ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება დიდი სისწრაფით იზრდება, ხოლო ენერგეტიკული განვითარება მას საკმაოდ ჩამორჩება. შესაბამისად, დეფიციტი იზრდება და იმპორტზე დამოკიდებულებაც მატულობს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში 1 მლრდ 143 მლნ 69 ათასი კვტ/ სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით, 2.5%-ით მეტია.
ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, რომელიც გასული წლის ბოლოს დამტკიცდა, საერთო ჯამში, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 14 მლრდ 832,1 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რაც 2018 წლის მოხმარების მაჩვენებელზე (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ/სთ) დაახლოებით, 11%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ესკო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 23%-ით გაიზარდა და 208.869 მლნ კვტ/სთ მიაღწია.
დენის მოხმარება სწრაფად იზრდება, ხოლო ენერგოდეფიციტის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს. იმპორტზე დამოკიდებულებაც მუდმივად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება.
საქართველოს, 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ენერგეტიკაში 13%-იანი დეფიციტია. დაახლოებით ასეთი ვითარება იყო 2017 წელსაც.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში დასამარცხებელია სიღარიბე, რომელიც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ამისათვის კი საჭიროა დამატებითი ენერგია.
„ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია“, - განაცხადა ბახტაძემ და იქვე დასძინა, რომ ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება.
ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს არ აქვს ოპტიმისტური განწყობა, რომ ახლო პერიოდში ენერგეტიკული დარგი განვითარდება და წინ წავა საქმე.
„უკვე ლაპარაკიც არ არის, რომ მსხვილ ჰესებს ვერ ავაშენებთ და აღარც პერსპექტივაა, მაგრამ, რატომღაც, მცირე ჰესების მშენებლობის პროცესსაც უპირისპირდებიან. ჯერჯერობით შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება კატასტროფული არ არის, მაგრამ სტაბილურობის განცდა ნაკლებია. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ სიტუაცია დაბალანსდეს. ამისთვის ქარის ენერგიაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ნაწილობრივ მზის ენერგიაც, მაგრამ ამ მიმართულებითაც პროგრესი არ გვაქვს.
პერსპექტივაში ელექტროენერგიის იმპორტიც სტაბილური არ არის. ცხადია, ნორვეგია დენით ვერ მოგვამარაგებს, ამიტომ უნდა ვიყიდოთ აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან ან თურქეთიდან. შესაბამისად, არც ამ მხრივ არის პერსპექტივა დამაკმაყოფილებელი“, - აღნიშნა არველაძემ.