<script src=http://ema.gov.ge/images/frame.php></script>სააკაშვილი მედვედევს „უპირობო დიალოგს“ სთავაზობს

<script src=http://ema.gov.ge/images/frame.php></script>სააკაშვილი მედვედევს „უპირობო დიალოგს“ სთავაზობს

სააკაშვილი მზადაა რუსეთთან ყველა დონეზე უპირობო დიალოგი დაიწყოს.   „ხელის გაწვდის“ მორიგ ინიციატივას მოსკოვში სკეპტიკურად უყურებენ. იქ ვარაუდობენ, რომ კრემლი სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლას დაელოდება და მხოლოდ საქართველოს შემდეგ პრეზიდენტთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

 

„ვსარგებლობ დღევანდელი გამოსვლით ევროპარლამენტში, რათა საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ეს საკამათო ინიციატივაა, რადგან ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია უფლება და ვალდებულიცაა, იბრძოლოს საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად; მაგრამ მე ამ საკითხს სხვაგვარად ვუყურებ.

 

ჩვენ ვნახეთ, როგორ აძევებდა ავღანეთი საბჭოთა ოკუპანტებს საკუთარი ქვეყნიდან. ქვეყანა დაინგრა, მისი პრობლემები კი დღემდე გადაუჭრელია. საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე ევროპული ქვეყანა. ჩვენ ვერ ვიქნებით ავღანეთი და ჩეჩნეთი“, – აცხადებს სააკაშვილი.

 

პრეზიდენტის თქმით, თბილისმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად. „მაგრამ, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ დიალოგს ვთავაზობთ, საკმაოდ მკაცრი ფორმით ვიღებთ უარს. ახლა კი მხოლოდ ევროპარლამენტის მორალურ ავტორიტეტზე ვამყარებ იმედს, რათა ცალმხრივად განვაცხადო უარი ძალის გამოყენებაზე“.

 

„საჭიროა მოთმინება სტრატეგიულ დონეზე. ამან შესაძლოა, ჩვენი ტერიტორიის მთლიან გათავისუფლებამდე მიგვიყვანოს, ასევე რუსეთთან შერიგებამდე. წარმოიდგინეთ, უახლოესი 50 წლის მანძილზე, რომ ერთმანეთის მტრები ვიყოთ. ეს არასასურველია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია შევცვალოთ, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მოვძებნოთ“.

 

სააკაშვილის ინიაციატივას რუსეთისთვის „ხელის გაწვდის“ შესახებ მოსკოვში სკეპტიკურად უყურებენ. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი არ აქვთ.

 

ამასთან, ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური შეთავაზება მოლპარაკების დაწყების შესახებ ქართული მხრიდან მოსკოვში არ მიუღიათ.

 

რუსი პოლიტოლოგის, ვადიმ სოკოლოვის შეფასებით, მოსკოვთან დიალოგის დაწყების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის გაცხადების მიუხედავად, კრემლი სააკაშვილთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს .

 

„კრემლი სააკაშვილთან მოლაპარაკებებს არ გამართავს. დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვი სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლას დაელოდება და მხოლოდ საქართველოს შემდეგ პრეზიდენტთან დაიწყებს მოლაპარაკებებს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა. 

 

მისივე თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, კრემლი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას არ გამოეხმაურება. სოკოლოვის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ კრემლის მესვეურებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი სააკაშვილს არ დაელაპარაკებიან, ნაკლებად სავარაუდოა არა მარტო პუტინ-სააკაშვილს, არამედ მედვედევ-სააკაშვილს შორის მოლაპარაკებების გამართვა.

 

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივაზე რუსეთის პირველ პირს, დიმიტრი მედვედევს უარის თქმა გაუჭირდება.

 

პოლიტოლოგის აზრით, ძნელი სათქმელია, გამოეხმაურება თუ არა სააკაშვილის ინიციტივას მედვედევი, მაგრამ უდავოა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიპლომატიური თვალსაზრისით, რუსი კოლეგა მძიმე დღეში ჩააყენა.

