შოთა ჩხეიძე: „ეს არის კასტრირებული საარსებო მინიმუმი“

შოთა ჩხეიძე: „ეს არის კასტრირებული საარსებო მინიმუმი“

საქსტატის ბოლოდროინდელმა მონაცემებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აქამდე ვიცოდით, რომ ციფრებით მანიპულირება ყველაზე იოლი საქმიანობა იყო, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად საჭიროა ასეთი მონაცემებით ისედაც გაჭირვებული ხალხის გაღიზიანება.

ამჟამად საქსტატმა დაასკვნა, რომ ხუთსულიანი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 361 ლარი და 20 თეთრია. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, ეს თანხა ოჯახს უნდა ეყოს დაბალანსებული კვებისთვის. მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში შეადგენს 321 ლარს, სამსულიანი ოჯახის- 288 ლარს, ორსულიანის-256 ლარს.

როგორ ხდება ციფრებით მანიპულირება, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი შოთა ჩხეიძე ესაუბრა.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ საარსებო მინიმუმი წარმოადგენს ორიენტირს ხელფასის, პენსიის, სტიპენდიისა და შემწეობის გასაცემად, გამოდის, რომ ჩვენს მოსახლეობას დამშვიდების საფუძველი არ აქვს. ხუთსულიანმა ოჯახმა როგორ უნდა იმყოფინოს თვეში 361 ლარი?

- სინამდვილეში, მხოლოდ ერთ ადამიანს სჭირდება 275 ლარი ფიზიოლოგიური ნორმის გათვალისწინებით და რეალური ფასებით, რათა უბრალოდ იარსებოს. რატომღაც ჩვენში ციფრებს იოლად ასახელებენ და ავიწყდებათ, რომ მინიმალური სასურსათო კალათა სულაც არ ნიშნავს, არასწორად შეეხონ ადამიანების ფიზიოლოგიურ ნორმას, ამის უფლება არავის აქვს. ფიზიოლოგიური ნორმა იმის გარანტიას იძლევა, რომ, თუ ადამიანი შესაბამისი რაოდენობით მიიღებს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ის ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. ხოლო, თუ საარსებო მინიმუმი იმის მიხედვით „გამოუყვანე“ ადამიანებს, რომ 200 გრამი ხორცის ნაცვლად დაკმაყოფილდნენ 80 გრამი ხორცით, ხოლო ნორმირებული 960 გრამის ნაცვლად რძის პროდუქტების ნორმა შეუმცირე, ეს უკვე საქართველოს მიერ შეთანხმებულ საერთაშორისო ნორმებთანაც მოდის წინააღმდეგობაში. ამ მონაცემებით თუ იანგარიშებ საარსებო მინიმუმს, რა თქმა უნდა, გაცილებით იაფი დაჯდება ცალკეული პროდუქციის შესყიდვა და სასურსათო კალათაც ნაკლები გამოვა, მაგრამ ეს ციფრი ხომ არარეალურია. ამით რომ იარსებოს ადამიანმა, ხომ დაიღუპება?!

ასეთი საარსებო მინიმუმის გამოყვანა იმისთვის ხომ არ ხდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს მოსახლეობა საარსებო მინიმუმით დაკმაყოფილებულია?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ზუსტად ასე მოხდა 2003 წელსაც და ამის შემდეგ დარჩა ეს არასწორი ტენდენცია. მე ამას დავარქვი „კასტრირებული საარსებო მინიმუმი“. სასურსათო კალათაში, ალბათ, მხოლოდ კვება არ იგულისხმება და აქ იგულისხმება არასასურსათო ხარჯებიც - გადასახადი, გაზი, ტრანსპორტი, ჩაცმა-დახურვა, მედიკამენტები. მაშინ საინტერესოა, კვებისთვის რაღა გამოდის? საქსტატის მიერ დასახელებული თანხების ნახევარი?

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი შესაცვლელია. როგორ უნდა შეიცვალოს ეს მეთოდოლოგია, რომ ფაქტებს შელამაზებულად არ წარმოაჩენდეს და არ გვარწმუნებდეს, თითქოს ხუთსულიან ოჯახს 361 ლარი ყოფნის?

- უახლოეს დღეებში ეროვნულ აკადემიაში მექნება მოხსენება სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. იქ სრულფასოვანი და არასრულფასოვანი კვების საკითხებს განვიხილავ და საარსებო მინიმუმსაც შევეხები. საარსებო მინიმუმი ყველა ნორმალურ ქვეყანაში 30/70-ზეა, რაც ნიშნავს, რომ სასურსათო კალათის 30% უნდა ეყოს საკვებს, ხოლო 70% ( ანუ ორჯერ და კიდევ მეტი) უნდა ეყოს არასასურსათო ხარჯებს. ჩვენთან კი საარსებო მინიმუმი პირიქითაა - 70/30-ზეა, რაც არც ერთ ქვეყანაში არაა, ეს უღარიბესი, უღატაკესი ქვეყნის ვარიანტია და ამასაც ვერ ვაკმაყოფილებთ სრულად, რადგან ზოგიერთის ხელფასი 200 ლარია და ეს 200 ლარი მარტო კვებასაც არ ჰყოფნის.

