თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე მოულოდნელი რეიდები იწყება

თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე მოულოდნელი რეიდები იწყება

დედაქალაქში გაჩაღებულ უკონტროლო მშენებლობას თანდათან მარწუხებს მოუჭერენ. ერთ-ეთრი პირველი მოულოდნელი რეიდები იქნება. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაადასტურა, რომ მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების მკაცრ კონტროლს იწყებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. საჭიროა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო ობიექტები ისედაც კონტროლდებოდა, თუმცა რეიდების საშუალებით ეს პროცესი გააქტიურდება და მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ზოგადად მერია მშენებლობების მიმართ სხვადასხვა რეგულაციებისა თუ ცვლილებების შემოღების ინიციატივით გამოდის. ცოტა ხნის წინ მერი და მისი მოადგილეები სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს.

საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ შედის. საუბარი იყო შენობი ექსპლუატაციის წესის რეალურად ამოქმედებაზეც.

„ვაპირებთ კანონდებლობის უფრო მეტად გამკაცრებას, რათა მშენებლობების პროცესში სავალალო დარღვევები აღარ მივიღოთ. ასევე ვაპირებთ, გავამკაცროთ კანონმდებლობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ნაწილში - გვინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იყოს შესაძლებელი შენობის ფუნქციონირება და მასში ცხოვრება.

გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შეღავათების დაწესება დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სურვილია, აღარ გაჩნდეს ქალაქში დაუსრულებელი, უსახური მშენებლობები. ამ ინიციატივებს დეველოპერების მხრიდან საკმაოდ დადებითი რეაქცია მოყვა. ძირითად ნაწილში შევთანხმდით, რომ სამივე ცვლილება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა გამოითქვა შენიშვნებიც. ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ნებისმიერი დამრღვევის მიმართ მკაცრი სანქციები დაწესდება. სამსახურის ხემლღძვანელის გიორგი ბაგრატიონის თქმით, რიგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღონ.

„რეიდების დაწყების კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით. კონკრეტულ ობიექტს დაკომპლექტებული ჯგუფები შეამოწმებენ. თითო ობიექტზე, სავარაუდოდ, 4 ადამიანი შევა. გამოვლენილ ფაქტებზე კომპანიებს ჯარიმები დაუწესდებათ. სანქციები ისედაც არის და მომავალშიც გაგრძელდება.

ამ ეტაპზე კონტროლი მკაცრად ჩატარდება, ჩვენი მიზანია, უსაფრთთხოების პირობების ნორმაზე მოყვანა, რასაც რეიდები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება დემონტაჟიც განხორციელდეს“, - აცხადებს ბაგრატიონი.