ლინკოლნ მიჩელი: “ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი“

ლინკოლნ მიჩელი: “ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი“

საარჩევნო კამპანიის დროს, რომლის შედეგადაც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა კოალიციამ მოიპოვა, ამ გამარჯვებულ გუნდს მრჩევლად ჰყავდა აყვანილი ლინკოლნ მიჩელი, აშშ-ის მოქალაქე, ასოცირებული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში. მიჩელი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინ და მის შემდეგ, 2002-2004 წლებში. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ამერიკელი მკვლევარი და მრჩეველი, რომელსაც საქართველოში მუშაობის გამოცდილება დაუგროვდა, საქართველოს მომავალ მთავრობაზე, „ქართული ოცნების“ შესაძლებლობებზე, მის სავარაუდო საგარეოპოლიტიკურ მიზნებზე. თავიდან მიჩელს ვკითხეთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, ზოგადად, კაბინეტის წევრების გამოცხადებამ. მიჩელი ფიქრობს, რომ ახალ კაბინეტში სხვა სტილის ხალხი მოხვდება, რომ ესენი არ არიან აგრესიული პოლიტიკოსები, ისინი მშვიდი და რაციონალური ადამიანები არიან. ეს არის დიდი განსხვავება ძველისგანო, ამბობს ის:

„თავიდანვე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, იყო გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. იმასაც წერდნენ, რომ ეს არის რუსეთის გამარჯვება, რომ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა დამარცხდა. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ეს არის „ზარმაცი ჟურნალიზმი“, როცა ერთ მხარესთან ხარ ჩახუტებული და თავს არ იწუხებ მეორესთან ლაპარაკით. ან კიდევ ასეთ განსჯას მოისმენდით, მიშა უკეთესი ინგლისურით ლაპარაკობს, ვიდრე ბიძინაო და სხვა ამგვარი. მე დიდ ცვლილებას ამ მხრივ ვერ ვხედავ. რა ცვლილებასაც მოველი, ისაა, რომ ახალი გუნდი უფრო მეტად ეფექტიანი იქნება. ჩემი აზრით, ეს გუნდი არ მისდევს რომელიმე იდეოლოგიას, არ იმართება მანიაკალური აუცილებლობით, დარჩეს ხელისუფლებაში, და არ ეძებს რუსულ შეთქმულებას ყველა ქვის ქვეშ, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს ბოლო წლებში, რაც ძალიან დესტრუქციული იყო და ვერ დაეხმარა საქართველოს რომელიმე საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევაში.“

შესაძლებელ ცვლილებაზე როცა ლაპარაკობს, ლინკოლნ მიჩელი მოელის, რომ სტილთან ერთად, შეიცვლება შინაარსიც:

„ცოტა ნაადრევიც კია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ივანიშვილმა თქვა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირის აღდგენა მსურსო. ეს დიდი ამბავი არის და არც არის. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რითაც ივანიშვილი მიმართავს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც, მართალია, რუსეთს ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება საჭიროა, რათა მუდამ ომის საფრთხის პირას არ იმყოფებოდნენ. ასე რომ, იქნება განსხვავება შინაარსის მხრივაც. მაგრამ მათ, ვისაც სურს, რომ საქართველომ ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანოს, შეწყვიტოს ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდეს, ანუ შეიქმნას რაღაც ახალი საბჭოთა კავშირივით, ძალიან აებნათ გზა.“

ლინკოლნ მიჩელი უკვე რა ხანია თვალს ადევნებს საქართველოს და გათვითცნობიერებულია ამ ქვეყნის პრობლემაში, რასაც სეპარატისტული რეგიონები ჰქვია. მოსალოდნელია თუ არა ამ მხრივ წინსვლა ან ცვლილება? მიჩელი ამას უახლოეს მომავალში არ მოელის და ახასიათებს ამ თემისადმი სააკაშვილის მთავრობის მიდგომას, რომელსაც შედეგი არ მოუტანია:

„ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლიდან რვა წლის შემდეგ ეს რეგიონები უფრო დაშორებული არიან საქართველოს, ვიდრე იყვნენ ადრე, რვა წლის წინ. ომის შემდეგაც ასევე დარჩა. ერთია, შეეცადო იმის გათვალისწინებას, რას ფიქრობს იქ ხალხი, და მათ ისე კი არ მოექცე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, არამედ მის მოზიდვას შეეცადო. შეიძლება დაამყარო ისეთი ურთიერთობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებაზე იქნება დაფუძნებული, დააკავშირო ისინი დასავლეთთან, რომ აღარ იყვნენ ასე დამოკიდებული რუსეთზე, და ეს დაკავშირება თბილისის გავლით არ მოხდეს, როგორც ამას ისინი ცდილობდნენ.“

