ანაკლიის პორტს მინისტრის მონახულებამაც ვერ უშველა?!

ანაკლიის პორტს მინისტრის მონახულებამაც ვერ უშველა?!

ანაკლიის პროექტი კარგა ხანია შეჩერებულია. ამ გადასახადეიდან ძნელი სათქმელია ისევ დაიწყება თუ არა გრანდიოზული პროექტის მშენებლობა. კონკრეტულ პირობას და დათქმას ვერავინ იძლევა. ყველა მხოლოდ სურვილს გამოთქვამს, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯებს ვერავინ დგამს. მთავრობის წევრები და კონსორციუმის ტოპ-მენეჯერები ერთმანეთს უბრალოდ ამხნევებენ.

ამჟამად მშენებარე პორტში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს დაფინანსების უქონლობის გამო და ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანს გასტანს გაურკვევლობა.

კონსორციუმის გენდირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ კომპრომისი გაკეთდება მთავრობისა და ბანკების მხრიდან და 2021 წლის ბოლოსთვის დაანონსებული პირველი გემების მიღება მხოლოდ 2-3 თვით გადაიდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ პორტში პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას. ერთადერთი პრობლემაა, რომ დღეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. თავად პორტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალი ავითვისოთ. დარწმუნებული ვარ, აქ გაჩაღდეს სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა ანაკლიაში სტუმრად მყოფმა ცქიტიშვილმა. იგი პირველად იმყოფებოდა ანაკლიაში და პორტის ტერიტორია დეტალურად დაათვალიერა.

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობასა და ინვესტორებს შორის მორიგი შეხვედრა 13 მაისს უნდა შედგეს.

„შეხვედრების მეორე რაუნდი უნდა შედეგს 13 მაისს. წინა კვირას მთავრობას, ერთ-ერთ საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელსა და ჩვენს შორის შედგა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყველა მხარემ, ჩვენც, მთავრობამაც და ბანკებმაც, გამოთქვა მზაობა, რომ ყველა წამოვიდეს გარკვეულ კომპრომისზე, რომ ამ 8 პუნქტის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვადებში ჩავეტიოთ, თუმცა კონკრეტული დათქმა უპრიანი მაინც არ არის“, - ამბობს ახვლედიანი.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი არ არის მხოლოდ ის პროექტი, რომელმაც მხოლოდ ეკონომიკური მოგება უნდა მოიტანოს, მისი დასრულება სახელმწიფოს ინტერესებშია და ამიტომაც მისი შეფერხება დაუშვებელია.

„ანაკლიის პროექტი არის ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც საქართველოში სრულდება და იგი არ არის ადგილობრივი მნიშვნელობის. ეს უზარმაზარი რეგიონული პროექტია, მისი წარმატებით ბოლომდე მიყვანა ეს სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესებშია. მისი შეფერხება არაფრით არ უნდა იყოს დაშვებული“, - ამბობს მენაღარიშვილი.