუ ახალმა ხელისუფლებამ ამ ორ უმნიშვნელოვანეს უწყებაზე ვერ მოიპოვა კონტროლი, ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კასტრირებული იქნება.