ბოლო დღეებში მსახიობ დავით დარჩიას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც არ დამალა, რომ 1000-ლარიანი ხელფასი მის ოჯახს არ ჰყოფნის და ერთი სული აქვს, ბინის გაყიდვის შემდეგ საქართველოდან წავიდეს. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ადამიანია. ამ ფონზე დღემდე გაუთავებლად დავობენ, რამდენი უნდა იყოს საშუალო ხელფასი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უღარიბესი ქვეყნების სიაში ვართ და მეექვსე ჯგუფს მივეკუთვნებით, რომელიც ღარიბი ქვეყნების ბოლო ჯგუფია, შედარებით უკეთესი იქნებოდა საარსებო მინიმუმი 50/50 იყოს. მაგალითად, 30/70-ის ვარიანტი განვიხილოთ, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაშია. ამ 30%-ში მარტო კვებისთვის დასახარჯ საარსებო კალათად 275 ლარი რომ ვიანგარიშოთ, მაშინ 70% გამოვა არასასურსათო ხარჯები. ეს ნორმალური ვარიანტია, ანუ საუბარია 916 ლარზე, მაგრამ ასეთი შეფარდება ჩვენთან ფანტაზიაა, ამის საშუალება არ არის. ამიტომ უმჯობესია 50/50-იანი შეფარდება, ანუ 50%-ად ჩავთვალოთ კვებისთვის საჭირო 275 ლარი, პლუს კიდევ 275 ლარი არასასურსათო ხარჯებზე დაიხარჯოს. ეს გამოდის 550 ლარი. ამას მაინც რომ მივაღწიოთ, უკეთესი შედეგი იქნება და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა ერთ თვეში 550 ლარი უნდა იმყოფინოს.

საქართველოში პურეულით კვება პრიორიტეტულია, რადგან ხალხს სხვა საჭმელი ნაკლებად აქვს. ამ დროს ყველა ნორმალურ ქვეყანაში პურის რაციონი 15%-ია. მით უმეტეს, საქართველოში შემოტანილი საეჭვო საფუარით გამომცხვარი პური უამრავ დაავადებას იწვევს.

- ეს კიდევ მეორე საკითხია. საერთოდ, პური 2-ჯერ უფრო მეტ ენერგიას იძლევა, ვიდრე ხორცი. 100 გრამი პური იძლევა 220 კილოკალორიას, მჭლე ხორცი კი იძლევა 100 კილოკალორიას, ე.ი. ორჯერ უფრო კალორიულია პური და თანაც ათჯერ უფრო იაფი. ამიტომ რაკი პური შიმშილის გრძნობას აკმაყოფილებს და უფრო იაფია, ყველა ეტანება პურს. სინამდვილეში, ასეთ დროს ორგანიზმს აწუხებს ფარული შიმშილი, მას აკლია ცილები, ცხიმები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და ეს ყველაფერი ათასნაირ ავადმყოფობას იწვევს. სამწუხაროდ, 60-65% პურია ჩვენს რაციონში. რაც შეეხება ახალ საარსებო მინიმუმს, ეს იმისთვის გამოიგონეს, რომ ვიზუალური სურათი გაეუმჯობესებინათ, რათა თვალშისაცემი არ ყოფილიყო, რომ ხალხი არასრულფასოვნად იკვებებოდა. იცით, ეს რას მოჰყვა? 1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მე ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი ნატოში, ყოველწლიური მოხსენებებით გამოვდიოდი, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი მოსახლეობა არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვების გამო. 2003 წელს გამოვედი მოხსენებით იმის შესახებ, რომ მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში და 200 გრამის ნაცვლად 80 გრამ ხორცს იღებდა ჩვენი მოსახლეობა, 960 გრამი რძისა და რძის პროდუქტების ნაცვლად მის ნახევარს მოიხმარდა, თევზს საერთოდ ვერ მიირთმევდა, ასევე, განახევრებულად ვიღებდით ხილს, ბოსტნეულს. ჩემი მოხსენების შემდეგ ეს მონაცემები ნატომ საგანგაშოდ ჩათვალა. ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ჩართეს სხვადასხვა ქვეყნები, რათა საქართველოში სასურსათო დახმარებები გამოეგზავნათ. ჩვენს მთავრობას წერილი მოსწერეს, სასწრაფო ზომები მიიღეთო. 2003 წლის ბოლოს ჩვენმა ხელისუფლებამ სიტუაცია იმით „გამოასწორა“, რომ ფიზიოლოგიური ნორმები შეამცირა. ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, რომ რა პროდუქციასაც იღებდა ჩვენი მოსახლეობა, თურმე საკმარისი ყოფილა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგალითად, საერთაშორისო ნორმით ხორცის ნორმა 200 გრამია, ხელისუფლებამ კი ის 80 გრამი ჩათვალა ნორმად, რასაც ჩვენი ხალხი გაჭირვებული მდგომარეობის გამო მოიხმარდა. ასევე, 960-გრამიანი ნორმის ნაცვლად რძის პროდუქტებზე 215 გრამი დაადგინეს. სინამდვილეში, ეს არასრულფასოვან კვებას ნიშნავდა, რაც მხოლოდ რამდენიმე დღითაა დასაშვები და ისიც მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში.

 

Maverick თუ 361და 20 ლარი 4 სულიან ოჯახს ყოფნის მთავრობა, პარლამენტი, საჯარო თუ უჯარო სამსახურების ხელმძღვანელები, სამმართველო აპარატის უფროს-მოადგილეები და დანსაკუთრებით ვინც ამტკიცებს, ჯერავს, რომ ეს თანხა საკმარისია ოჯახის სარჩენად, დასვით მაგ ხელფასზე, ხოლო ვისაც არ ჯერა მათ მიეცით იმის ხელფასები, ვინც ამტკიცებს ამ აბსურდს!
5 წლის უკან