უკვე შემუშავდა რამდენიმე მეთოდი ეროვნული ბანკის რეგულაციების თავიდან ასარიდებლად

უკვე შემუშავდა რამდენიმე მეთოდი ეროვნული ბანკის რეგულაციების თავიდან ასარიდებლად

საფინანსო ინსტიტუტებმა მოქალაქეებისთვის დაიწყეს გარკვეული მომსახურების შეთავაზება, რომელიც მათ სესხის აღების თუ განვადების პროცესს გაუმარტივებს. სავაჭრო ორგანიზაციებმა კი შიდა განვადებები დაიწყეს. მიკროსაფინანსოებმა ყველა სახის მომსახურებაზე გადასახადი დააწესეს. ვისაც როგორ შეუძლია, ისე იცავს თავს ეროვნული ბანკის რეგულაციებისაგან.

საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები „კარდაკარის პრინციპით“ დადიან სილამაზის სალონებში, კვების ობიექტებში, სადაც დიდი ალბათობით დასაქმებულები შემოსავალს „ხელზე იღებენ“ და მათ სპეციალურ ბაზაში გაწევრიანებას სთავაზობენ.

„თქვენი პირადი ნომერი, სახელი/გვარი და ფოტოსურათი დაგვჭირდება, რათა ჩაგსვათ დასაქმებულთა ბაზაში და როდესაც სესხის აღება ან განვადების გაკეთება დაგჭირდებათ, ცნობების და სახელფასო ამონაწერის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ“, – ეს არის მათი სტანდარტული მიმართვის ტექსტი.

არის თუ არა ეს საფინანსო ინსტიტუტების ქცევა რეგულაციებისთვის გვერდის ავლა? როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რისკი ნებისმიერი სესხის გაცემისას არსებობს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკვე დაიწყეს ახალი გზის მოძებნა, რათა შეისწავლონ თვითდასაქმებულთა შემოსავლები და ჩათვალონ ისინი გადახდისუნარიანებად.

„თვითდასაქმებული ადამიანების შემთხვევაში კონკრეტული წესია გაწერილი, როგორ უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს შემოსავალი. ვვარაუდობ, რომ ამ წესის დაცვით მუშაობენ საფინანსო ინსტიტუტები, რადგან თუ პრობლემა შეიქმნა უკვე სებ-ში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად გადახდისუნარიან პირს მისცეს სესხი და ამით სარისკო პორტფელი არ გაზარდეს. მეეჭვება სებ-მა თვალი დახუჭოს და გადაუხვიოს ამ რეგულაციებს, შესაბამისად, ბანკებს გარკვეული პროცედურის დაცვა მოუწევთ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ მომსახურებას, რაზეც ვსაუბრობთ, მარტივად რომ ვთქვათ, საფინანსო ინსტიტუტებმა გამოყვეს დამატებითი რესურსი, რათა წინასწარ შექმნან იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, ვისი შემოსავლის დადასტურებაც შესაძლებელია. ანუ წინასწარ აკეთებენ ორგანიზებას. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მარკეტინგისა და გაყიდვების ნაწილია. ხოლო თუ შემდეგ ამ სიაში ვინმე უპოვარი, შემოსავლის არმქონე ადამიანების ჩასმა მოხდა, ამას უკვე ზედამხედველი აკონტროლებს და თუ თავისივე შემოღებული რეგულაციების ადმინისტრირებას ვერ ახდენს, ეს უკვე ეროვნული ბანკის პრობლემაა“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ კეპულაძემ.

რეგულაციების გვერდის ავლის მეორე გზა სავაჭრო ობიექტებმა შეიმუშავეს და გარკვეულწილად დანერგეს კიდეც. კომპანიებმა ტექნიკის გაყიდვები შიდა განვადების პირობებით დაიწყეს. ჯერჯერობით ეროვნული ბანკი ვითარებას აკვირდება.

„ელიტ ელექტრონიქსმა“ შიდა განვადება სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო. „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე კი აცხადებს, რომ შიდა განვადებების სისტემა დღევანდელ კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.

ეროვნული ბანკში შიდა განვადების საკითხს სხვაგვარად უყურებენ. სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, თუ ამ ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნებათ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც გავრცელდეს რეგულირების ის პირობები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული, იქნება სესხის ხასიათის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით, თუ იგივე და გათანაბრებულ პროდუქტებზე იქნება საუბარი. ჩვენ დავაკვირდებით იმას თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და შესაბამის ზომებს მივიღებთ იმისდა მიხედვით, თუ რა ზომა იქნება და რა გაქანება ექნება ამ მიმართულებას“, - ამბობს გვენეტაძე.

კლიენტების შემცირებით გამოწვეული დანაკარგის სხვაგვარი კომპენსირების გზა დაადგნენ მიკროსაფინანსოები. მათ თითქმის ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის, სასესხო განაცხადის უბრალოდ შევსებაზეც კი) გადასახადი დააწესეს, რომლეიც 5-დან 20 ლარამდე მერყეობს. ასე რომ, რეგულაციებმა ამ კუთხით მომხმარებელიც დააზარალა.

thrgg@yahoo.com რეგულაციებმა კი არ დააზარალა, არამედ გადაარჩინა უამრავი კლიენტი გაწეწვას და გაღატაკებას, გეყოს რა ხალხის დაბოლება:(((
4 წლის უკან