ქვეყანა საინვესტიციო კომიდან ვერ გამოდის

ქვეყანა საინვესტიციო კომიდან ვერ გამოდის

ინვესტიციების გაზრდას საშველი არ დაადგა და არ ჩანს რაიმე იმედი, რომ ვითარება მომავალში გამოსწორდება. ამის თაობაზე ქართველი ექსპერტები უკვე კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ ბოლო დროს მათ მხარი უცხოელებმაც აუბეს.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაურკვეველ მოცულობაში ხედავს. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოური ინვესტიციები მთავარი ელემენტია მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაში, თუმცა მათი მოცულობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

 

ერთის მხრივ, გვაქვს მაღალი რეიტინგები რეფორმების გატარების მხრივ, მეორეს მხრივ გვაქვს ძალიან მცირე ინვესტიციები, რომელიც ვერ ცვლის ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ხელისუფთლების მხრიდან რეაგირება თითქმის არ ხდება თუ არ ჩავთვლით გახშირებულ თავმოსაწონ განცხადებებს ქვეყნის ეკონომიკური წარმატებების შესახებ.

 

„ყველაზე არასასიამოვნო მთელ ამ პროცესში არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს იმ ანალიზს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. გადის დრო და შემდეგ უცხოური რომელიმე ორგანიზაცია ან ფინანსური ინსტიტუტი ზუსტად იმაზე, იგივე სიტყვებით საუბრობს. შედეგად კი ვიღებთ დაკარგულ თვეებს, წლებს. ამ დროს ნამდვილად შეიძლებოდა რაღაც კორექტივების შეტანა ეკონომიკურ პოლიტიკაში.

 

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკიას რეალურად დაეტყოს უცხოური ინვესტიციები, იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 20-30%-ის ფარგლებში მაინც უნდა იყოს. ამ შემხთვევაში აშკარა იქნება, რომ ჩნდება სერიოზული იმპულსი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღმავლობისათვის. ეს კი სულ მცირე 2,5-3 მილიარდი დოლარი მაინც არის წელიწადში. მე მხოლოდ მინიმალურ ზღვარზე ვსაუბრობ.

 

ბუნებრივია, უცხოელებს სჭირდებათ ზუსტად ისეთივე ინფორმაციული ველი საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსების თაობაზე, როგორც ეს მათ საკუთარ ქვეყნებში აქვთ, ანუ როცა ცალკეული სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოები წინასწარ ცნობილ ვადებში და დღეებში აქვეყენებენ არსებით ინფორმაციას დასაქმების, ეკონომიკისა და ფინანსების სხვა არსებით მხარეებზე. საქართველოში ჯერჯერობით ეს არ არის და სწორედ ამ უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვთიარების ბანკისთავის განცხადებაში“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

 

სტატისტიკური მონაცემებით, საინვესტიციო მიმზიდველობით საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკაში აზერბაიჯანის წილი, დაახლოებით, 75%-ს უტოლდება, დანარჩენი 25% კი სომხეთსა და საქართველოზე მოდის. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანში 2009-10 წლებში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გილაურის თქმით კი, ჩვენთან 2010 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 6-6,5% იყო.

 

რამდენი პროცენტით გაიზარდა სომხეთის ეკონომიკა, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ქვეყნდება, ცნობილია მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომავალი წლის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2011 წელს სომხეთის ეკონომიკა, დაახლოებით, 4,5%-ით გაიზრდება.

 

აზერბაიჯანში იანვარ-აგვისტოში 1 მლრდ 378 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, სომხეთში წლის პირველი ნახევარში უკვე 327,5 მლნ დოლარის ინვესტიცია შევიდა, საქართველოში კი, ასევე წლის პირველი ნახევარში, მხოლოდ, 273მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.