ნავთობის მსოფლიო ბაზარი მძიმე რეალობის წინაშეა. შეიძლება შავ ოქროზე ფასი ნახტომისებურად გაიზარდოს. დაახლოებით 1 კვირაში ყველაფერი გარკვეული იქნება, მანამდე კი ფასი უკვე მაღლა დაიძრა.
იმ შემთხვევაში, თუ ირანს მაისის დასაწყისში ნავთობის ექსპორტისთვის სპარსეთის ყურეს ჩაუკეტავენ, თეირანი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს. 2 მაისს იმ ქვეყნებს, რომელთაც ამერიკამ ირანიდან ნავთობის იმპორტზე დროებითი შეღავათები დაუწესა და სასანქციო სიაში არ მოაქცია, ირანული ნავთობის ყიდვის ვადა ეწურებათ. დონალდ ტრამპმა უკვე ოფიციალური ანგარიშის თანახმად, გადაწყვიტა ირანის ნავთობის იმპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე დაშვებული გამონაკლისი აღარ გაახანგრძლივოს. შესაბამისად, თეირანი თავდასხმაზე გადავიდა. კვირის დასაწყისში ირანელმა მაღალჩინოსანმა, ალირეზ ტანგსირიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეს დაკეტავს იმ შემთხვევაში, თუ ირანს მის გამოყენებას შეუზღუდავენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თეირანი მსგავსი მუქარით გამოდის, ჯერ კიდევ დეკემბერში ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტს დაბლოკავდა, სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტირება საერთოდ არ მოხდებოდა.
მსოფლიოს ნავთობის 40%, რომელიც საზღვაო ტანკერებით გადააქვთ, ჰორმუზის სრუტეზე გადის. ეს სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. ასეთი კოლაფსი კი, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს.
აქამდე სანქციების მიუხედავად ინდოეთს, ჩინეთს, თურქეთს, საბერძნეთს, იტალიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას და ტაივანს ჰქონდათ დაწესებული 6-თვიანი გამონაკლისი ირანული ნავთობის შესყიდვის მიზნით. თუკი მათაც შეეზღუდებათ ვაჭრობის შესაძლებლობა, შედეგად ბაზარზე მიწოდების შემცირების მოლოდინში, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზრდება.
ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი აღნიშნავს, რომ ირანის იზოლაცია და ნავთობის ფასის მატება, პოზიტიურად აისახება აშშ–ს ფიქალის ნავთობის მწარმოებლებზე. მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა გამონაკლისების გაუქმების შესახებ, კომპანიებმა ტეხასში, ოკლაჰომაში და კალიფორნიაში მილიარდიანი სარეგებელი მიიღეს.
„ოპეკის წევრი ქვეყნების შემდგომი შეკრება ივნისში იგეგმება. საუდის არაბეთი აპირებს მოპოვების გაზრდას. მიუხედავად ამისა, ვენესუელაზე დაწესებული სანქციების გამო, ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მიწოდება არაადეკვატური იქნება, რაც შესაბამისად გამორიცხავს ფასების მნიშვნელოვან კლებას უახლოეს მომავალში“, - აღნიშნავს თარიმანაშვილი.
რა მოხდება საქრთველოში ამის პროგნოზი ამ ეტაპზე იოლი არ არის, თუმცა, თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გაგრძელდა, ადგილობრივ ქსელში საწვავის ფასი გაიზრდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში არაბრენდირებულ სადგურებზე უკვე შეიმჩნევა 6-7-თთრიანი მატება, ხოლო ზოგ მსხვილ გასამართ სადგურზე ფასმა 3 თეთრით მოიმატა.
„წინასწარ პროგნოზი რთულია, თუმცა ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი სწრაფად მატულობს. არაერთხელ ვყოფილვართ მოწმე, როცა გეოპოლიტიკური პროცესების გამო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ნავთობის ფასი არაპროგნოზირებად და უმაღლეს ნიშნულამდეც მისულა. დაძაბულობა სახეზეა, რამაც ფასების მატება გამოიწვია. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ბოლო 2 კვირაში ფასები საქართველოშიც საშუალოდ 6-7 თეთრით არის გაზრდილი, როგორი იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის გლობალური პროცესის გავლენა, ვარაუდი ჯერჯერობით მიჭირს“, - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.