Eurohoops.net: ბითაძე კონტინენტის უმთავრესი ტალანტია

Eurohoops.net: ბითაძე კონტინენტის უმთავრესი ტალანტია

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurohoops.net ევროლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტთა სამეული დაასახელა და გასაკვირი არაა, რომ მასში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც მოხვდა.

ბითაძეს, რომელიც სეზონის შუაწელს მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტს” შეუერთდა, ახალგაზრდებს შორის საუკეთესო სტატისტიკა გააჩნია, მასთან ჭიდილის მცირე შანსი კი ბერძენ გეორგიოს პაპაიანისსა (“პანათინაიკოსი”) და ებრაელ იოველ ზოოსმანს (“მაკაბი”) გააჩნიათ.

აღნიშნულმა ვებგვერდმა ბითაძე ამგვარად დაახასიათა:

გოგა ბითაძე, “ბუდუჩნოსტი”, 20.07.1999

საშუალო სტატისტიკა: 11.8 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.1 პასი, 0.3 ჩაჭრა, 2.5 დაფარება, 1.3 დაკარგვა, 24:17 წუთი, 25.9 სარგებლიანობის კოეფიციენტი

შესაძლოა, რამდენიმე თვის წინ, აღნიშნული სახელი ბევრისთვის უცნობი იყო, ახლა კი, სხვაგვარი სიტუაცია გვაქვს. მიმდინარე სეზონში ბითაძე “ბუდუჩნოსტმა” გადაიბირა და ის დღემდე, ევროპული კალათბურთის ერთერთ უმთავრეს სიახლედ რჩება. იმ 12 მატჩში, რომელიც გოგამ ევროლიგაში ჩაატარა, გამოჩნდა, რომ ის კონტინენტის ტალანტთა სათავეშია.

საკმარისია, ქართველი კალათბურთელის სტატისტიკას თვალი გადაავლოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მას მოედანზე ფაქტობრივად ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოგა ჯერ 20 წლისაც არაა. ბითაძემ სეზონის საუკეთესო შეხვედრა იტალიურ “მილანთან” ჩაატარა, როდესაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

ცნობისთვის, Eurohoops.net სპეციალურ გამოკითხვასაც ატარებს, რომელმაც საუკეთესო ახალგაზრდის ვინაობა უნდა გამოავლინოს. ამ დროისთვის, თავისი აზრი 1 633-მა ადამიანმა დააფიქსირა, შედეგები კი ასე გამოიყურება: გოგა ბითაძე – 62%, გეორგიოს პაპაიანისი – 34%, იოველ ზოოსმანი – 4%.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში, საუკეთესო ახალგაზრდის ტიტულს სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი ისაკუთრებდა.