ყაზახური ხორბალი შემოვა - ფქვილის ფასი დაიწევს

ყაზახური ხორბალი შემოვა - ფქვილის ფასი დაიწევს

ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დასწევს ტარიფებს. ეს საშუალებას მოგვცემს ყაზახური ხორბალი საქართველომ მარცვლეული შედარებით ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს. სამაგიეროდ, პრობლემები შეექმნებათ მარცვლეულის ავტოტრანპორტით გადამზიდავებს, რადგან საქმეში თავიდან ბოლომდე რკინიგზა ჩაერთვება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში.

„ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი. ახლა მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს ყაზახური ხორბლის მიწოდებას და ტარიფებს 50%-მდე დასწევს, რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ“, – აღნიშნა თურნავამ.

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის დაწყებას დადებითად აფასებს.

„ჩვენ თუ 5 წლის წინანდელ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სუბსიდირების პირობებში ბაზარზე წარმოდგენილი იყო როგორც რუსული ხორბალი, ისე ყაზახური და უკრაინული ხორბალი. დღეს რასაც ვხედავთ, ეს ამ მექანიზმის დაბრუნებაა, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველომ ქვეყნების დივერსფიცირება მოახდინოს. ბოლო წლებში დაახლოებით, 95%-ით რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე ვართ დამოკიდებული. ერთ ბაზარზე მიბმა კი საკმაოდ სარისკოა. აქედან გამომდინარე, ყაზახეთის ბაზრის პერსპექტივას დადებითად ვუყურებთ,“ - განაცხადა სილაგავამ.

შუა აზიური ხორბალი რკინიგზის საშუალებით შემოვა. სამომავლოდ კი საავტომობილო გზა კონკურენტუნარიანობას დაკარგავს.

„თუ კომპანიას ხორბლის გარკვეული ოდენობა სამანქანო გზით შემოჰქონდა, მას შეუძლია, რომელიმე ყაზახურ კომპანიას მიმართოს და პარტნიორი მოიძიოს, ხოლო საჭიროების მიხედვით, ალტერნატიული ტრანსპორტი ნახოს. თუ ფასი მათთვის მისაღები იქნება ხორბალს ყაზახეთიდან რკინიგზით გადმოზიდავენ“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ სილაგავამ.

სიახლე მაინცდამაინც კარგად არ მიიღეს მარცვლეულის ავტოტრანპორტით გადამზიდავებმა. კომპანია „სერვის აგროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბესო ჯიქიას განცხადებით, ქვეყანაში ყაზახეთიდან სარკინიგზო საშუალებით ხორბლის იმპორტი ლობირებულია და კონკრეტული პირების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. სარკინიგზოს გარდა, სხვა სატრანსპორტო გზის ხელოვნურად აკრძალვის შემთხვევაში ბიზნესისთვის არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნება.

„სარკინიგზო ბაზარი მონოპოლისტურია, სადაც ხორბლის შემოტანა ერთი-ორი კომპანიის ხელში აღმოჩნდება. ყაზახეთიდან ხორბლის მხოლოდ სარკინიგზო გზით შემოტანა ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება, მაგრამ სხვა ალტერნატივის ხელოვნურად აკრძალვის შემთხვევაში ბიზნესისთვის ეს არასახარბიელოა. სარკინიგზო გზით ხორბლის შემოტანა 50 საავტომობილო კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს და შესაძლოა ამან მძღოლების პროტესტი ისევ განაახლოს.

„ეს მძღოლები არ გაჩერდებიან, ბევრი ოჯახი დარჩება უმუშევარი. ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის სუბსიდირება ხორბალს გააიაფებს და საავტომობილო გზას ავტომატურად შეზღუდავს. მარტივად წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს თუ საავტომობილო გზა დაიკეტება. იმუშავებს ერთი ადამიანის ტერმინალი და რკინიგზა“, - აღნიშნა ჯიქიამ.

Maverick ბესო ჯიქიას ზრუვა გასაგებია, 50 გადამზიდავი კომპანია ცოდოა, მაგრამ (რიტორიკული კითხვა გამოდის) ცოდო არის თუ არა მოსახლეობა, განსაკუთრებით 800 ათასი ადამიანი რომელიც სოციალური დახმარების იმედად ცოცხლობს და სხვა საარსებო საშუალება არ აქვს, მათი უმრავლესობა პურზე, წყალზე ზის (თუ ჩაი აქვთ, შაქარიც უნდათ, ისევე როგორც ყველი, კარაქი), წამალიც ჭირდებათ, სამგზავრო თანხაც, როგორ გამოვძებნით საშუალებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული, ურდულდადებული ჩაკეტილი წრიდან?!...
4 წლის უკან