ქართველები ლისაბონში, მეძავ–ფართი და გაოცებული სარკოზი

ქართველები ლისაბონში, მეძავ–ფართი და გაოცებული სარკოზი

ქართული დელეგაციის ხმაურიანი თავგადასავალი ლისაბონში. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ჩასულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა წვეულებისთვის  მსუბუქი ყოფაქცევის ოთხმოცამდე ქალი დაიქირავეს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე გამოცემამ გამოაქვეყნა. მათ შორის ბრიტანულმა „მორნინგ სთარმა“.

 

მომხდარის შესახებ წერს პორტუგალიური ტაბლოიდი  Correio da Manha. მასალაში, რომლის სათაურია - „საქართველომ ლისაბონში  მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა“- აღნიშნულია, რომ „ლისაბონის ნატოს სამიტში მონაწილეობისთვის ჩასული ქართული დელეგაციის წევრები ქალებს შეუთანხმდნენ და სასტუმროში მათთან ერთად მივიდნენ“.

 

ინციდენტი 19 ნოემბერს მოხდა. ქართულმა დელეგაციამ ქალბატონები სასტუმროს ტერიტორიაზე წვეულების მოსაწყობად შეიყვანა. პორტუგალიური ტაბლოიდის ინფრომაციით, ქართული დელეგაციის პარასკევის „ფართი“ ცოცხალი და საკმაოდ ხმაურიანი იყო. მას სასტუმროში მყოფი სომხური დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ, მაგრამ „ფართის“ მონაწილეებს პრობლემები საფრანგეთის დელეგაციამ, მათ შორის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეუქნეს.

 

ხმაურით შეწუხებულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაცვის სამსახურს წვეულების სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვა.

 

ქართველთა „წვეულება“ კიდევ ერთი ინციდენტის გამოც გახმაურდა, რომელზეც პორტუგალიური მედია ასევე წერს. „ფართის“ დროს ერთ–ერთი ქალბატონი დაშავდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი, ერთ-ერთში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე ამოიწურა,  თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა.

 

ქართული დელეგაცია ლისაბონში სასტუმრო „ტიარაში“ ცხოვრობდა. ის პორტუგალიის დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელსაც ერთი საპრეზიდენტო და ორი დიპლომატიური კომპლექსი, აგრეთვე, ოცდაცხრამეტი ლუქსი აქვს. დიპლომატიურ კომპლექსში ღამის გათევა 2000 ევრო ღირს.

 

Correio da Manha -ს ცნობით, სასტუმრო მაღალი რანგის სტუმრებს ემსახურებს. ძირითადად, უცხოელ დიპლომატებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. ნატოს ლისაბონის სამიტის დროს „ტიარაში“ იმყოფებოდა საფრანგეთის დელეგაციაც.

 

სასტუმროს ადმინისტრაცია,  სკანდალის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. „ტიარას“გენერალური მენეჯერი კონცეიშაო რიბეირო ქართულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატია თავიდან ბოლომდე სიცრუეა.

 

„მე წავიკითხე სტატია, მაგრამ ამ ამბავში ჩაღრმავების სურვილი არ მაქვს, რადგან აქ არაფერი მომხდარა. მე გენერალური მენეჯერი ვარ, სასტუმროში ვცხოვრობ, აქ 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი და გარწმუნებთ, რომ არანაირ ინციდენტს ადგილი არ ქონია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია“,- აცხადებს კონცეიშაო რიბეირო.

 

საპირისპიროს ამტკიცებს ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი „მორნინგ სთარი“, რომელმაც  ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებული სკანდალი გამოაქვეყნა.

 

როგორც გაზეთის რედაქტორის მოადგილე ერმანდუ პერეირა სააგენტოსთან  სატელეფონო საუბარში ამბობს, გამომცემლობამ ინფორმაცია პორტუგალიელი პოლიციელებისგან მოიპოვა. 

 

„ამ თემაზე ჩვენი გაზეთის ორი ჟურნალისტი მუშაობდა. მათ ეს ინფორმაცია იმ რამდენიმე პოლიციელისგან მოიპოვეს, რომლებიც სასტუმროში დელეგაციების უსაფრთხოებას იცავდნენ და უნებლიედ გახდნენ მეძავეებთან დაკავშირებული ინციდენტის უშუალო თვითმხილველები.

