ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა. ბელგრადში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებოდა.
მატჩის დაწყებამდე მოედანზე სერბული კლუბის გულშემატკივრები შეიჭრნენ და კალათბურთელებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს. დაცვის დახმარებით მოთამაშეებმა პარკეტი დროულად დატოვეს.
შეხვედრა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. სერიაში ანგარიში 2:2 იყო და ამ დაპირისპირებას ჩემპიონი უნდა გამოევლინა. დაძაბულობის ფონზე დაწყებული შეხვედრა „ბუდუჩნოსტისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა.
ბითაძის გუნდმა ანგარიშით 54:97 წააგო და შარშან მოგებული ადრიატიკის ჩემპიონობა “ცრვენა ზვეზდას” დაუთმო. ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:36 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.