შეძლებს თუ არა საქართველო ნეიტრალიტეტს და მიუმხრობლობას?

შეძლებს თუ არა საქართველო ნეიტრალიტეტს და მიუმხრობლობას?

ფეისბუქმა და სხვა სოციალურმა ქსელებმა აქამდე „მდუმარე მასებს“ დიდი დოზით მიართვეს მწვავე თემებზე აზრის გამოხატვის საშუალება. უცებ გაჩნდა ათიათასობით ონლაინ მოქალაქე, რომელიც ონლაინ სივრცეში თამამად აფიქსირებს პოზიციას შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ამა თუ იმ თემაზე და პოლიტიკოსებს აიძულებს ყური მიუგდონ მათ პოზიციებს.

რატომ მოვიტანე ეს შესავალი? ის უკავშირდება სოციალურ ქსელებში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საქართველოს მიუმხრობლობის იდეის აქტიურად განხილვას. საკითხის განხილვამ კი კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიოში ჩვენნაირი ერი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის მანძილზეც კი ვერ შეთანხმდა ფუნდამენტალურ ღირებულებებზე, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე და საერთოდ იმაზე, თუ რა ვართ, ვინ ვართ, საით მივდივართ და სად ვეძებოთ ერის ნავთსაყუდელი.

მიუმხრობლობის იდეის განხილვამ, რომელიც ნეიტრალიტეტთან გაიგივდა, საკითხის ზედმეტად ჩახლართული „ექსპერტული ახსნით“, კიდევ უფრო დააბნია საზოგადოება.

როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ნეიტრალურ ქვეყნებზე, როგორიც არის მაგალითად შვეიცარია, ვგულისხმობთ იმას, რომ შვეიცარიამ გადაწყვიტა სამუდამოდ ნეიტრალური დარჩეს, რომ ეს არის მისი ოფიციალური პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა არასოდეს ჩაებმება არავითარ ომში, ის არ უერთდება არც ერთ ალიანსს, რომელიც დაავალდებულებს მას ჩაერთოს ომში რომელიმე ბლოკის სახელით. ნეიტრალური ქვეყნები თანხმდებიან, რომ არ აღმოუჩენენ დახმარებას ომში რომელიმე მეომარ მხარეს და არც საკუთარ მოქალაქეებს მისცემენ ამის უფლებას.

რაც შეეხება „მიუმხრობლობას,“ ზოგადად, ტერმინი „მიუმხრობლობა“ სათავეს 1961 წლიდან იღებს, როდესაც „მიუმხრობლობის მოძრაობა“ დაფუძნდა. ეს იდეა წარმოადგენს „ნეიტრალიტეტის“ სპეციფიკურ ფორმას. მიუმხრობლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეულ გარემოებებში ერთგვარი შეკავების ან თავის დაცვის სტრატეგია სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში გაწევრიანების ვალდებულებების გარეშე. გარკვეულ გარემოებებში მიუმხრობლობის გამოცხადება შეიძლება იყოს ერთგვარი გზავნილი რომელიმე სამხედრო ბლოკისთვის ან ქვეყანისთვის და გულისხმობდეს, რომ ამ ბლოკის ან ქვეყნის მხრიდან აქტიურ ინტერვენციას შედეგად მოჰყვეს ინტერვენციის ობიექტი ქვეყნის სხვა ბლოკთან დაახლოება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიუმხრობლობას ყველა ქვეყანა სათავისოდ იყენებდა და საკუთარ ინტერესებს არგებდა. ინდოეთის პრემიერ მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ ძალიან შეწუხებული იყო ორ დიდ სახელმწიფოს (აშშ-სსრკ) შორის ომის შესაძლებლობით, რომელიც მისი აზრით, აუცილებლად ჩაითრევდა სხვა რეგიონებს, მათ შორის ინდოეთს. ამიტომაც ის ფიქრობდა რომ „მიუმხრობლობის“ სტატუსის მქონე ინდოეთი შეასრულებდა დიდ სახელმწიფოებს შორის კომუნიკატორის ან მოდერატორის როლს და ამით კონფლიქტისგან საკუთარ თავსაც დაიცავდა მსოფლიოსაც.

ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტმა იოსიპ ბროზ ტიტომ მიუმხრობელი ერების პირველი საერთაშორისო კონფერენცია მოაწყო. მიუმხრობლობის გამოცხადებით იუგოსლავია ცდილობდა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა საბჭოთა ინტერვენცია და დიქტატი და ამ კუთხით ამერიკის დახმარება მიეღო. იუგოსლავიის მიუმხრობლობა არ გულისხმობდა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რომელსაც ალბათ, უკეთ შეეძლო დაეცვა იუგოსლავია საბჭოთა საფრთხისგან. თუმცა, როგორც ვნახეთ, გამოცხადებულმა მიუმხრობლობამ ვერ დაიცვა იუგოსლავია ვერც დაშლისგან და ვერც გარეშე აგრესიისგან.

1950-იან წლებში ჩინეთის სამხედრო პოტენციალისა და ექსპანსიონისტური მიდრეკილებების ზრდის კვალობაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე მცირე ქვეყანამ გაწყვიტა სამხედრო-პოლიტიკური კავშირები დასავლეთთან და ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ამით მათ ჩინეთის წინაშე მოახდინეს დემონსტრირება, რომ მათი სახით ჩინეთი არ იქნებოდა გარშემორტყმული მისდამი მტრულად განწყობილი პრო-დასავლური რეჟიმებით.

საკუთარი დამოუკიდებლობისა და უცხოური ინტერვენციისაგან თავის დასაცავად არაერთმა ქვეყანამ მეტნაკლები წარმატებით ირჩია ნეიტრალიტეტის ან მიუმხრობლობის პოლიტიკა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრია გერმანიის მსგავსად მოკავშირეების საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი. 1955 წელს საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ მის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ზონა შეიძლებოდა შეერთებოდა სხვა ზონებს, თუ ავსტრია ნეიტრალიტეტს გამოაცხადებდა. ქვეყნის გაერთიანებისათვის ავსტრია ნეიტრალიტეტს დათანახმდა და ავსტრიის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ავსტრია დარჩება „მუდმივად ნეიტრალურ“ სახელმწიფოდ. იქიდან მოყოლებული, ნეიტრალიტეტი ღრმად ჩაიბეჭდა ავსტრიის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ „მიუმხრობელთა“ ნეიტრალიტეტი განსხვავდებოდა ტრადიციული შვეიცარული ნეიტრალიტეტისგან. „მიუმხრობლობის მოძრაობის“ წევრი ზოგიერთი ქვეყანას შეეძლო მიერთებოდა რეგიონალურ უსაფრთხოების რომელიმე ალიანსს.

მიუმხრობლობა არ იცავდა ქვეყნებს კონფლიქტისაგან. ირანი და ერაყი ორივე „მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი იყო, როდესაც 1980 წელს ერთმანეთთან იომეს. „მიუმხრობლობის მოძრაობის“ წევრი არგენტინა 1982 წელს ფოკლენდის კუნძულებზე შეიჭრა და ამის გამო ბრიტანეთთან კონფლიქტი მოუვიდა. შესაბამისად, მიუმხრობლობა სულაც არ ნიშნავს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს.

ტერმინები: „ნეიტრალიზმი“ და „მიუმხრობლობა“ საკმაოდ ორაზროვანია. ისინი რიგრიგობით და ძალიან ბუნდოვანი არსით გამოიყენებოდა და გამოიყენება, შესაძლოა, იმიტომაც, რომ მიუმხრობლობა ბევრ სახელმწიფოს თავისებურად ესმის. „მიუმხრობლობის“ მოტივატორები და მათი რეალიზების გზები განსხვავებულია. ხშირად ნეიტრალიტეტი თუ მიუმხრობლობა განიხილება საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად შიდა პოლიტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს მოთხოვნები კი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის ძალაუფლების კონსოლიდაცია, ეროვნული იდენტობის გაძლიერების საჭიროება, ან პირიქით პლურალისტულ კულტურულ გარემოში ინტეგრაცია, ახლადშექმნილი პოლიტიკური ინსტიტუტების ლეგიტიმაცია თუ ელიტების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მცირე და სუსტი სახელმწიფობისათვის, ხელსაყრელი გეოსტრატეგიული სიტუაციის პირობებში, მიუმხრობლობა ან ნეიტრალიტეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო საქმეებში მათი როლის გასაძლიერებლად და პრესტიჟის გასაზრდელად, თუკი მოახერხებენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმების თუ მოლაპარაკებების მოედნად გადაქცევას. თუმცა ამისათვის მსოფლიოს მსხვილ მოთამაშეთა ნება და თანხმობაა საჭირო, რაც ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს და წარმატება ცვალებად პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. შვეიცარიის და ავსტრიის მაგალითები, ბედნიერ და უნიკალურ გამონაკლისებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც მათ ნეიტრალიტეტს იმდროინდელმა გეოპოლიტიკურმა რეალობებმაც შეუწყვეს ხელი.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ „ნეიტრალიტეტის“ თემა აქტიური კვლევის საგანი გახდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტისათვის საიდუმლოების გრიფის მოხსნის შემდეგ, წარმოდგენა ევროპის ოთხ „კლასიკურ“ ნეიტრალურ ქვეყნაზე (ავსტრია, ფინეთი, შვედეთი და შვეიცარია), გარკვეულწილად შეიცვალა. არაერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა, თუ როგორ ფუნქციობდა სინამდვილეში „ცივი ომის“ პირობებში მათი „ნეიტრალიტეტი.“ მოკლედ რომ ვთქვათ, გაცხადებული „ნეიტრალიტეტის“ შიდაპოლიტიკური, იდეოლოგიური და საგარეოპოლიტიკური განზომილებები ყოველთვის არ იყო მკაცრ თანხვედრაში ერთმანეთთან.

