ვარდიკო ნადიბაიძე - საბჭოთა პრაპორშჩიკის უკვდავი სული

ვარდიკო ნადიბაიძე - საბჭოთა პრაპორშჩიკის უკვდავი სული

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვარდიკო ნადიბაიძემ საკმაოდ მრისხანე ტონით განაცხადა, რომ ქართულ არმიაში ძარცვა-გლეჯის პროცესი გრძელდება.

ქურდბაცაცები იპარავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც შეუძლიათ, ანუ „იტაცებენ სახელმწიფო ქონებას“. უკანასკნელი მონაცემებით, დანაკლისი 486 ათასი ლარია. კომისარიატებსა და სხვა სამხედრო უწყებებში გამეფებულ კორუფციაზე ნადიბაიძემ კომენტარი ზედმეტადაც კი მიიჩნია.

ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ახლო წარსულში კავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის „მატერიალურ-ტექნიკურ ნაწილს“ კურირებდა, ანუ ფაქტობრივად „ზავხოზის“ (უფრო დაბალ სამხედრო დონეზე - პრაპორშჩიკის) ფუნქციას ასრულებდა.

საბჭოთა არმიაში პრაპორშჩიკი მუდმივი ანეკდოტების თემა იყო. მაგალითად, ძნელი სათქმელია, გაუგია თუ არა ვარდიკო ნადიბაიძეს ერთი ასეთი (კლასიკურად მიჩნეული) ანეკდოტი პრაპორშჩიკზე: სამხედრო ნაწილში პრაპორშჩიკი ურიკით რაღაცას მიაგორებს გასასვლელი ჭიშკრისაკენ. ოფიცერი გამოეკიდა, შეაჩერა, ეკითხება: „რა მოიპარე, ახლავე მაჩვენე ურიკაში რა გაქვსო“. „არაფერი ამხანაგო ოფიცერო - მხოლოდ ძველმანებია“. მაინც გაჩხრიკა, ყველაფერი ამოაყრევინა, დარწმუნდა, ფასეული არაფერი მიჰქონდა და თავი ანება. როცა პრაპორშჩიკი უკვე სამშვიდობოს (ანუ სამხედრო ნაწილის გარეთ) იყო, ჯარისკაცი დაეწია და ჰკითხა: ხომ ვიცი, რაღაცას მაინც მოიპარავდი, მითხარი რა გამოიტანეო. „რა მოვიპარე და ურიკა“, - პასუხობს პრაპორშჩიკი.

თუმცა, ეს, რასაკვირველია, ვარდიკო ნადიბაიძეს იოტისოდენადაც არ ეხება. ყოველივე მხოლოდ იმიტომ მოვყევი, საცნაური რომ გახდეს: ჯარში ქურდობა და მამაძაღლობა მყარი საბჭოთა ტრადიციაა, რომლის მოშლა ქართულ არმიაშიც არც თუ ისე ადვილი იქნება.

თუმცა, მეორეს მხრივ, ვარდიკო ნადიბაიძემ, ნაცვლად რიტორიკული განცხადებისა (Воруют... И Много воруют, товарищ судья) უმჯობესია, საკუთარ „მრევლს“ მოუწყოს დიდი წმენდა და რეალურად დაიწყოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში, ამჟამინდელი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 70 მილიონი ლარი საქართველოს შეიარაღებული ჯარების აღჭურვას, საკვებით დაკმაყოფილებას და სწავლებას ნამდვილად არ მოხმარდება. ნადიბაიძის ანტიკორუფციული აღმაფრენა კონკრეტულ საქმეებში უნდა გამოიხატოს, თორემ ჯერჯერობით ისე ჩანს, თითქოს მინისტრი საერთოდ არაფერ შუაშია და ჯოხი ისევ პრაპორშჩიკებზე უნდა გადატყდეს.

სამწუხაროდ, ქართულმა ჯარმა ამ თვალსაზრისით საბჭოთა არმიის ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი თვისებები გადაიღო (ბრძოლისუნარიანობა მაინც გადმოეღო?!) - კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასევე ჩვეულებრივი ამბავია ე.წ. „დედოვშჩინა“, ახალწვეულების დამცირება, ექსპლუატაცია და ა.შ.

ქართული ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ რეზონანსში კიდევ ერთი, საზარელი ნოტაც გაჩნდა: ათიდან - ცხრა დარწმუნებულია, რომ ჯარში არის მამათმავლობის შემთხვევები. ეს ტყუილიც რომ იყოს, თვით ასეთი ჭორი უკვე მეტყველებს შესაბამის ატმოსფეროზე.

ამასთან შედარებით, პრაპორშჩიკი და მისი „ურიკა“ მართლა ანეკდოტია. ამ თემაზე ჩვენი „პროვინციელი დემოკრატები“ ნაკლებს ფიქრობენ და უფრო ნადიბაიძის საგარეო ორიენტაციის გარკვევით არიან დაკავებულნი. თითქოს ამ ორიენტაციას, ჯარის მშენებლობის თვალსაზრისით, რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. არ იქნება ნადიბაიძე - იქნება სხვა (შეიძლება ვარდიკო არ ერქვას). რეალურად ბევრი არაფერი შეიცვლება, ვინაიდან ქართულ ჯარს ძველი პრინციპებით, ძველი საბჭოთა ოფიცრები და პრაპორშჩიკები აშენებენ.

ერთადერთი, რაც ამ საქმეს უშველიდა - სერიოზული დაფინანსებაა, მაგრამ ვერც ეს ხერხდება, ვინაიდან ქართველ პოლიტიკოსებს ერთდროულად სურთ ქვეყანაში ხელფასებიც იზრდებოდეს, მრეწველობაში ინვესტირებაც ხდებოდეს, განათლება და ჯანდაცვა უფასო იყოს და ამავე დროს, არმიაც შენდებოდეს - ასე არ გამოვა.