თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი კიდევ 3 წელი ვერ დასრულდება

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი კიდევ 3 წელი ვერ დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდება. ახალი გზის გაყვანა კარგა ხანია დაიწყო, მაგრამ დასრულებას კიდევ მეტი დააგვიანდება, ვიდრე აქამდე ჩანდა. სამშენებლო პროცესს თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც მთავრობას მოთხოვნებს უყენებენ.

„რუსთავი-თბილისის ავტობანის ერთი მონაკვეთი არის თბილისიდან წითელ ხიდამდე და მეორე მონაკვეთი კი, ალგეთამდე. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ცალკეულ მონაკვეთებზე თანხების გამოყოფის თაობაზე დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა შეთანხმება. სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ეს მონაკვეთი ეტაპობრივად 2023 წლამდე დასრულდება. პროექტს კონკრეტულად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, ხოლო ცალკეულ მონაკვეთს მუნიციპალური განვითარების ფონდი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ადრე ცნობილი იყო, რომ ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი უმნიშნვნელოვანესი მაგისტრალი 2021 წლისთვის მთლიანად უნდა დასრულებულიყო. ახლა კი ვადამ კიდევ გადაიწია. ამის მიზეზი მასშტაბურ სამუშაოებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიცაა. ავტობანთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლების მფლობელები კომპენსაციას ან შესაფერის ალტერნატივას ითხოვენ.

კარგა ხანია ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს აღმშენებლობით პროცესს, მაგრამ ამბობენ, რომ სახელმწიფომ არ უნდა შებღალოს მათი უფლებები. ისინი აცხადებენ, რომ არსებულ სახლებში ცხოვრება მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 310 ოჯახი საკუთარი სახლებიდან გასახლებას, მათი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას ითხოვს.

მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის პროტესტს აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ადასტურებს. იგი ამბობს, რომ მათ თბილისი-რუსთავის გზის ერთ მონაკვეთთან აქვთ პრობლემები.

„მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ოჯახი, რომელიც გზის მშენებლობას აპროტესტებს, ახლა უფრო ახლოს ცხოვრობს არსებულ გზასთან, ვიდრე იქნებიან ახალ გზასთან. მიუხედავად ამისა, მაინც აპროტესტებენ.

ჩვენ ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა მოსახლეობასთან, ვცდილობთ, განვუმარტოთ დეტალები, რომელიც მათ უნდა იცოდნენ. განსახლების პროცესს არ ექვემდებარება ეს გზა, ამიტომ აქაც მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის პროცესში ვეცდებით, რომ პრობლემა გადავწყვიტოთ. თბილისი-რუსთავის გზა მთლიანად არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს მის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არა მხოლოდ ერთ მონაკვეთს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებენ. ავტობანის სიგრძე 17.4 კილომეტრია და სამი მონაკვეთისგან შედგება.

ლაზი ამ პორტალის რეორგანიზაცია თუ რესტრუტუიზაცია სინამდვილეში ანტიკომენტარიზაცია გამოვიდა. ამათ თუ ვინმე კითხულობდა, სწორედ საინტერესო და ზოგჯერ სტატიაზე უფრო კომპეტენტური კომენტარერების გამო.
უკომენტაროდ მკვდარია ასეთი პორტალი.
5 წლის უკან
Serapina დიახ, ახალი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს!
არ მინდა დავიჯერო, რომ გამიზნულად გააკეთეს ასე.
5 წლის უკან