 

სწორედ მათგან შევიტყვეთ, რომ ქართველების წვეულებამ და ხმაურმა პრეზიდენტი სარკოზი შეაწუხა, ინციდენტზე ოფიციალური საქმე არ აღძრულა. ქართველებს დანაშაული ხომ არ ჩაუდენიათ?! მათ გოგოები დაპატიჟეს და წვეულება მოაწყვეს. პორტუგალიაში ეს ლეგალურია“, - ამბობს „მორნინგ სთარის“ რედაქტორის მოადგილე.

 

„მესმის, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია უარყოფს ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, სიმართლეა“, - აღნიშნა მან.

 

ლისაბონის ქართულ სკანდალს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა „მორნინგ სთარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რუსული სპეცსამსახურების კვალი დაინახა. ვიცე–სპიკერის განცხადებით „მორნინგ სთარი“ ბრიტანელი კომუნისტების გაზეთია, რომელსაც კრემლი დღემდე აფინანსებს.

 

„საერთაშორისო საზოგადოება ხედავს იმას, რასაც „ვაშინგტონი“ და „გარდიანი“ წერენ. ამ გაზეთებში კი, იწერება, რომ საქართველო წარმატებულია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

„მორნინგ სთარის“ პუბლიკაციაზე კომენტარი დღეს, სომხეთის საგარეო უწყებამაც გააკეთა. სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი „აბსურდული და ყალბი ინფორმაცია, კომენტარსაც არ იმსახურებს“.

 

ლისაბონში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძე და საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილიც იმყოფებოდნენ. თუმცა, საქართველოს არცერთ უწყებას, მათ შორის არც საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარზე რაიმე სახის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე–სპიკერი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ „საქმე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას ეხება, ამიტომ ეს ფაქტი გამოკვლევის გარეშე არ უნდა დარჩეს“.

 

უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს „უსაგნოდ ატეხილ აჟიოტაჟს“ უწოდებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მომხდარზე ოფიციალური სტრუქტურების დუმილს დავით დარჩიაშვილი სწორედ ამით ხსნის.

 

„ვინმეს თუ სურს ჩრდილი მიაყენოს იმას, რაც ლისაბონში და სტრასბურგში მოხდა, მისი ნებაა, არ მგონია ასეთ ჭორებზე სერიოზული პასუხის გაცემა აუცილებელი იყოს. მითუმეტეს საქართველოს პარლამენტის წვერებისგან ამაზე კომენტარის გაკეთება“, – აცხადებს პარლამენტარი.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ლისაბონის ნატოს სამიტში მონაწილე  ქართული დელეგაციის სრული შემადგენლობის შესახებ და არც უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიებთან დაკავშირებით გეგმავენ რაიმე სახის კომენტარის გაკეთებას. ამ თემაზე  რაიმე სახის კომენტარის მიღება ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვახერხეთ.

 

ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა ინფორმაციის მოპოვება ლისაბონის ნატოს სამიტში მონაწილე ქართული დელეგაციის სრული შემადგენლობის შესახებაც.

 

„ოფიციალური სტრუქტურები ამ თემას ისეთ მნიშვნელოვან თემად ალბათ არ თვლიან, რომ კომენტარის გაკეთება საჭიროდ მიაჩნდეთ. ვინაიდან ფიქრობენ, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები მათ პოლიტიკურ სტატუსს საფრთხე არ შეუქმნის. უცხოეთში ასეთ ფაქტებზე და მასალებზე პოლიტიკოსს რეაქცია იმიტომ აქვთ, რომ  ეშინიათ, ასეთი თემებისთვის წაყრუების შემთხვევაში მომავალ არჩევნებში ხალხი მათ არ აირჩევს. საქართველოში პოლიტიკოსებს ეტყობა აქვთ იმის გარანტია, რომ მიუხედავად ასეთი სკანდალური მასალების გამოქვეყნებისა ხალხი მათ მაინც აირჩევს“,– ამბობს  პოლიტიკური ექსპერტი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

 

საყვარელიძე ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც უცხოური მედია ქართული დელეგაციის შესახებ ავრცელებს, არანაირი დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება და ევროპაში სკანდალად აღიქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლური მედია ამ თემაზე არ დაწერდა. ქართული მხარის პოზიცია კი, უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ დუმილის მიღმა რაღაც იმალება.