ლარის გაუფასურებას ბოლო პერიოდში საწავავის გაძვირება დაერთო, რამაც საზოგადოებაში ცუდი მოლოდინი გააჩინა. იმის ნაცვლად, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობას შეღავათი ეგრძნო, ვითარება შეიცვალა და ახლა ირგვლივ უარყოფითი განწყობა გაჩნდა.
თუკი ლარის გაუფასურება ამ ეტაპზე სრულიად მოულოდნელი იყო, საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ვითარება კარგა ხანია მერყევია. შესაბამისად, გაძვირებას მომხმარებელი ყოველდღე უნდა ელოდოს. საწვავის გაძვირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. როგორც ვანო მთვარალაშვილი აღნიშნავს, ფასის ზრდა განპირობებულია „პლატცის“ ნიხრის მიხედვით და ამასთანავე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაც.
„საქართველოში ბოლო პერიოდში საწვავის ფასის ზრდა განპირობებულია საერთაშორისო ბირჟებზე, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასის მატებით. კერძოდ, „პლატცის“ მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით, 181.75 დოლარით ერთ ტონაზე, ანუ 38.4%-ით ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით, 128.75 დოლარით ტონაზე, ანუ 25.4%-ით.
ასევე, საგულისხმოა საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელზეც ასევე დამოკიდებულია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, შეადგენდა 2,67 ლარს და დღეისთვის მისი გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, შეადგენს 2,7450 ლარს.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10-15 თეთრით ლიტრაზე“, - აცხადებს მთვარელაშვილი.
ლარის გაუფასურებასა და საწვავის ღირებულების ზრდას ინფლაციის მაჩვენებლის მატებაც უნდა მოჰყვეს. სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც ყურადღება გაამახვილა, რომ წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღლა შენარჩუნდება. ამიტომ ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევების წინაშე დგას.
„2019 წელი ეროვნული ვალუტისთვის ცუდად დაიწყო. ყოველ დღე ვხედავთ მცირე, თუმცა გაუფასურების დინამიკას. ამას ემატება ფასების ზრდა საწვავზე, სურსათზე. აპრილში, წინა წელთან შედარებით, ფასები გაიზარდა საზოგადოებისათვის ყოველდღიურად აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ჯამში, წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა.
მხოლოდ სტაბილურობა (ვალუტის კურსის, საწვავის ფასის) და განსაზღვრულ დიაპაზონში „მერყეობა“ ქმნის საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების პირობებს.
ნავთობის ბაზარზე აღსანიშნავია გლობალური მიწოდების შეფერხება, რისკების ზრდა, ტრეიდერების მიერ ფასის მატება (არაპროგნოზირებადი გარემოსა და რისკის გამო). ბუნებრივია, ვალუტის კურსის გაუფასურებასა და საწვავის გაძვირებას მოსდევს ნეგატიური თანმდევი შედეგები, რაც მძიმედ აისახება საზოგადოების სოციალურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ აბულაძემ.