მსოფლიოში ხორბლის მოსავალთან დაკავშირებული და საქართველოში მარცვლეულის მარაგთან არსებული პრობლემები, პურპროდუქტების ფასს კარგს არაფერს უქადის. ბიზნესმენების ერთი ნაწილი ამბობს, რომ წლის ბოლო ვითარება ისეთივე რთული იქნება, როგორც შარშან დეკემბერში. მთავრობა კი, პირიქით, ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„კროსლაინ ლოჯისტიკის“ დირექტორის ლაშა ფარულავას ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგი არ არსებობს, ხორბლის დეფიციტი იქმნება. ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით კი, პურის ფასი იზრდება, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება.
„წელს მსოფლიოში ხორბლის იმ რაოდენობას, რაც შარშან იყო, ვერ მოიწევენ. შესაბამისად, ფასი მოიმატებს. რეალურად სტაბილურ ფასს ქმნიან მსხვილი ტრეიდერები. „ფაოს“ რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხორბლის მოხმარების 3 თვის მარაგი.
რატომ გაგვიძვირდა პურპროდუქტები დეკემბერში? იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ არის მარაგი. ტრეიდერები, რომლებიც ხორბლის იმპორტს საზღვაო და სარკინიგზო არხებით ახორციელებდნენ, შეეშვნენ ამ საქმეს ან გადავიდნენ მარტივ გზაზე. ერთ მანქანას გადააქვს 23 ტონა ხორბალი და კოლონებად მოდის ვიწრო გზაზე, რომელიც არის სამხედრო დანიშნულების და არა სატვირთო გაადაზიდვებისთვის გამტარი. ფაქტობრივად, ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება ამ გზაზე გახდა დამოკიდებლი. ეს არის მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ძალიან სახფათო თემა და ზამთარში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ პურპროდუქტების გაორმაგებული ფასი.
თუ დღეს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, არ მოგვისმინა, არ გაიაზრა იგივე რუსული საფრთხე, ასევე ბაზრის სპეციფიკა, ხორბლის ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ჩვენ მივიღებთ ამ კატასტროფას და დავბუნდებით 90-იან წლებში“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ფარულავამ.
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აგრომიმოხილვაც ადასტურებს, რომ მოსალოდნელია რუსეთიდან იმპორტის კლება, რაც პურის ფასზეც აისახება. 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არცთუ დამაიმედებელია.
სავარაუდოა, რომ რუსეთში ხორბლის წარმოება 16%-ით შემცირდება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი, შესაბამისად, 11%-ით დაიკლებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
პურის ფასის საკითხს უკვე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. მისი აზრით, საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მწარმოებლებს, პირიქით, ფასის კლების შესაძლებლობაც ექნებათ. მაგალითად მან კომპანიებისთვის გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების უკეთესი პირობების შეთავაზება დაასახელა.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური მიმართულება, რომელიც, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა გაჩნდა, მზად ვართ მეწარმეებთან საკონსულტაციოდ.
გარდა ამისა, ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემს მწარმოებლებს საშუალებას, რომ შეამცირონ დანახარჯი და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასი“, - განაცხადა თურნავამ.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დეკემბრის შემდეგ გაძვირების რისკი ჯერჯერობით საქართველოში არ დამდგარა. მართალია, ქვეყანში მარაგის პრობლემა არსებობს, რამაც სამომავლოდ, შესაძლოა, ფქვილის ღირებულების ცვლილება გამოიწვიოს, მაგრამ ეს პურის ფასზე გავლენას ვერ იქონიებს.
„დეკემბერში გაძვირდა ფქვილი და ამან პურის ფასზეც მოახდინა გავლენა. დღეს ფქვილის გაძვირების ალბათობასაც ვერ დავუშვებთ, მაქსიმუმ, 2 ლარით შეიძლება გაძვირდეს 1 ტომარა, რაც ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. თავის დროზე ფქვილის გაძვირება, ძირითადად, მარაგის კლებით იყო გამოწვეული, 1 თვეში 11 ლარით გაძვირდა, რაც ბაზარმა ვერ გადაიტანა“, - განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ მარაგთან დაკავშირებული საკითხია მოსაგვარებელი, რაც პურის ფასის საკითხსაც საბოლოოდ დააბალანსებს.