მთავრობამ რამდენიმე თვეც ვერ მოითმინა და თუთუნზე აქციზის შემოღება გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, მალე მწეველებს ყველა იაფი პროდუქტი გაუძვირდება, ხოლო კონტრაბანდის რისკი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება.
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ფასის ზრდისა და თამბაქოზე ადვალური გადასახადის მატების შემდეგ მთავრობა, დასაჭრელი თუთუნის გაძვირებასაც გეგმავს. ფაქტს ბიზნესობუდსმენი ადასტურებს და ამბობს, რომ ამით ეს მიმართულებაც კონტროლირებადი გახდება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემუშავებულია ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დაჭრილ თამბაქოზე აქციზის განაკვეთების კორექტირებას იმ მიმართულებით, რომ ეს ნაწილიც იქნას კონტროლირებული.
გვაქვს ინფორმაცია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისგან, რომ მათი რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული, სადღაც 30-40%-ის ფარგლებში. ეს არის იმ რეგულაციების შედეგად, რომელიც ქვეყანაშია. კლების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ დაუბეგრავი, დასაჭრელი თუთუნის მოხმარების გარკვეული ზრდა. დამუშავებულია ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დაჭრილ თამბაქოზე აქციზის განაკვეთების კორექტირებას და ესეც იქნება კონტროლირებული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგლი მაღრაძე მომხრეა, რომ თამბაქოს ყველა ნაწარმი გაძვირდეს თანაბრად და გეგმაზომიერად, რათა შესრულდეს ის ვალდებულება, რაც ხელისუფლებამ იტვირთა ევროდირექტივის შედეგად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობაც.
„აქციზი უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, თამბაქოზე უნდა იყოს მეტ-ნაკლებად თანაბარი ფასი, რომ ხელი არ შეეწყოს კონტრაბანდას, ამიტომ თანდათანობით ვახორციელებთ ამას თამბაქოზე და გარკვეულ საგნებზე.
ვამართლებთ ისეთ რეგულაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანმრთელობას, რომ თავი დაანებონ ამ ცუდ ჩვევას. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სხვა ადამიანისთვის არ იყოს შემაწუხებელი მოწევა და თან არავისთვის აგვიკრძალია მოწევა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთ სივრცეში, რომ სხვა ადამიანს მიაყენოს ზიანი.
საჭიროა უკვე პროპაგანდა, საგანმანათლებლო მუშაობა, აქციზის მატება იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო კარგად გააცნობიერონ, რამდენად საზიანოა თამბაქოს მოწევა მათი ჯანმრთელობისთვის და შემოსავლისთვის“, - აცხადებს მაღრაძე.
ექსპერტები კი მორიგი გაძვირების პერსპექტივამ აღაშფოთა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძის აზრით, ეს არის ძალიან ცუდი ინიციატივა, რომელიც ისევ და ისევ მომხმარებელს დააზარალებს.
„იმის ნაცვლად, რომ იყოს შეღავათები, ყველა სახის თამბაქოზე ზრდიან ფასს. ეს არის სამარცხვინო ინიციატივა, ისევე როგორც თავად მიზანი, ყველა ტიპის თამბაქოს ნაწარმის ღირებულება გაზარდონ. ბიზნესომბუდსმენის მთავარი საზრუნავი, ბიზნესის დაცვა უნდა იყოს და არა ყველას ერთნაირად დაწნეხვა“, - აცხადებს შეშელიძე.