მარჯვენასაჭიანი ტაქსების ეპოქა წელიწადნახევარში დასრულდება

მარჯვენასაჭიანი ტაქსების ეპოქა წელიწადნახევარში დასრულდება

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება. ეს ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაადასტურა. რაც შეეხება რეფორმის გადავადებას, იქ ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. მერია თითქოს უკან არ იხევს, მაგრამ აშკარაა, რომ მძღოლებთან გარკვეულ დათმობებზე მაინც უწევს წასვლა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მეორე თხოვნა მათი მხრიდან ეხებოდა მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება „ბ“ კატეგორიაში.

მათ აქვს წელიწადნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღეა თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლის ორგანიზატორი თავდაპირველად იყო „ლეიბორისტული პარტია“. მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა მძღოლმა, რომლებმაც რეგულაციების ორი წლით გადავადება მოითხოვეს. მათ სურთ მომსახურების ნებისმიერი ფერის, მათ შორის მარჯვენასაჭიანი მანქანებით, ასევე მოითხოვენ ტრაფარეტის დადგმის ნებართვას, რათა მგზავრის ქუჩიდან აყვანა შეძლონ.

„საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ... დესტაბილიზაცია და არეულობა არავის სჭირდება“, - განაცახდა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა.

ჯგუფის ინიცატივაა, რომ მერიამ მათთვის დროებით, გარკვეული შეღავათები დააწესოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოსაზრებები გავითვალისწინეთ. რასაკვირველია, ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მის გადავადებას არ განვიხილავთ. რეფორმის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ვადა - პირველი ოქტომბერი, ვიზუალური მხარე – თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა, ინტერიერის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რასაც საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფირის გადაკვრის ვაუჩერები დაემატა, თითოეული ეს დეტალი ძალაში რჩება. მძღოლებს ექნებათ ალტერნატივადა უნდათ გადაღებვის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - ფირის. აქვე მინდა მოვუწოდო ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც უკვე აიღო ვაუჩერი, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერის თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში აპირებს კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას.

„ეს რეფორმა არ მთავრდება დღეს. ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად კიდევ სიახლეები შევთავაზოთ საზოგადოებას, ტაქსის მძღოლებს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მათთან კომუნიკაციის შედეგად. არც ერთ მთავრობას ეს ნაბიჯი არ ან ვერ გადაუდგამს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულებით. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მთლიანად მარშრუტების გადალაგება ხდება და ამაზე მოგვიწევს ძალიან სერიოზული კამპანიის ჩატარება, რომ მოსახლეობას, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება მაგალითად მიკროავტობუსების დაკავშირება მეტროსთან, როგორ მოხდება ავტობუსების და მეტროს დაკავშირება ან პირიქით. მოგვიწევს ამ საკითხებზე ძალიან დიდი კამპანიის ჩატარება, როდესაც ჩვენ უკვე მზად ვიქნებით“, - განაცხადა კალაძემ.

ლაზი ამ პორტალზე კომენტარს აზრი არც აქვს, მაგრამ ამ უკუღმა დაბადებული მანქანების შესახებ მაინც უნდა ვთქვა - ასაკრძალია ამათი დაშვება გზებზე მოძრაობაში.
რომელ ინტენსიური მოძრაობის ქვეყანაშია ისინი ნებადართული? არსად.
აქვე: საჭის გადატანა აკრძალული კი არა სავალდებულო უნდა იყოს. ხომ არსებობს ტექინსპექტირება, ჰოდა იქ დაადგენენ სანდოობის სტანდარტთან შესაბამისობას. მანქანებს შლიან და თავიდან აწყობენ და საჭის გადატანა რა ტექნიკური პრობლემაა!!! მით უმეტეს მარჯვენა საჭიანების უმრავლესობას საჭის გადატანის შესაძლებლობა თავიდანვე აქვს გათვალისწინწბული.
უნდა დაფიქრდეს ამაზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და კი არ უნდა გაჯინიანდეს, არამედ არგუმენტები უნდა აწონ-დაწონოს, მაგრამ ახალი მინისტრიც თუ ასეთი "რაციონალური" იქნება??????????????????????????????
4 წლის უკან