რა მანძილია საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს შორის?

რა მანძილია საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს შორის?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაახლოებით 15 წელიწადში მიაღწიოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახლანდელ დონეს. ერთია ეკონომიკური ზრდა და მეორე მოსახლეობის ცხოვრების დონე. ამ კუთხით ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩამორჩენა ალბათ უფრო მეტია. ყოველ შემთხვევაში სავალუტო ფონდში ამბობენ, რომ საქართველომ 3-წლიანი კრიზისი გადაიტანა და ახლა ქვეყნაში შედარებითი სტაბილურობის დროა.

სსფ-ის ანგარიშით, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულმოსახლეზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლები თითქმის თანაბარია. თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიზნობრივ მაჩვენებლამდე საქართველოს 15 წელი აშორებს, სომხეთს- 20 წელი, აზერბაიჯანს კი, თითქმის 50 წელი.

ყველაზე ახლოს საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყაზახეთი და თურქმენეთი არიან, რომლებსაც მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 10 წლამდე პერიოდში შეუძლიათ.

სავალუტო ფონდის შეფასებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა და სახელმწიფოებმა 2014-16 წლების საგარეო შოკი დაძლიეს, თუმცა ზრდა რეგიონში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მოქალაქეთა ცხოვრების დონე ამაღლდეს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მსხვილი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში შარშან უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო და წელს გააქტიურდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს, ასევე შიდა მოთხოვნის შესუსტებას დააბალანსებს.

ქართველი ეკონომისტები გარკვეულწილად იზიარებენ სსფ-ს შეფასებას ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის ზრდის ტემპის კუთხით, თუმცა აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. ზოგიერთი თვალსაზრისით ევროპასთან ჩამორჩენა სულაც არ არის საგანგაშო, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც სხვაობა მართლაც ძალიან დიდია.

„ევროპის ყველაზე სუსტი რგოლი - ბულგარეთი, რომ ავიღოთ, ამ ქვეყანასთან ჩამორჩენა დაახლოებით 13-14 წელია, ესეც იმ შემთხვევაში, ამ ტემპით თუ წავალთ წინ, მაგრამ ბულგარეთიც ხომ დღევანდელ დონეზე ვერ გაჩერდება. ჩვენ გვინდა ბულგარეთზე გაცილებით მაღალი, საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 1,5-2-ჯერ მაღალი ტემპი.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ შერეულ ფორმატში ვართ ჩამორჩენის მხრივ. მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიებით, ციფრულ ტექნიკაზე მიწვდომით ისეთსავე დონეზე ვართ, როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში. აქ ჩამორჩენაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სხვაობა შემოსავლებში. დავუშვათ, ევროპულ ახალგაზრდებს რამდენად აქვთ ქვეყნებში მოგზაურობის საშუალება, შესაბამისი პრაქტიკული შესაძლებლობა და ამ მხრივ ჩვენს მოქალაქეებს რა საშუალება მოეპოვებათ, რამდენად იკმაყოფილებენ ისინი მოთხოვნილებებს.

მეორე მხრივ, შრომის წარმოებას თუ გადავხედავთ, ტექნოლოგიები აგრარულ სექტორში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მოხმარების მხრივ ჩვენი მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა. ბოლო მონაცემის მიხედვით, 1,6 მლრდ ფულადი გზავნილი შემოდის ქვეყანაში და ეს ემსახურება სწორედ მიმდინარე მოთხოვნილებების უფრო მაღალ დონეზე დაკმაყოფილებას“, - ამბობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.