ლინკოლნ მიჩელი ამბობს, ადრეა პირდაპირ იმაზე ლაპარაკი, რას მოიმოქმედებს მომავალი მთავრობაო, რომლის კონკრეტულ გეგმებს ის არც იცნობს. მიჩელს რადიო თავისუფლებამ სთხოვა დაეხასიათებინა მინისტრობის ორი კანდიდატი - საგარეო საქმეთა მინისტრობისა, მაია ფანჯიკიძე, და შინაგან საქმეთა მინისტრობისა, ირაკლი ღარიბაშვილი. მაია ფანჯიკიძეზე ამბობს, გამოცდილი და კარგი სახელის მქონე დიპლომატიაო. ის, მიჩელის შეფასებით, ჭკვიანია, ესმის დიპლომატია, უფრო გამოცდილია, ვიდრე ის, ვისაც სააკაშვილი დასვამდა ამ სკამზეო. მაია ფანჯიკიძე კარგი არჩევანია, ფიქრობს მიჩელი და აცხადებს, ახალი მთავრობის მოსვლისას, ბუნებრივია, ახალი სახეები ჩნდებიან და თუ მათ არ იცნობთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მცდარია მათი დანიშვნა, რომ მათ არა აქვთ გამოცდილება კონკრეტულ საქმიანობაში და ამის გამო არა აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციაო. ამის შემდეგ ის ახასიათებს ირაკლი ღარიბაშვილს, კოალიციის ლიდერთან დაახლოებულ პირს, რომელიც ივანიშვილმა მოიყვანა, რადგან ის მის ბანკში მუშაობდა, მის საქველმოქმედო ფონდს განაგებდა. მიჩელი ამბობს, რომ ის პოლიტიკურად ახალბედა იყო, მაგრამ დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილთან:

„ის გამოირჩევა ამ გუნდში იმ მხრივ, რომ არის კომპეტენტური, მიზანსწრაფული ადმინისტრატორი და, ამ მხრივ, მართლაც, ძლიერია, ანუ ისეთია, როგორიც უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მას, ცხადია, მანდატი აქვს: შინაგან საქმეთა სამინისტრო კატასტროფა იყო, ახლა ამის შეცვლაა საჭირო. საჭიროა კორუფციის ამოძირკვა. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდწილად შინაგან საქმეთა სამინისტროს დააწვება და ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა.“

 მიჩელი ამბობს, საქართველოში დემოკრატიის პრობლემებს სჭირდება მიხედვა და ამაშია ამ სამინისტროს ამოცანაც, ისევე როგორც პარლამენტისა თუ მედიისაო. ამასთან, მისი აზრით, საჭიროა პოლიციის დეპოლიტიზება, ანუ ის ხალხს უნდა მოემსახუროს და არა ლიდერებს. მიჩელის თქმით, ეს ის პრობლემებია, რომლებიც ღარიბაშვილის მოსაგვარებელი იქნება. ის იმ ტენდენციაზე ლაპარაკობს, როცა სააკაშვილმა ამერიკაში განსწავლული, როგორც ის ამბობს, სწრაფად მოლაპარაკე პირები შემოიკრიბა და მათ პროდასავლურობის მონოპოლია მიისაკუთრეს. მიჩელის თანახმად, ისინი დაუპირისპირდნენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელშიც ძალიან ძლიერი პროევროპული ფრთა იყო. ღარიბაშვილი შესანიშნავად ლაპარაკობს ინგლისურად და, მგონი, ფრანგულადაც. ამერიკაში არ უსწავლია, მაგრამ დიდხანს იყო ევროპაში, იცის, როგორ იმუშაოს, ეს კი ისეთი სამინისტროსთვის, როგორიც არის შინაგან საქმეთა, ძვირფასი პერსპექტივაა, ამბობს მიჩელი და დასძენს, ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებით ერთ დღეში არ მომხდარა დემოკრატიის მხრივ გარღვევა, მაგრამ ეს არჩევნები იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნდება შესაძლებლობა, საქართველროში დემოკრატია ვიტალური დარჩესო. 

დაბოლოს, რას ფიქრობს ლინკოლნ მიჩელი, როგორ უყურებს მოსკოვი საქართველოს ვითარებას? მისი აზრით, არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი არ იყო მოსკოვისთვის გადასარევი ვარიანტი:

„ერთმა მათგანმა შეიძლება რიტორიკა შეარბილოს, მაგრამ, ამასთან, უფრო ეფექტიანად გაატაროს საქართველოს საკითხი. ეს არის, ჩემი აზრით, ივანიშვილის პარადოქსი. და, ასევე, სააკაშვილის პარადოქსი: მისი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ მძაფრ რეტორიკაზე დადიოდა და ყველაფერი მისცა, რაც რუსეთს სურდა. ალასანია და ფანჯიკიძე საგარეო პოლიტიკის პროფესიონალები არიან და ისინი საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ვფიქრობ, ეფექტიანად წარმართავენ. და მოსკოვში თუ ზიხარ, მიხვდები, რომ ახლა ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი.“

ომი ლინკოლნ მიჩელს შემთხვევით არ უხსენებია. ის თვლის, რომ ომის შესაძლებლობით მოსკოვი ხეირობდა, მას საშინაო პოლიტიკაში იყენებდა. ახლა ეს ყველაფერი რუსეთზეც მოახდენს, ალბათ, გავლენას, მაგრამ სხვაგვარად, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია, ამბობს ლინკოლნ მიჩელი და კონკრეტული ვარაუდის გამოთქმას, ამ მხრივ, თავს არიდებს.