ვის უბრმავებს თვალს უცხოური კვლევები?

ვის უბრმავებს თვალს უცხოური კვლევები?

[დავით კირვალიძე]
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული მიმზიდველი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ათასგვარ მონაცემებს აქვეყნებენ. არადა, სულ ტყუილად. ადგილობრივი მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად ეს არ გამოდგება. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება სულ უფრო რთულდება.

ადრე გამოუცდელი ინვესტორები ტყუვდებოდნენ და კაპიტალის დაბანდების სურვილით საქართველოში ჩამოდიოდნენ, მაგრამ მრავალგზის რომ იწვნიეს ჩვენი მთავრობისგან უსამართლო მათრახი, თავადაც გაფრთხილდნენ და სხვებიც გააფრთხილეს.

ინვესტორები რომ დაფრთხნენ, ეს სტატისტიკური მონაცემებიდანაც კარგად ჩანს. პირველ კვარტალში მხოლოდ 76 მილიონი დოლარის კაპიტალი შემოვიდა. მიუხედავად ამისა, უცხოელი “მკვლევარები“ არ ცხრებიან და დრო და დრო ნაირ-ნაირ პოზიტიურ მონაცემებს ქების სიგელებივით არიგებენ.

მსოფლიო ბანკის კვლევის - “ინვესტიციები საზღვრებს გარეთ - 2010” - მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 87 ქვეყანას შორის ლიდერია. მსოფლიო ბანკის ინვესტირების კლიმატის მრჩეველთა ჯგუფმა კერძო იურიდიული კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე მოამზადა 200-გვერდიანი ანგარიში - “ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010”, რომლის მიხედვით საქართველო ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. კვლევა მსოფლიოს 87 ქვეყანში ჩატარდა და ბოლო ერთი წლის მონაცემებს ეყრდნობა.

მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო, უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უცხოური კომპანიის მიმართ. საქართველოში უცხოური ბიზნესის წამოწყებისთვის კომპანიის დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.

საქართველოში ყველაზე სწრაფად ხდება კომპანიების შექმნა. უცხოურ კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

საქართველოში ბიზნესის წამოწყება კომპანიას 1 დღეში შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში საჭიროებს 33 დღეს, რუსეთში - 31 დღეს, საბერძნეთში - 22 დღეს, ბულგარეთში - 20 დღეს, სომხეთში - 18 დღეს, თურქეთში - 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს მოითხოვს ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე).

აღსანიშნავია, რომ 4 დღეზე ნაკლებ დროში, მსოფლიოს არცერთ გამოკვლეულ ქვეყანაში არაა შესაძლებელი ბიზნესის დაწყება. მსოფლიო ბანკის კვლევა “ინვესტიციები საზღვრებს გარეთ - 2010” აანალიზებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.

ქართველი ექსპერტების ნაწილი მსოფლიო ბანკს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა თვლის, რომ ქვეყანაში კვლავ საკმაოდ რთულია ბიზნესის წარმოება.

ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ გზა ინვესტორებისთვის შეიძლება რეალურად გახსნილი იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ფაქტორი და ხელისუფლებას ინვესტორების მოსაზიდად ძალიან დიდი ძალისხმევა აქვს გასაწევი. მისი აზრით, საქართველოში ბიზნესის წარმოება კვლავ რთული რჩება.

– “რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიზმიდველი ქვეყანა გახდეს. გაწეული აგიტაციის მიუხედავად, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო.

მარტივად რომ ვთქვათ, კარების ზომის მიხედვით სტუმრად არ დადიან. უნდა იყოს დაინტერესება, რომ ადამიანმა ზღურბლს გადააბიჯოს. მთავარია, არა კარების ზომა, არამედ ის, თუ რა ხდება ამ კარის მიღმა. ცხადია, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ იქნება გასაძლიერებელი, რომ პოტენციური ინვესტორები ქვეყნიდან არ გარბოდნენ და ჰქონდეთ საქართველოში ფულის დაბანდების საშუალება.

არა მარტო საწარმოს გახსნა და მეწარმეებისთვის ბიუროკრატიული რეჟიმისთვის თავის დაღწევაა მნიშვნელოვანი, ათასი კომპონენტია იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს - დაწყებული დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და დამთავრებული ბაზარზე შესაბამისი ადგილის დამკვიდრების ხელშემწყობი პირობის შექმნით”, - აცხადებს სოსო არჩვაძე.