ამ დროის მონაცემებით, საპენსიო სისტემა 3000-მდე ადამიანმა დატოვა. სპეციალისტები სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების გააქტიურებას 2 თვის თავზე ელიან, როდესაც სისტემის დატოვების ბოლო ეტაპი დადგება.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, ეს არის სისტემაში ჩართული დასაქმებულების დაახლოებით 0,4%. ამ დროისთვის 760 ათასი ანგარიშია გახსნილი საპენსიო სისტემაში, აქედან კი 40 წელს ზემოთ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში დატოვონ სისტემა, 290 ათასს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. შედეგად 40-წლამდე პირებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულოა, 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ნებაყოფლობითი. თუმცა, მათ საპენსიო სისტემიდან გამოსასვლელად შესაბამისი განაცხადი უნდა დაწერონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო სისტემა უფრო მეტად საჯარო სამსახურის წარმომადგენელმა დატოვა, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულმა. სურგულაძის მონაცემებით, საპენსიო სქემა დატოვა კერძო სექტორიდან 433-მა პირმა, საჯარო სექტორიდან 2712-მა პირმა, ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სქემა დატოვეს და ორივე - საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობენ - 230-ია.
ლევან სურგულაძის ინფორმაციით, სულ სქემაში ჩართულია 747 774 ადამიანი, აქედან საჯარო სექტორში დასაქმებული - 187 472-ია, კერძო სექტორში კი - 581 439 ადამიანი, ორივე სექტორში მომუშავეთა რიცხვი 21 137 ადამიანია.
საპენსიო ფონდში მოგროვილ ₾750 000-ს სებ-ში, ფიქსირებული 6.5%, კომერციულ ბანკებში კი 5-8,5%-მდე სარგებელი ერიცხება. ფონდის პარტნიორი სებ-ი და 10 კომერციული ბანკია.
ფონდის აუდიტს დიდი ოთხეულის წევრი Ernst & Young მაისის ბოლოს ჩაატარებს. სურგულაძის ინფორმაციით, საპენსიო რეფორმის საინფორმაციო კამპანია გააქტიურდება ტელესივრცეში ვიოდეო რგოლებით.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საპენსიო რეფორმის წარმატების რეალურ ინდიკატორად მიიჩნევს იმას, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული მოქალაქე დატოვებს სისტემას.
„რასაკვირველია, ვეწინააღდეგები იმას, რომ ვინმესათვის რაიმე სავალდებულო იყოს. თუ სისტემა არის გამართული, კარგი, მისაღები და მომგებიანი, მასში ხალხი ნებაყოფლობითაც ჩაერთვება. ამის საუკეთესო ინდიკატორი, თუ როგორ ხედავს მოსახლეობა ამ რეფორმას და როგორ აფასებს, იქნება 40 წელს გადაცილებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სისტემას დატოვებენ.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ საწყისი პროცესია და ამიტომ ვერ გამოჩნდება რეალური სურათი. როგორც წესი, ჩვენთან ყველაფერს ბოლო დღისათვის გადადებენ ხოლმე და სწორედ 2 თვის შემდეგ დავინახავთ რეალურ სურათს. სავალდებულობის კომპონენტი იმიტომაა, რომ ნაკლებ ინტერესს ელოდნენ“, - აცხადებს მაკალათია.
ამ მოსაზრებას ამყარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქეთა 53%-ს საპენსიო რეფორმა არ მოსწონს. მასშტაბურ სახელმწიფო ინიციატივაში, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა, გამოკითხულთა 49%-ია ჩართული. 95%-ის აზრით, ეს ყოველთვიურ შემოსავალზე უარყოფითად აისახა.
სოციოლოგიური კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 2087 ადამიანი გამოიკითხა. გამოდის, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის რეფორმა მიუღებელია, თუმცა 40 წელს მიუღწეველი მოქალაქეებისათვის არჩევანის თავისუფლება არ არსებობს.