„ცენტრ პოინტის“ შემდეგ უცხოელების ხელში „იოლი ჯგუფი“ გადავიდა. მანამდე კი „იოლმა“ სუპერმარკეტების ქსელი გაყიდა. ამ გადაწყვეტილებას როგორც ერთ, ასევე მეორე კომპანიაში „გადარჩენის“ მიზნით მიღებულს უწოდებენ. ქართული კომპანიები უცხოელების ხელში მეთოდურად გადასვლას არცთუ სასიამოვნო ფაქტს უწოდებენ ექსპერტები, მათი თქმით, თუ ასეთი შემთხვევები კიდევ დაფიქსირდა, ის ქართული ბიზნესისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება.
„იოლი ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის შემდეგ საკუთარი საწარმოც გაყიდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საწარმოს გაყიდვის შესახებ „იოლის“ დამფუძნებელმა ლადო კვარაცხელიამ მიიღო, თუმცა კონკრეტული მიზეზები უცნობია. „იოლი ჯგუფში“ სავარაუდო ინვესტორის და ინვესტიციის მოცულობის შესახებ არ საუბრობენ.
ერთ-ერთი ვერსიით გამორიცხული არ არის, რომ კომპანია „შირნჰოფერმა“ შეიძინოს. ამას თავად „იოლი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი თამაზ შენგელიაც არ გამორიცხავს.
„გარკვეული ხნის წინათ „შირნჰოფერის“ დირექტორი გრიგოლ ჟვანია „იოლში“ იმყოფებოდა და საწარმო დაათვალიერა. სასურველი ფასის შემოთავაზების შემთხვევაში გამორიცხული არაა, „იოლის“ ახალი მფლობელი „შირნჰოფერი“ გახდეს“, - განაცხადა შენგელაიამ.
თუმცა „შირნჰოფერში“ „იოლის“ საწარმოთი დაინტერესება კომპანიაში კეტეგორიულად უარყვეს: „ჩვენ ვიცით, რომ „იოლი“ იყიდება, თუმცა „შირნჰოფერი“ მის შეძენას არ აპირებს. ეს ინფორმაცია თავად კომპანიის დირექტორთან გრიგოლ ჟვანიასთან გადავამოწმე“, - განაცხდა „შირნჰოფერის“ პიარ-მენეჯერმა ირმა იანტბელიძემ.
მანამდე კი ლადო კვარაცხელიამ მის მფლობელობაში არსებული ალკოჰოლური სასმელების კომპანია „სამგორი ალკოს“ გაკოტრებისგან გადარჩენის მიზნით „იოლის“ სუპერმარკეტების ქსელი გაყიდა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, „სამგორი ალკო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელის - „თბილისურის“ ეტიკეტზე წარწერა „კონიაკისებურის“ მიწერის გამო დაახლოებით 1,5 მლნ ლარით დააჯარიმა, რაც „სამგორი ალკოსთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა.
თავის მხრივ, „იოლი ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ „სამგორი ალკოს“ გაკოტრებისგან გადარჩენის მიზნით სუპერმარკეტების ქსელის 80% ლიტველებს მიჰყიდა.
„იოლი ჯგუფის“ გასხვისებამდე კიდევ ერთი ქართული კომპანია, „ცენტრ-პოინტი“ გაიყიდა და მისი მფლობელი უცხოური კომპანია „დექსუსი“ გახდა. ხელშეკრულების მიხედვით „დექსუსს“ ქართული სამშენებლო კომპანია სამი წლით სამართავად გადაეცა. მაშინ „დექსუსში“ აცხადებდნენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ისინი ყველა ნაკისრი ვალდებულებას შეასრულებენ:
ბინების შეჩერებულ მშენებლობას ბოლომდე მიიყვანენ, გაისტუმრებენ „ცენტრ პოინტ ინვესტის“ კრედიტორებსაც და ა.შ.
არადა, „დექსუსის“ შესახებ იმ დრომდე, ვიდრე „ცენტრ-პოინტთან“ ხელშეკრულება გაფორმდებოდა, არავინ არაფერი იცოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს „ცენტრ პოინტის“ გაკოტრების შესახებ ხშირად საუბრობდნენ. კომპანია ვერც მშენებლობას აგრძელებდა, ვერც გადახდილ თანხას უბრუნებდა კლიენტებს და არც ჯარიმებს იხდიდა. კომპანიის დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა კი ხელშეკრულების გაფორმების დღეებში ისიც განაცხადა, რომ „თუკი „დექსუსი“ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მმართველობაში სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც დარჩეს“.
ცხადია, რომ პოსტკრიზისულ ვითარებაში ქართული კომპანიების უცხოური კომპანიებისთვის გადაცემა, უფრო ზუსტად კი უცხოური ინვესტიციების ჩადება, ერთის მხრივ მისასალმებელია და ამას ექსპერტებიც დადებითად აფასებენ. თუმცა, ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხესაც ხედავენ და მიაჩნიათ, რომ თუ ქართულია კომპანია, მის წარმოებას ხელი აუცილებლად უნდა შეეწყოს.
„საერთოდ, ასეთი პრაქტიკა, რაც გაკოტრების წინაშე მყოფ კომპანიაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას გულისხმობს, მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და დღესაც მოქმედებს. ჩვენთანაც თუ ასეთი რამ ხდება, გასაკვირი ნამდვილად არაა, განსაკუთრებით კი სამშენებლო სფეროში. ჩვენ ვიცით, რომ იგივე „ცენტრ-პოინტი“ საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა, ვერ აშენებდა სახლებს და დავალიანება ჰქონდა კლიენტურასთან. დღეს კი, როდესაც კომპანია მართვაში სხვა კომპანიას გადაეცა, ეს უკანასკნელი კი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ფაქტია.
მაგრამ თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ის ქართული ბიზნესისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. საჭიროა არა უცხოური ინვესტიციები, არამედ ეროვნული ბიზნესის გაძლიერება. თუ ეს მოხდა, ცხადია, რომ ის ქართული ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ავთო სილაგაძემ.