პოლიტიკური კონტროლის პალატა

პოლიტიკური კონტროლის პალატა

პოლიტიკური კონტროლის პალატა - კვლევის თანახმად, მოგელაძის საქმიანობა უნიკალური მოვლენაა და ნოუჰაუს წარმოადგენს

"აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული პარტიების ფინანსური მონიტორინგი ქართულ ნოუჰაუს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო დასავლურ სტანდარტებთან. ამასთან, აუდიტის სამსახურის მთელი რიგი გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს ამ ორგანოს პოლიტიკურ ნეიტრალურობას", - ასეთია კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" და დამოუკიდებელ ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა. კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა სამსახურის შექმნიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, რომლის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურითპოლიტიკური კონტროლის პალატა / კვლევის თანახმად, მოგელაძის საქმიანობა უნიკალური მოვლენაა და ნოუჰაუს წარმოადგენს.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ევროპის საჯარო აუდიტის სამსახურების ორგანიზაციის (EUღOშAI) წევრი 49 ქვეყნიდან არც ერთი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურს - მათ შორის, არც საქართველოს უმაღლესი აუდიტის სამსახურის პარტნიორ შვედეთის, ლიტვის და ლატვიის სამსახურებს - არ აქვს ისეთი კომპეტენცია, როგორიც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს". EUღOშAI-ის წევრი სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუციებიდან პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე მონიტორინგის განსხვავებული ფუნქციები მხოლოდ ბულგარეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის აუდიტის სამსახურებს აქვთ. როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, ყველა შემთხვევაში აუდიტის სამსახურების კომპეტენცია მკაცრად შეზღუდულია კანონით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღება ხდება სხვა ადმინისტრაციული თუ სასამართლო დაწესებულებათა თანამონაწილეობით", - აღნიშნავს გამოცემა.

"ენდიაის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია კი პრობლემურად მიიჩნევს აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხს, ხედავს საფრთხეებს და აცხადებს: "გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი იმის უზრუნველყოფით, რომ არც თავმჯდომარე, არც მოადგილეები და არც თანამშრომლები არ წარმართავენ საქმიანობას პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად ან არ იქნებიან ჩართული პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობებში". დასკვნის თანახმად კი აღნიშნულის საპირისპიროდ, როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ისე მისი მოადგილე წარდგენილი იყვნენ დეპუტატობის კანდიდატებად, თანაც არა სხვადასხვა ან ოპოზიციური, არამედ ერთი - სახელისუფლო პარტიის მიერ", - განაგრძობს გამოცემა.

"დასკვნის თანახმად, ცალკეული იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა მაშინ, როდესაც ამ იურიდიული პირის ან მისი ხელმძღვანელობის მიერ გაკეთდა ზეპირი განცხადებები სხვა არაპოლიტიკური ორგანიზაციებისადმი სოლიდარობისა და მათი მორალური მხარდაჭერის შესახებ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირების სამართლებრივი და ფინანსური პარალიზება ხდებოდა მათი საქმიანობის საწყის ეტაპზევე (ორგანიზაციის შექმნის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისთანავე), როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, რომ მათ ჰქონდათ მკაფიოდ გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდნენ ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს. ამასთან, იურიდიული პირების ნაწილის დაყადაღება მოხდა იმ ეტაპზე, როდესაც მათ არათუ ჯერ არ ჰქონდათ განხორციელებული შემოწირულობა, არამედ საბანკო ანგარიშებზე საერთოდ არ აღენიშნებოდათ სახსრების ბრუნვა" - დასძენს გამოცემა.

"ცალკეულ შემთხვევებში ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება კონტროლის პალატის მიერ სანქცირებული სუბიექტებისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკა. ამის ნათელი დასტურია "ელიტა ბურჯის" შემთხვევა, სადაც იურიდიული პირის დაჯარიმება მოხდა პოლიტიკური სუბიექტისთვის გაწეული პოლიგრაფიული სერვისის გამო, ჯარიმის თანხა კი დადგინდა არა გაწეული სერვისის რეალური ღირებულებიდან, არამედ ტიპოგრაფიული ბეჭდვის აპარატის ღირებულებიდან გამომდინარე, რაზეც შესრულდა შეკვეთა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის მიერ იურიდიულ პირებთან მიმართებით გადაწყვეტილებები, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ყოველგვარი დეტალური განხილვისა და სანქცირებული იურიდიული პირების არგუმენტაციის გათვალისწინების გარეშეს მიღებული, რაც გახდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ იურიდიული პირების მიმართ განხორციელებული მათი საქმიანობის შემზღუდავი არაერთი ქმედების საფუძველი" - წერს სტატიის ავტორი.

"შეეხება ფიზიკური პირების დაჯარიმებას, დასკვნის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა: არათანაბარი მიდგომები "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შემომწირველთა ფინანსების წარმომავლობის მოკვლევისას. ამის მაგალითად დასახელებულია ბანკ "ქართუს" თანამშრომელთა დაჯარიმებისა და "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა საქმეები. ასევე არასაკმარისი მტკიცებულებები პარტიების შემომწირველთა დაჯარიმებისას (ბიძინა გიორგობიანის საქმე); საქართველოს კანონმდებლობით ამ ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გადამეტება (კახი კალაძის საქმე); ოპოზიციური პარტიების შემომწირველთა მიერ მათი შემოსავლების წარმომავლობაზე დოკუმენტურად დასაბუთებული არგუმენტების აშკარა უგულვებელყოფა. მაგალითად, ბანკ "ქართუს" თანამშრომელთა დაჯარიმების საქმე; ამის პარალელურად კი კანონით მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მმართველი პარტიის შემომწირველთა შემოსავლების შესწავლისას", - განაგრძრობს სტატიის ავტორი.

"ცალკე არის გამოტანილი შპს "მენეჯმენტ სერვისისგან" მიღებული უკანონო შემოწირულობების მიღების საბაბით აგვისტოს დასაწყისში აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშების დაყადაღების ფაქტი, რამაც "მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მოტივაცია მით უფრო საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიციის წევრ სამ დაჯარიმებულ სუბიექტს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა შპს "მენეჯმენტ სერვისთან" არ ჰქონია... საერთო ჯამში კი, დასკვნაში ნათქვამია, რომ "ამ ფაქტების ერთობლიობა ეჭვქვეშ აყენებს როგორც ამ ორგანოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების კანონიერებას, ისე მისი საქმიანობის პოლიტიკურ ნეიტრალურობას, მით უმეტეს, რომ ამ უწყების უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა - ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ, თინათინ ბოკუჩავამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის სიით იყარეს კენჭი". შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნება პარლამენტს და მთავარ პროკურატურას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე შემდგომი რეაგირებისათვის", - დასძენს სტატიის ავტორი.