ცივი ომის დროს ბიპოლარულ სამყაროში ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა ქვეყნისათვის არა მხოლოდ უსაფრთხოების და რეგიონული ინტერესების უზრუნველყოფა იყო, ის იყო ადგილობრივი პოლიტიკური, კულტურული და ფსიქოსოციალური მოთხოვნების გამოხატულება, რომელიც გაგრძელებას მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკაში პოულობდა. დღეს როდესაც ტენდენციები მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებისკენ მიდის, მიუმხრობლობის გამოცხადება და შენარჩუნება გაცილებით მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნეიტრალიტეტს ან მიუმხრობლობას, თუნდაც საერთაშორისო გარანტიებით გამყარებულს, თავის საკმაოდ მაღალი ფასიც ადევს. თავდასხმის შემთხვევაში ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყანა არავისგან არ უნდა ელოდოს პირდაპირ სამხედრო დახმარებას. შესაბამისად მან უნდა გაატაროს უკიდურესად ფრთხილი და მკვეთრად მიუკერძოებელი საგარეო პოლიტიკა. მან არ უნდა გაიჩინოს მტრები და ამავე დროს არ უნდა გაიჩინოს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც მეგობრობა საზიანოა სხვებისათვის. რამდენად შეძლებს ამის უზრუნველყოფას საქართველო მისი შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

თუ საქართველომ გამოაცხადა აბსოლუტური მიუმხრომლობა და ნეიტრალიტეტი, ის შესაძლოა ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესის და სიკეთეების მიღმა დარჩეს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ის გზა, რაც თავის დროზე აირჩიეს ნეიტრალურმა ირლანდიამ, ავსტრიამ, ფინეთმა და შვედეთმა. მათ უარი თქვეს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტზე, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მაგრამ შეინარჩუნეს სამხედრო მიუმხრობლობა იმით, რომ არ შეუერთდნენ ნატოს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სამხედრო კუთხით სრულიად დაუცველები არიან. ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (The Common Security and Defence Policy) აძლევს მათ საშუალებას გარკვეულწილად თავი დაცულად იგრძნონ. მაგალითად, ავსტრიის და ფინეთის შემთხვევაში, ტერმინები „ნეიტრალობა“ და „მიუმხრობლობა“ დაახლოებით ერთნაირ კონტექსტში გამოიყენება, მიუხედავად მათი განსხვავებული მნიშვნელობისა მათ შორის სამხედრო კუთხით. დღეს ყოფილი „ნეიტრალური ქვეყნები“ აქტიურად მონაწილეობენ CSDP განხორციელებაში. მაგალითად, ფინეთი არ არის ნატო-ს წევრი, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურია კრიზისების მენეჯმენტსა და და სამშვიდობო მედიაციაში, რაც სრულ თანხვედრაშია ამ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების კულტურასა და იდენტობასთან. თუმცა აღნიშნულ „პოსტ-ნეიტრალურ“ ქვეყნებს თანამშრომლობის საკუთარი ფორმები აქვთ ნატოს-თან. შვედეთი და ფინეთი ნორდიულ თავდაცვითი თანამშრომლობის (NORDEFCO) წევრები არიან.

რამდენად შეიძლება იურიდიულად დაფიქსირებული მიუმხრობლობა ან ნეიტრალიტეტი გახდეს საქართველოსთვის ქმედითი პოლიტიკური ინსტრუმენტი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის? ამ იდეის მომხრეებმა დამატებითი და დასაბუთებული არგუმენტები უნდა წარუდგინონ საზოგადოებას.