ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია. დღევანდელ ფეხბურთში მას ალბათ ყველაზე ხშირად ხვდება ფეხებში.
მსოფლიოს ჩემპიონატზე შვეიცარიისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩი შეხვედრა როსტოვში გაიმართა და ის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ შვეიცარიელები ნეიმარის წინააღმდეგ ათჯერ დაჯარიმდნენ...
...იქამდე ნეიმარს სამი თვის განმავლობაში არ ეთამაშა ფეხბურთი. შვეიცარიასთან თამაშის დასრულების შემდეგ მას ყველა ეკითხებოდა, თუ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნეიმარი ყველას ამშვიდებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო...
არადა, პირველივე ვარჯიშისას ტკივილი იგრძნო ფეხში. ის ძალიან ნელა მოძრაობდა და არ იღებდა ინიციატივას საკუთარ თავზე. ეს სულაც არ იყო მისი პირველი ტრავმა.ზოგადად, ბრაზილიელი ვარსკვლავი ტრავმებისკენაა მიდრეკილი.
ამ შეხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე ის მძიმედ დაშავდა. “პარი სენ-ჟერმენი” “მარსელს” ეთამაშებოდა. ბრაზილიელმა საკუთარ ნახევარზე სცადა ბურთის მოპოვება, მაგრამ ცუდად დაეცა და ცრემლები წამოუვიდა. პარტნიორებმა მხოლოდ 30-40 წამის შემდეგ გააცნობიერეს, თუ რა ხდებოდა და ბურთი აუტზე გადააგდეს. ნეიმარმა ტერფის ძვალი გაიტეხა და... სულ მცირე, სამი თვით დაემშვიდობა ფეხბურთს.
რა ტრავმაა ეს სინამდვილეში?
ამ ტრავმას ჰქვია ფეხის პატარა ძვლის მოტეხილობა. ეს ძვალი მაშინ ხდება იოლად მტვრევადი, როცა ადამიანი მთელი ძალით ურტყამს ბურთს. “პარი სენ-ჟერმენის” ექიმებმა ასევე გამოიკვლიეს, რომ ნეიმარს ფეხის წინა ნაწილის კუნთებიც დაჭიმული ჰქონდა.
“პარი სენ-ჟერმენში” სურდათ, რომ ფეხბურთელს ემკურნალა ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე. ნეიმარის მხარეს კი არ სურდა მოვლენების დაჩქარება. ისინი სულაც არ იქნებოდნენ წინააღმდეგები, თუ ფეხბურთელი ოპერაციას გაიკეთებდა. ასეთ შემთხვევაში ნეიმარს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევდა...
საბოლოო ჯამში, დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყდა, რომ ნეიმარი ოპერაციას გაიკეთებდა და გაიკეთა კიდეც ბელუ ორიზონტეს კლინიკაში. ოპერაცია ექიმმა როდრიგო ლასმარმა ჩაატარა. “პარი სენ-ჟერმენის” ოფიციოზმა მაშინ განაცხადა, რომ ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა...
“ჩემი პრობლემა, თითქოს, მხოლოდ ძვალი იყო, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. მე მქონდა სხვა პრობლემებიც. აქედან გამომდინარე, აღდგენითი პროცესი იოლი არ ყოფილა და მან საკმაოდ მტკივნეულად ჩაიარა”, - გაიხსენა მოგვიანებით ნეიმარმა.
რა მოხდა 2019 წელს?
“სტრასბურთან” საფრანგეთის თასის გათამაშების შეხვედრა ნეიმარისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. 5 წუთის ინტერვალში მას სამჯერ მოხვდა ფეხებში მოათაზ ზემზემისგან. მერე მან უხერხულად დადგა გაზონზე ფეხი და კვლავ დიდი ტკივილი იგრძნო.
“იგივე ფეხი, იგივე ადგილი”, - სწუხდა “პარი სენ-ჟერმენის” მწვრთნელი თომას ტუხელი. ნეიმარმა კი არ დამალა, რომ ტრავმის მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა. იმ საღამოს ეს ბევრმა მისმა მეგობარმა ნახა. მერე გულის გადასაყოლებლად მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა და ცრემლები იქაც ვერ შეიკავა...
ნეიმარის სათამაშო სტილის შესახებ ყველამ ვიცით. ბევრი მიიჩნევს, რომ მან წყობიდან გამოიყვანა მოათაზ ზემზემი, როცა მას ჯერ ფეხებში გაუძვრინა ბურთი, მერე კი დიდოსტატურად გადაუგდო თავზე.
“პარი სენ-ჟერმენმა” ნეიმარის დაბრუნების ვადად 10 კვირა დათქვა. ის აღდგენით პროცედურებს გადიოდა ბრაზილიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ყატარში. ასე იყო თუ ისე, გუნდი მის გარეშე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა...
ერთი ტრავმა ორჯერ...
პრაქტიკულად, მოხდა ისე, რომ ნეიმარმა ერთი ტრავმა ორჯერ მიიღო. ფეხბურთის სამედიცინო წიგნებში აღწერილია ასეთი შემთხვევები. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთ მიზეზად მოთამაშის ფსიქოლოგიაა დასახელებული...
არავინ იცის, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბოლო დროს მის სახეზე სულ უფრო იშვიათად ვხედავთ ბედნიერ ღიმილს. ბრაზილიელი მეგავარსკვლავისთვის ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა...