უკვე კვირაზე მეტია ბირჟებზე ნავთობის ფასი იმატებს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი, საშუალოდ, 3 დოლარით გაიზარდა. საწვავის გაძვირების რეალურია საფრთხეა საქათველოშიც. არაბრენდირებულ სადგურებზე უკვე დაიწყო კიდეც ფასის მატება. ანალიტიკოსები მანიპულაციებზე მიუთითებენ.
ბირჟებზე ნავთობის გაძვირება ორ მთავარ ფაქტორს უკავშირდება: ჩინეთ-ამერიკის მოსალოდნელი სავაჭრო ომი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე და „ოპეკი პლუსის“ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ტოტალური კლების შემდეგ, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ იზრდება. 54 დოლარამდე ჩამოსული „შავი ოქრო“ ახლა უკვე 71 დოლარზე მეტი ღირს. ტენდენცია ნამდვილად არასახარბიელოა, მით უფრო, რომ საქართველოში უკვე დაიწყეს საუბარი საწვავის გაძვირებაზე და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 5-10 თეთრით კიდეც გაძვირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასის პროგნოზირება ახლა საკმაოდ რთული საქმეა.
„ცხადია, ნედლი ნავთობის გაძვირება ზრდის ფასს საქართველოში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზეც. მატების ტენდენციაა „პლატცზეც“, რომლის ნიხრითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ადგილობრივ საბითუმო ბაზარზეც შეინიშნება გაძვირება, თუმცა მცირედით. სამომავლო პროგნოზები თითქმის შეუძლებელია. იანვრის შემდეგ ფასის დინამიკა მზარდია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ საბითუმო ქსელზე აისახა საქართველოში.
ბოლო პერიოდშიც გაძვირების ძირითადი ფაქტორი ორი დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის - ვენესუელისა და ირანის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებია. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური კრიზისი. ამერიკამ ყველანაირი გადარიცხვა აკრძალა, მათ შორის - გაზისა და ნავთობის სფეროში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოპეკ-ისა და „ოპეკი პლუსის“ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბოლო კვარტალური ანგარიშით, კიდევ შემცირდა ნავთობის მოპოვება. ძირითადად ამ ფაქტორების გავლენითაა ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მაქსიმუმზე“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი.
ნავთობიმპორტიორების მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი. მისი აზრით, კომპანიები მუდმივად მანიპულირებენ.
„როდესაც ჩვენს ბაზარზე უკანასკნელად დაკორექტირდა საწვავის ფასები შემცირების მიმართულებით, მაშინ იმავე ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 58 დოლარს შეადგენდა, ანუ ფასი ნავთობზე დაეცა 20.5%-ით, ხოლო ჩვენთან ამავე პერიოდში ფასები შემცირდა მხოლოდ 5%-ით. დაკვირვებული თვალი აქვე შენიშნავს, რომ ეს ნედლი ნავთობის შედარებაა უკვე მზა საწვავთან და ასეთ შემთხვევაში, მცირედი განსხვავება დასაშვებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ გარემოებას, რომ 20%-ანი სხვაობა მცირედი არ არის?
სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუ გასული წლის ნოემბრის გაცვლით კურსს ვნახავთ, ანუ იმ პერიოდის რომელზეც ზემოთ ვისაუბრებთ დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტა საკმაო არასტაბილურობით გამოირჩეოდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.75 ლარსაც კი გადასცდა. რასაც ვერ ვიტყვით ბოლო თვეების მონაცემებზე, ბოლო რამდენიმე თვეა ეროვნული ვალუტა გამორჩეულად სტაბილურია. სწორედ ამას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ კომპანიებს აქვთ იმის რესურსი, რათა ფასები არ გაზარდონ საცალო ქსელში.
ზემოთ ხსენებულ გათვლებს ძალიან კარგად ასახავს კომპანიების საფასო პოლიტიკა სახელმწიფო ტენდერებში. მაგალითად, მარტის მონაცემებით, თუ კომპანია „რომპეტროლში“ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, „პრემიუმის“ ტიპის საწვავს, 2.42 ლარად ვყიდულობთ, იმავე ტიპის საწვავში სახელმწიფო მხოლოდ 1.93 ლარს იხდის, ანუ 49 თეთრით უფრო ნაკლებს, ვიდრე ხალხი. სკეპტიკოსები აქ აუცილებლად მოიშველიებენ იმ „რკინის“ არგუმენტს, რომ საბითუმო შესყიდვებისას კომპანიას შეუძლია უფრო დაბალი ფასი შესთავაზოს კლიენტს პროდუქტი, მაგრამ კომპანია წაგებაზე საწვავს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაყიდის. ესე იგი რა გამოდის? კომპანიები ერთი ლიტრი საწვავიდან საშუალოდ 50 თეთრს იგებენ“, - აღნიშნავს „კომერსანტთან“ ბაირახტარი.