2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.2%-ით, ანუ 6100 ადამიანით შემცირდა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა და დეპოპულაცია კიდევ 10 წელი გაგრძელდება. ამიტომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო.
საქართველოში შარშან დადებითი ბუნებრივი მატება იყო (+4 614), მოსახლეობის შემცირება კი უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ განაპირობა. კერძოდ, 2018 წელს ქვეყანიდან 10 783 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე დაბრუნდა.
„საქსტატის“ თანახმად, 2018 წელს საქართველოში 51 138 ადამიანი დაიბადა, გარდაიცვალა 46 524. მოსახლეობის ზრდა ძირითადად შეიმჩნევა თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში გასულ წელს მოსახლეობა შემცირდა. საერთო სურათი კი ასეთია:
თბილისი - 1 171 100 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 12 400 ადამიანი;
იმერეთი - 497 400 ადამიანი, კლება წინა წელთან 9 600 ადამიანი;
ქვემო ქართლი - 433 200 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 1 100 ადამიანი;
აჭარა - 349 000 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 2 700 ადამიანი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 316 200 ადამიანი, კლება წინა წელთან 4 600 ადამიანი;
კახეთი - 312 500 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 2 200 ადამიანი;
შიდა ქართლი - 257 300 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 2 000 ადამიანი;
სამცხე-ჯავახეთი - 154 100 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 1 800 ადამიანი;
გურია - 109 400 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 1 100 ადამიანი;
მცხეთა-მთიანეთი - 93 600 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 600 ადამიანი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29 700 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 500 ადამიანი.
დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ თუ პოლიტიკა არ შეიცვლება და სახელმწიფო ოჯახისკენ არ შემობრუნდა, უახლოეს 10 წელიწადში ქვეყანაში კიდევ უფრო რთული სიტუაცია გვექნება.
„ძალიან მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა. შემცირდა ქორწინებები, გაიზარდა განქორწინებები. არის დაბერების მაღალი დონე, 14-15%-ია დაბერების დონე ქვეყანაში. ეს კი სოციალურადაც ძაბავს სიტუაციას იმიტომ, რომ მათ პენსიები სჭირდებათ. სისტემური პრობლემები თუ არ მოგვარდა, მოსახლეობის შემცირება გაგრძელდება.
ახლა ურთულეს სიტუაციაში ვართ. უახლოეს 10 წელიწადში დეპოპულაცია გაგრძელდება, სიკვდილიანობა გადააჭარბებს შობადობას. ასე რომ, თუ პოლიტიკა არ შეიცვლება და სახელმწიფო ოჯახისკენ არ შემობრუნდა, უახლოეს 10 წელიწადში ქვეყანაში კიდევ უფრო რთული სიტუაცია გვექნება“, - აცხადებს დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე კი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საბოლოო ჯამში დემოგრაფიულ პრობლემებს იწვევს. მისი აზრით, ყოველთვის წავა ხალხი იმ ადგილებიდან, სადაც არ არის საშუალება, რომ თავი ირჩინონ.
„სოფლებში სავალალო ვითარებაა. ჩვენ თუ რეალურად წარმოება არ განვავითარეთ, არაფერი გვეშველება. ყოველწლიურად გამსვლელთა რაოდენობა მატულობს, ვიდრე დაბრუნებულთა ოდენობა. რეგიონებს დღეს ფუნქცია არ აქვს. ამიტომ ვამბობ, შესაბამისი გადამამუშავებელი ქარხნები თუ არ შეიქმნა, ხალხს ვერ გავაჩერებთ და გაქცევა არც გაემტყუნება. მიდიან იქ, სადაც შეიძლება, სამუშაო იპოვონ. მიდიან უცხოეთშიც ისე, რომ უკან მოხედვაც არ უნდათ“, - ამბობს სილაგაძე.