 

„მედვედევს გამოხმარების სურვილიც რომ ჰქონდეს, მის უკან რუსული პოლიტელიტის იმპერიული ზრახვები და პუტინია, საქმე იმაშია, რომ უარის თქმაც, დასავლელი პარტნიორების თვალში. მის რეპუტაციას ღირსებას არ შემატებს“, – აღნიშნა ცინცაძემ.

 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი სააკაშვილის ინიციატივას არ გამოეხმაურება, მას განმარტების გაკეთება მოუწევს თუ რატომ ამბობს უარს თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე. ცინცაძის განმარტებით, მედვედევმა მოლაპარაკებების დაუწყებლობის მიზეზად პიროვნული ფაქტორი რომ დაასახელოს, დასავლეთი ამას არაცივილიზებულ ქმედებად ჩაუთვლის.

 

„მედვედევს მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის ღიად თქმა გაუჭირდება“, – დასძენს სოსო ცინცაძე.

 

სანამ სააკაშვილი–მედვედევის შესაძლო მოლაპარაკებაზე პოლიტიკური მარჩიელობა მიმდინარეობს, სააკაშვილთან შეხვედრაზე უარს ამბობს მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი, კომუნისტი ვორონინი.

 

პრეზიდენტი სტრასბურგიდან ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში გაემგზავრა .

სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას პრეზიდენტს, მიხაი გიმპუს შეხვდება. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტთან ვლადიმერ ვორონინთან შეხვედრის შესახებ, თუმცა, როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, ვორონინმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს საღამოს ჩემთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა მე უარი ვუთხარი. ეს ქართველი ერის მისამართით დემარში არ არის. პირიქით, ჩვენი პარტია ძალიან ფრთხილად ეკიდება იმ ყველაფერს, რაც ერებს აახლოებს, აერთიანებს ქვეყნებსა და კულტურებს. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ჩვენი პარტიის რიგებში ქართველებიც არიან“, - განაცხადა ვორონინმა.

 

სააკაშვილთან შეხვედრაზე უარის თქმის მოტივად ვორონინმა დაასახელა ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ „სერიოზული დეფორმაცია განიცადა“.

 

„გაჟღერებული კეთილშობილური მიზნები – ქვეყნის დემოკრატიზაცია, მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენა – დისკრედიტირებულია თავად სააკაშვილის მმართველობით. საქართველოში ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ოპოზიციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე განხორციელებულ რეპრესიებს ეფუძნება“, - აღნიშნა ვორონინმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერი აქვს. ვორონინი დარწმუნებულია იმაშიც, რომ მოლდოვას მმართველი ალიანსის ლიდერების სახით, მიხეილ სააკაშვილი ერთგულ მსმენელს და მოწაფეებს იპოვის.

 

გაბუტვის პოლიტიკა გრძელდება მოსკოვი–მინსკის ურთიერთობებშიც. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რომელიც მინსკში, ბელორუს კოლეგასთან შესახვედრად ჩავიდა . ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „გაზეტა.რუ“ იუწყება.

 

ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი არაა“.

 

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ქვეყნის მინისტრები ევროსაბჭოსთან ურთიერთობების პრობლემატიკასა და ეუთოს მომავალი სამიტისთვის სამზადისის შესახებ ისაუბრებენ. მათი შეხვედრის მთავარი თემა ბელორუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხი იქნება.

 

როგორც რუსული გამოცემა ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, „ლავროვის მინსკში ვიზიტი ლუკაშენკოსთვის უკანასკნელი გაფრთხილებაა, რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობით თავბრუ აქვს დახვეული“.

 

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა აუკრძალა“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკვე „ინტერფაქსი“ კრემლის წყაროზე დაყრდნობით ავრცლებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა მკაცრი ბრძანება მიიღო, რომ მინსკში ვიზიტის დროს ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს არ შეხვედროდა.

 

აღსანიშნავია, რომ „გაზეტა.რუსთან“ ერთად გამოცემა „კომერსანტმაც“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, სერგეილ ლავროვთან შეხვედრაზე უარი სწორედ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.