როურა:

როურა: "მესი "ბარსელონადან" მიდიოდა, მაგრამ ვილანოვამ გარდაცვალებამდე გადააფიქრებინა"

ლიონელ მესის „ბარსელონას“ დატოვება უნდოდა, მაგრამ აწ გარდაცვლილმა ტიტო ვილანოვამ არგენტინელს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ამის შესახებ მისმა ასისტენტმა ჟორდი როურამ AS-თან საუბარში განაცხადა.

როგორც როურა იხსენებს, ტიტო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მესის შეხვდა და „ბარსაში“ დარჩენაში დაარწმუნა:

„დიახ, ეს სიმართლეა. ლეო არ იყო დარწმუნებული, რომ „ბარსელონაში“ დარჩენა უნდოდა და სიმართლეა ისიც, რომ ტიტოსთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ, მესიმ შეცვალა გადაწყვეტილება და ეს „ბარსელონასთვის“ ფუნდამენტური გადაწყვეტილება იყო. ეს საუბარი ტიტოს გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე შედგა. ის უბრალო ადამიანი იყო, დიიდ პიროვნება. „ბარსაში“ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი უდავო იყო“, - თქვა როურამ.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა 2014 წლის 25 აპრილს სიმსივნით გარდაიცვალა. „ბარსელონაში“ ესპანელი სპეცილიასტი პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო 2008-2012 წლებში, ხოლო 2012-2013 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავა.