ზაზა ფაჩულიას აკადემიის გამარჯვებით დასრულდა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა შორის მიმდინარე წლის გათამაშება. „ზაზამ“ ესტაფეტა ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისგან – თბილისის „ჰიუნდაისგან“ გადაიბარა, რომელიც ამჯერად ნახევარფინალში დამარცხდა.
ბალტიის ლიგის გათამაშება 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მთელი სეზონის განმავლობაში, პერიოდულად ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ლატვიასა და ესტონეთში იმართებოდა.
„ზაზამ“ ჯგუფში ესტონურ ტტუ-ს 78:42 მოუგო, ფინური „პიკივა“ 97:42 გაანადგურა, ხოლო სოკის ესტონურ აკადემიას 69:46 სძლია.
ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიამ „ადმირალისკაიას“ 62:57 მოუგო და ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ მატჩში, ისევე როგორ წინა შეხვედრებში, გამორჩეულად ითამაშა ნიკა აბულაძემ, რომელმაც სანქტ-პეტერბურგელებს 33 ქულა ჩაუგდო და 8 ბურთი ჩაუჭრა. ფინალში შედეგიანი იყო გოგიტა ბუკიაც, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 ჩაჭრა და 5 პასი მიითვალა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „თბილისი ბასკეტ იბერმა“ „ჰიუნდაის“ სძლია – 59:52.