ანტონიო კონტე სამწვრთნელო ასპარეზზე და სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, გამოცდილი სპეციალისტი „რომასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, კონტე უკვე შეხვდა ფრანჩესკო ტოტის და თავისი მოთხოვნებიც წაუყენა. იტალიელის მოთხოვნით, „რომას“ ხელმძღვანელობამ ალექსანდრ კოლაროვი, კოსტას მანოლასი და ედინ ჯეკო აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.
რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს - „ჯალოროსი“ „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს სამწლიან კონტრაქტს სეზონში 9.5 მილიონი ევროს ოდენობით სთავაზობს.
„რომაში“ კონტეს სათადარიგო ვარიანტებად ჯამპიერო გასპერინის, მარკო ჯამპაოლოსა და მაურიციო სარის განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ კონტე ბოლოს ლონდონის „ჩელსის“ ედგა სათავეში, ხოლო იქამდე სახელი „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში გაითქვა.